"გინდა დაივიწყო, გათიშო გონება იმისთვის, რომ არ დაუბრუნდე წარსულს" - როგორ გამოეხმაურა ირმა ჭკადუა ნორა კვიციანის გარდაცვალებას
ნორა კვიციანი, იგივე დედა ქეთევანი გარდაიცვალა. ამ ამბავს გამოეხმაურა ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"გინდა დაივიწყო, თვალი დახუჭო, გათიშო გონება იმისთვის, რომ არ დაუბრუნდე წარსულს, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ.
ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ, დაიღალა ხალხი ამ “სისხლიანი 9 წელი”-ს ძახილით, მომავალზე ვიფიქროთ-თქო, მაგრამ მოულოდნელად, ისეთი ისტორია გაიელვებს და შეგახსენებს თავს, რომ ვერაფრის დიდებით ვერ დააღწევ ფიქრებს თავს.
ნორა კვიციანი გარდაიცვალა!
ალბათ არაერთი ყოფილი პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლი გარდაცვლილა, მაგრამ გახსენდება თუ რატომ იყო ეს ქალბატონი 7 წელი ჯოჯოხეთური რეჟიმის ციხეში, სააკაშვილის კომისრების მიერ დატყვევებული და უფლებაშელახული…და ამ ფიქრებში ხვდები, რომ ეს კიდევ, სხვა სიმძიმის ისტორიაა.
დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისთვის უსისხლოდ კოდორი ჩაებარებინათ. სულ ეს იყო. არც მეტი, არც ნაკლები…
სათქმელად მარტივი, მაგრამ ძალიან მტკივნეული და ტრაგიკული ისტორია… რომლის ანალიზი და შეფასება ამ დრომდე არ მომხდარა…ვუსამძიმრებ განსვენებულის ოჯახს და კოდორის ხეობის ყველა მცველს, ვინც ქალბატონ ნორასთან ერთად იცავდა ამ ულამაზეს ხეობას…", - წერს ირმა ჭკადუა
ასევე ნახეთ: რას ჰყვება მეგობარი დედა ქეთევანზე?
ნორა კვიციანი 2006 წელს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს. მას ჰუმანიტარული საქონლის მითვისებასაც ედავებოდნენ.
ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. 2017 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, ყველა ეპიზოდში გაამართლა.
მიმდინარე წელს ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა და დედა ქეთევანი ეწოდა.