"არის ალბათობა, რომ საქართველოში შემოსული პირები რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობდნენ, კადიროვის ბრძანებით" - კვირის პალიტრა

"არის ალბათობა, რომ საქართველოში შემოსული პირები რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობდნენ, კადიროვის ბრძანებით"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს საზღვარი მკაცრად კონტროლდება. ქვეყანაში ვერ შემოდიან ის პირები, რომლებმაც საქართველოს შეიძლება საფრთხე შეუქმნან. "ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ სტატისტიკას როგორც რუსეთის მოქალაქეების, ასევე, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის შესახებ. შინაგან საქმეთა­ სამინისტრომ არაერთგზის განაცხადა, რომ ჩვენ ყველა იმ სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ, რომელიც გვაქვს - საზღვარს ვაკონტროლებთ. კერძოდ, ვამოწმებთ შემომსვლელ პირებს, მათ დოკუმენტებს". მისი თქმით, მკაცრად კონტროლდებიან ის პირებიც, რომლებსაც "ოკუპაციის შესახებ" კანონი აქვთ დარღვეული. რა საფრთხეები არსებობს, ვინ შეიძლება შეუქმნას საფრთხე ჩვენს ქვეყანას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებიან ექსპერტები დავით კუხალაშვილი და მამუკა არეშიძე.

დავით კუხალაშვილი: - ეს პრაქტიკა მიღებულია ყველა სახელმწიფოში - სახელმწიფოები განმარტებას არ იძლევიან, თუ რა მიზეზით უთხრეს უარი პირს ქვეყანაში შემოშვებაზე. ჩვენთან შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს მიმართულება აუცილებლად უნდა მუშაობდეს ქვეყანაში. ეს არის ქვეყნის სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგი. სწორედ ამ მნიშვნელოვან უწყებებში იკრიბება ის მონაცემები, რომლებითაც განისაზღვრება, თუ ვის არა აქვს უფლება შემოვიდეს სახელმწიფოში. პირველ რიგში ესენი არიან ის პირები, პირთა ჯგუფები ან ორგანიზაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ოპერატიულ ვითარებას. გვაქვს ამის მაგალითიც, როდესაც ერთ-ერთი ორგანიზაცია შემოვიდა და საქართველოსთან მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ერთი პოლიტიკური მოღვაწე საქართველოს პარლამენტის მაღალ ტრიბუნაზე აღმოჩნდა. სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ მაქსიმალურად იმ პირთა გამოვლენაზე, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელებით ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქემ ქართველები უშვერად გალანძღა. ამ მეთოდოლოგიას ჯერ კიდევ საბჭოთა რუსეთი იყენებდა. ახლაც სჭირდებათ დესტრუქციის გამოსაწვევად.

- ასეთ პირებს არ შემოუშვებენ ქვეყანაში?

- ამის მოტივაცია შსს-ს და ქვეყნის სპეცსამსახურებს ნამდვილად აქვთ, რადგან ბოლო პერიოდში არაერთი საყურადღებო ფაქტი დაფიქსირდა. ეს მათ აძლევთ შესაძ­ლებლობას უფრო მეტად გაამკაცრონ­ კონტროლი. ესეც უნდა ვიცოდეთ - ემიგრაციას, რეპატრიაციას და ასე შემდეგ, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სპეცსამსახურები იყენებენ. სარგებლობენ ამ მომენტით და ამა თუ იმ სახელმწიფოში ჯაშუშებს გზავნიან. გარდა ამისა, შესაძლოა ქვეყანაში არ შემოუშვან ის პირები, რომლებიც არიან იმ პოლიტიკური გაერთიანების წევრები, რომელთა საქმიანობა პირდაპირ მიმართულია ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაციისა და დესტაბილიზაციისკენ. როდესაც ქვეყანას ოფიციალურად დეკლარირებული მტრულად განწყობილი სახელმწიფო გვყავს, მისგან მოსალოდნელია მადესტაბილიზებელი ქმედებები.

- არის იმის ალბათობა, თუნდაც "კადიროველები" შემოვიდნენ?

- არის ალბათობა, რომ შემოსული პირები რუსეთის სადაზვერვო ინტერესების სასარგებლოდ მუშაობდნენ მათი მმართველის, კადიროვის ბრძანებით. გააჩნია, რა მიზანი აქვთ. ეს შეიძლება იყოს საბოტაჟი, ხანძრები და უამრავი სხვა რამ. საფრთხის შემცველია დაზვერვის თანამშრომლები, ჯაშუშები, გადაბირებული პირები და სხვები, რომლებსაც აქვთ ოპერატიული საქმიანობის გამოცდილება, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციით.

- ვიცით, რომ მასობრივად შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. არის იმის ალბათობა, რომ ამ ნაკადებს საშიში პირებიც შემოჰყვნენ?

- დღევანდელი მდგომარეობის გასაანალიზებლად ჩვენს ისტორიაში ანალოგები უნდა ვეძებოთ. 1918-21 წლებში ჩვენ უამრავი დევნილი გვყავდა და უმრავლესობამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვაში. მჯერა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დღესაც არიან კონკრეტული მიზნებით შემოსული. ჩვენ უფრო მეტად მოგვიწევს კანონმდებლობის გამკაცრება, რათა შემოსულმა მოქალაქეებმა გამარტივებული წესით არ მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. ჩვეულებრივი აქსიომაა, არ არსებობენ მეგობარი სპეცსამსახურები. ძალიან ძნელია დღეს სტაბილური სტრატეგიული პარტნიორის პოვნა. არსებობს იშვიათი გამონაკლისი, მაგრამ მაინც იმართება ფარული მოლაპარაკებები, შეხვედრები, რათა თუკი საერთაშორისო ურთი­ერთობები შეიცვლება, არსებობდეს ჩამნაცვლებელი სტრატეგიული სახელმწიფო. საზოგადოებასაც დიდი დაკვირვება მართებს. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო მოქცეულია მაღალი სადაზვერვო ინტენსივობის რკალში. დეზინფორმაციული ნაკადები უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების შესაბამისად ვრცელდება ქართულ მასმედიაშიც. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ "პროგანწყობაზეც", რომელიც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესს. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაღალი ალბათობით და ანალიზით გვაძლევენ ასეთი­ დასკვნის საშუალებას, რომ ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო ინტერესებს. ეს პოლიტიკური ძალები დაინტერესებული არიან რაც შეიძლება მალე და მოკლე დროში შეიქმნას დესტაბილიზაცია სახელმწიფოში. გააგრძელე კითხვა