"დილა მშვიდობისა, საქართველო! 11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დავბრუნდი... უბრალოდ, "ჩავაბარგე" მთელი იტალია... " - კვირის პალიტრა

"დილა მშვიდობისა, საქართველო! 11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დავბრუნდი... უბრალოდ, "ჩავაბარგე" მთელი იტალია... "

"დილა მშვიდობისა, საქართველო! 11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დავბრუნდი... უბრალოდ, "ჩავაბარგე" მთელი იტალია... ყოველი გავლილი წელი, დღე, წამი... და სახლში დავბრუნდი... ვერ გეტყვით, რას ვგრძნობ... უბრალოდ, შინ ვარ, ჩემს შვილთან, ჩემს ქვეყანაში... მადლობა, იტალია, შენ მუდამ იქნები ჩემი სიყვარული. გამარჯობა, ჩემო თბილისქალაქო. ცოტა მივიხედ-მოვიხედავ და იმედია, ვიპოვი ჩემს ადგილს. მეგობრებო, ნებისმიერ საქმიან შემოთავაზებას განვიხილავ", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მარი (ნანა) მახარაძემ დაწერა.

18 წლის ნანა მახარაძე 1989 წელს მთელმა საქართველომ იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოთი გაიცნო - ცნობილი კადრია, ახალგაზრდა ქალი შავი დროშით - ფოტო, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. ეს სურათი ტრაგედიის მეორე დღეს ფოტოგრაფს ვაკის პარკთან გადაუღია. 9 აპრილიდან მოყოლებული ყველა ფიქრობდა, რომ ამ ფოტოზე გოგონას ხელში დროშა ეჭირა. სინამდვილეში კი ის ხის ტოტზე შემოხვეული შავი ნაჭერი იყო. 18 წლის გოგონა მაშინ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მას შემდეგ წლები გავიდა. ნანა მახარაძე როგორც უამრავი ქართველი, ემიგრაციაში, იტალიაში წავიდა და ახლა ამბობს, რომ საბოლოოდ დაუბრუნდა მონატრებულ სამშობლოს. ამჯერად იტალიელ მეუღლესთან ერთად. 2017 წელს მან იტალიაში იპოვა თავისი სიყვარული და ქართულ-იტალიური ოჯახი შექმნა. მარი (ნანა) მახარაძე და მარკო სბრაჯი იტალიის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქ არეცოში ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა საქართველოში დაბრუნდნენ.

- ნანა, 11 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდით, დიდხანს ფიქრობდით ამ გადაწყვეტილებაზე?

- ისევე როგორც ქვეყნიდან წასვლა არ არის იოლი, დაბრუნებასაც ახლავს სიძნელეები. წლები გადის, ეჩვევი ყოველდღიურ რუტინას და ცხოვრების სტილს. იძენ ახალ მეგობრებს, ათასი ფიქრი და გეგმა გაქვს, ბოლოს და ბოლოს, დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა თითოეული ადამიანის უფლებები დაცულია და მაინც გინდა დაბრუნდე. დღეს ჩვენი დაბრუნებით ძალიან ბედნიერია მთელი ჩემი ოჯახი, ახლობლები და მეგობრები. უპირველესად კი ჩემი ერთადერთი შვილი. ახლა მისი ჩახუტება და მოსმენა ერთ ბედნიერ სიცოცხლედ ღირს.

- ცოტა რამ თქვენს იტალიელ მეუღლეზეც გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლე პროგრამისტია, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და თბილი ადამიანია. ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ, მარკომ მაგრძნობინა, რამდენად მაგარი გოგოც უნდა ვიყო, აუცილებლად მჭირდება გვერდით ძლიერი მამაკაცი. მოახერხა და ამაში დამარწმუნა, ამიტომაც არის მარკო სბრაჯი ჩემ გვერდით. ძალიან უყვარს საქართველო. დაბრუნების გადაწყვეტილება მე და ჩემმა მეუღლემ ერთად მივიღეთ. იტალიაში დავტოვე ჩემი მეორე ოჯახი, მარკოს დედა, დედმამიშვილები, ორი საოცარი ქალიშვილი და ერთადერთი შვილიშვილი. მათაც უდიდესი სურვილი აქვთ მოინახულონ საქართველო.

- რას იტყვით ემიგრაციაში გატარებულ წლებზე. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად