უკრაინელებმა მესამე რუსულ სამხედრო აეროდრომზეც მიიტანეს იერიში ანუ Ту-მ Ту როგორ ააფეთქა... - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა მესამე რუსულ სამხედრო აეროდრომზეც მიიტანეს იერიში ანუ Ту-მ Ту როგორ ააფეთქა...

6 დეკემბრის გამთენიისას რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ ხალინოზე, რომელიც ქალაქ კურსკის აეროპორტის ფუნქციასაც ასრულებს, განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად აფეთქდა და ცეცხლი წაეკიდა საწვავის რეზერვუარს, ცეცხლის ალი იმ სიძლიერის იყო, რომ კურსკის თითქმის ყველა მაცხოვრებლის სახლის ფანჯრები გაანათა...

ეს იყო ბოლო ორ დღეში რიგით მესამე თავდასხმა რუსეთის იმ სამხედრო აეროდრომებზე, საიდან აფრენილი მრავალფუნქციური გამანადგურებლები და სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიც ფრთოსან რაკეტებს უშვებენ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.

მანამდე, 5 დეკემბრის დილას, ორი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა რიაზანის ოლქის დიაგილევოსა და სარატოვის ოლქის „ენგელსი-2“-ის სამხედრო აეროდრომებზე, რის შესახებაც დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს გუშინდელ, 5 დეკემბრის ბლოგში „უკრაინელებმა რუსულ სტრატეგიულ ბირთვულ ბომბდამშენებს ორ აეროდრომზე დაარტყეს, რასაც ამერიკელებიც კი ვერ გაბედავდნენ...

ამ, ორივე სტრატეგიული მნიშვნელობის რუსულ სამხედრო აეროდრომზე საჰაერო თავდასხმის მეორე დღესვე ინტერნეტში გამოჩნდა ფოტომასალა (რაც რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სერიოზული მინუსია, რადგან აეროდრომზე მყოფ სამხედროებს ფოტოების გადაღებისა და მათი სოციალური ქსელებით გავრცელების საშუალება მისცა), რომელზეც კარგად მოჩანს რიაზანის ოლქის დიაგილევოს აეროდრომზე მდგომი დაზიანებული Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი (სწორედ ერთი ასეთი ჩამოვუგდეთ აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ქართულ ცაში) და სააეროდრომო მომსახურების „ზილი“.

რუსულ ბომბდამშენს აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დაუზიანეს ძრავის საქშენები და ფრთასხმულობა, რითაც ის მწყობრიდან გამოიყვანეს. ამ საბრძოლო თვითმფრინავის აღდგენა ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ ეტყობა ჩამოწერენ, რადგან მისი სათადარიგო ნაწილები დიდი ხანია, აღარ იწარმოება და სხვა ანალოგიური ტიპის თვითმფრინავიდან უნდა მოიხსნას.

სარატოვის ოლქში, „ენგელსი-2“-ის აეროდრომზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის ამსახველი ფოტოვიდეო მასალა ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინტერნეტით, მაგრამ თავად რუსმა სამხედროებმა უკვე აღიარეს, რომ „მცირე“ დაზიანებები მიიღო ორმა სტრატეგიულმა Ту-95МС, რომლებიდანაც სისტემატურად უშვებენ ფრთოსან რაკეტებს უკრაინისკენ.

original-1670312270.jpg
სარატოვის „ენგელსი-2“-ის აეროდრომზე განთავსებული რუსული Ту-95МС და Ту-160 სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენების თანამგზავრული ფოტო

5 დეკემბრის დილას უკრაინელების საჰაერო დარტყმები რუსეთის იმ ორ აეროდრომზე, საიდანაც სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენენი ფრინდებიან, ეტყობა, შემთხვევით არ მომხდარა, რადგან უკრაინის დაზვერვას ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ სწორედ ხუთ რიცხვში რუსეთის ავიაცია მორიგ მასობრივ საჰაერო დარტყმას განახორციელებდა უკრაინის წინააღმდეგ და ასეც მოხდა...

5 დეკემბრის საღამოს რუსეთმა 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა უკრაინისკენ, მათ შორის სწორედ „ენგელსი-2“-დან აფრენილმა რვა Ту-95МС-მ 38 ერთეული Х-101/Х-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტის სტარტი განახორციელა, ხოლო შავი ზღვის აკვატორიიდან რუსულმა სამხედრო ხომალდებმა 22 ერთეული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მათმა საჰაერო თავდაცვამ 60-ზე მეტი რუსული რაკეტის ჩამოგდება შეძლო.

უკრაინელების რუსულ სამხედრო აეროდრომებზე საჰაერო თავდასხმების სერიაში ყველაზე საინტერესოს წარმოადგენს ის, თუ ტექნიკურად როგორ შეძლეს ეს უკრაინელმა სამხედროებმა, თუკი დიაგილევოს აეროდრომი უკრაინის საზღვრიდან 460 კმ-ით, ხოლო „ენგელსი-2“-ი კი - 640 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის ფრონტის ხაზიდან.

2-str-1670310410.jpg
საბჭოთადროინდელი Ту-141 Стриж-ის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები უკრაინელმა „ხელმარჯვე ოსტატებმა“ თანამედროვე რეაქტიულ კამიკაძე-დრონებად გადააქციეს...

აეროდრომებზე აფეთებების ადგილას შეგროვებული საფრენი აპარატების ფრაგმენტების დათვალიერების შემდეგ რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ უკრაინელებმა შეტევები... Ту-141 Стриж-ის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებით განახორციელესო...

„სტრიჟები“ ამ ომის პირველ ეტაპზე მართლაც რამდენჯერმე გამოიყენეს უკრაინელმა სამხედროებმა, მაგრამ ნახევარსაუკუნოვანი ასაკის ეს საბჭოთა წარმოების რეაქტიული უპილოტო თვითმფრინავები საჰაერო დაზვერვის განსახორციელებლად იყვნენ შექმნილი და არა - საჰაერო დარტყმების მისაყენებლად და ამიტომაც არ გამოირჩეოდნენ დიდი სიზუსტით.

ეტყობა, უკრაინელმა სამხედროებმა და ინჟინრებმა შესაბამისი დასკვნა გამოიტანეს და მოდერნიზაცია ჩაუტარეს ამ „სტრიჟებს“ „ჯი-პი-ეს-ის" სისტემის დაყენებით, რამაც შესაძლებელი გახადა სტაციონალურ სამიზნეზე - რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, ბომბდამშენების სადგომებზე მათი ზუსტი „სტუმრობა“...