"საქართველოსთვის რუსეთი მხოლოდ ორ შემთხვევაში არ იქნება საფრთხე" - კვირის პალიტრა

"საქართველოსთვის რუსეთი მხოლოდ ორ შემთხვევაში არ იქნება საფრთხე"

ნაწყვეტი "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან პოლიტოლოგ გიორგი­ გობრონიძესთან

- რუსეთს უკვე ძალიან ბევრი მოიხსენიებს "ტერორისტულ სახელმწიფოდ". ასევე ხშირად საუბრობენ რეჟიმის გასამართლებაზე.

- პუტინის რეჟიმის გასამართლებაზე ჯერ კიდევ ადრეა საუბარი. ამისთვის იქ პროცესები ისე უნდა დასრულდეს, როგორც 1999 წელს იუგოსლავიაში, უფრო ადრე კი გერმანიაში. თუ რუსეთი ამ ფორმით­ გადარჩა და მართვის სადავეები პუტინს დარჩა, მათ ვერავინ გაასამართლებს, თან ჯერ ისიც არ ვიცით, რუსეთი წააგებს თუ არა. ცივილიზებული მსოფლიოს უმეტესობას სურს მოსკოვის ტრიბუნალი იხილოს, ისე, როგორც თავის დროზე ნიურნბერგის, ჰააგის, ან ტოკიოს ტრიბუნალი და პუტინის რეჟიმი მხოლოდ უკრაინაში კი არა, ბოლო წლებში­ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის გასამართლდეს. ის ჩრდილოეთ კორეისა და სირიის მსგავსი ქვეყნების ჩამონათვალში გადავიდა, მაგრამ ჯერ სუდანის რეჟიმიც კი ვერ გასამართლდა. მთავარია, უკრაინა­ ამ ომიდან გამთლიანებული გამოვიდეს, თან ისეთი შედეგით, რომ რუსეთს რევანშის სურვილი აღარ ჰქონდეს. თუმცა რუსეთის მოსახლეობის განწყობა ყველა შემთხვევაში რევანშისტული იქნება, მნიშვნელობა არა აქვს, რუსეთი ომს წააგებს თუ მოიგებს. პუტინის რეჟიმი კიდევაც რომ დაემხოს, უკეთესი არავინ მოვა, მისი შემცვლელიც მოსახლეობას დასავლური სამყაროსა და ამერიკის მიმართ აგრესიულად განაწყობს და ახალი, შედარებით "მცირე ზომის სამიზნის" ძებნას დაიწყებს. შესაძლოა ეს იყოს საქართველო, რათა მასებს აჩვენოს, უკრაინასთან კი წავაგეთ, მაგრამ ეს საბოლოო დამარცხებას კი არ ნიშნავს, უკვე დავიწყეთ შეცდომების გამოსწორება, ამას სხვები მოჰყვებიანო. ამ დროს ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ყოველდღე იზრდება რუსების შემოდინება, ქართულ ეკონომიკასა და სხვა სფეროებში ითქვიფებიან, რუსული კაპიტალი შემოაქვთ, რაც ხალხში დემორალიზაციის, დესტაბილიზაციის განცდას იწვევს, რა იქნება ხვალ, რა მოჰყვება ამას?..

საქართველოსთვის რუსეთი მხოლოდ ორ შემთხვევაში არ იქნება საფრთხე - თუ ამ ომიდან ისე გამოვა, რომ არაფრის თავი არ ექნება, და მეორე - თუ იმ კოალი­ციაში ვიქნებით, რომელიც რუსეთის რევანშისტული პოლიტიკისგან დაგვიცავს.­ რუსეთის დასუსტება ჩვენთვის შანსია, რომ დრო მოვიგოთ და გავძლიერდეთ, რაშიც სამხედრო აღმშენებლობას ვგულისხმობ. უამისოდ არაფერი გამოვა, ნატოს სამხედრო ალიანსის გარეშეც დაუცველი ვიქნებით. დაყვავების პოლიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ რუსეთთან რაღაც სავაჭრო გვექნება, მას კი საქართველოსგან ყველაფერი უნდა, ქართული სახელმწიფოს არსებობას დღემდე ვერ ეგუება. კრემლი საქართველოსა და უკრაინას ისე უყურებს, როგორც ტერიტორიულ დანაკარგს. ამიტომ ჩვენზე თავდასხმა პრაგმატულად გაუმართლებელი უნდა იყოს, ანუ ზარალი იმდენად მძიმე უნდა იყოს, რომ თავდასხმა არ უღირდეს. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ჯერ დრო გვაქვს. მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, ეს უნდა გაიგონ. დინებას კი არ უნდა მივყვებოდეთ, საფრთხეებზე პროპორციული რეაგირების შესაძლებლობებს უნდა ვეძებდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ მას კბილებში პირველები შევუცვივდეთ, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ, რომ "არგაღიზიანების პოლიტიკა" არ ჭრის. ხომ ხედავთ, კრემლი ამჯერად ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცდილობს სიტუაციის არევას, იქნებ რაღაცას გამოჰკრას ხელი. მით უფრო, რომ იცის, ქვეყანაში დაძაბულობის კერის შექმნას დიდი შრომა არ სჭირდება, ქართველებს არაფრის გამო პოლიტიკური ორომტრიალის შექმნის დიდი ნიჭი გვაქვს. ნახეთ სტატია სრულად