“დამოუკიდებელი ჟურნალისტის”, თან  საბჭოთა ოფიციალური  მილიონერის ხანგრძივი "რომანი“ კა-გე-ბე-სთან - კვირის პალიტრა

“დამოუკიდებელი ჟურნალისტის”, თან  საბჭოთა ოფიციალური  მილიონერის ხანგრძივი "რომანი“ კა-გე-ბე-სთან

ქვეყნის შიგნით "სამხრეებიანი ჟურნალისტების" მიზანი მოსახლეობის ფართო მასებზე ზეგავლენის მოხდენა და მათი ცნობიერების სპეცსამსახურებისთვის (და მათ ზურგს უკან მდგარი შემკვეთების-პოლიტიკოსებისთვის) საჭირო მიმართულებით წაყვანაა. ფსიქოლოგიურ ომში ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ რეკლამაში კარგად აპრობირებული მეთოდები, კერძოდ კი, რასაც ბევრჯერ და დამაჯერებლად გაიმეორებ, ხალხი იჯერებს ან სულ მცირე - "ეჭვის ჭია" მაინც შეეპარება.

ქვეყნის გარეთ "აქტიური ღონისძიება" - უმთავრესად დეზინფორმაციული სახის ოპერაციაა, რომელიც მიმართულია სხვა ქვეყნის ან არასასურველი პიროვნების წინააღმდეგ. კა-გე-ბეს უმაღლეს დონეზე ჰქონდა დამუშავებული ჭორების შექმნისა და გავრცელების "ხელოვნება". ჭორი ძირითადად საზოგადოების სხვადასხვა ფენაში გავლენის აგენტების მიზანმიმართული "შემოქმედების" შედეგად ვრცელდებოდა. სწორედ ასეთების რიცხვს მიეკუთვნებოდა გასულ საუკუნის 60-80 იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა "სამხრეებიანი ჟურნალისტი" ვიქტორ ლუი (იგივე ვიტალი ლევინი, 1928-1992), რომელსაც დეზინფორმაციის გავრცელების დიდოსტატსაც უწოდებდნენ.

blog2-1671178101.jpg

ვიქტორ ლუი

მისი ბიოგრაფია საინტერესოა თუნდაც იმიტომ, რომ ვიქტორ ლუი, რომელიც 1947-1956 წლებში სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდა , საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული სპეციალობის, "საერთაშორისო ჟურნალისტიკის" სტუდენტი გახდა, ხოლო შემდეგ უპრობლემოდ დაიწყო მუშაობა უცხოეთის გაზეთების სპეციალურ კორესპონდენტად მოსკოვში.

"ცივი ომის" დროს ვიქტორ ლუის "დამოუკიდებელი მოსკოველი ჟურნალისტის" მქუხარე სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელ მსოფლიოში და საბჭოთა იმპერიაში მიმდინარე ღია და ფარული პოლიტიკური პროცესებისა და ინტრიგების უბადლო მცოდნედ ითვლებოდა. ამერიკაში 1962 წელს გაქცეული კა-გე-ბეს მაიორ იური ნოსენკოს მტკიცებით ვიქტორ ლუი საბჭოთა უშიშროებამ ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების ბანაკში "დაავერბოვკა", სადაც ვიქტორ ლუი "ნასედკას" ფუნქციებს ასრულებდა. 1960 იანი წლების დასწყისიდან კი, ვიქტორი უფრო სერიოზულ სპეცოპერაციებში ჩართეს. წლების მანძილზე ის, ჯერ ერთ-ერთი შვედური გაზეთის, შემდეგ ინგლისური "სანდი ექსპრესის" და "ირვინგ ნიუსის" სპეცკორესპონდენტი იყო მოსკოვში და საბჭოთა უშიშროების ფარულ დავალებებს ასრულებდა. ვიქტორ ლუის სახლი, სადაც უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტები იკრიბებოდნენ, ერთგვარი "ოფშორულ ზონა" იყო, რომელშიც საბჭოთა კანონები არ მოქმედებდნენ. მის სახლი იყო საბჭოთა რეჟიმისთვის ხელსაყრელი, კა-გე-ბეს კაბინეტებში შექმნილი ინფორმაციის გავრცელების "ფარული შტაბი", სადაც საბჭოთა სპეცსამსახურები გადაბირების ოპერაციებსაც ხშირად ატარებდნენ.

კა-გე-ბე ყოველმხრივ ცდილობდა "უცხოური გაზეთების და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენელ" ვიქტორ ლუის ექსკლუზიური ინფორმაცია არ მოჰკლებოდა და პირველს გაევრცელებინა. 1964 წლის 13 ოქტომბერს ვიქტორ ლუიმ ყველაზე ადრე გადასცა საზღვარგარეთ ინფორმაცია სკკპ ცკ პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის "გადადგომის" შესახებ. აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი "პატარა" ნიუანსი: ამ ცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საბჭოთა კავშირის "ახალი ამბების სააგენტომ" მხოლოდ ორი დღის შემდეგ. 15 ოქტომბერს, გაავრცელა. ამგვარი ხელოვნური გზებით უქმნიდნენ ვიქტორ ლუის ავტორიტეტს. სულ რამდენიმე წელიწადში ის "დამოუკიდებელი" და ყოვლისმცოდნე მოსკოველი კორესპონდენტი გახდა, რომელსაც დიდი სიამოვნებით იმოწმებდა თუნდაც ყველაზე ანტისაბჭოური რადიოსადგური "თავისუფლება". ვიქტორ ლუი კრემლის რუპორი და კა-გე-ბეში შეთხზული დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი წყარო გახდა.

"რკინის ფარდის" მიღმა მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უცხოეთის საინფორმაციო საშუალებები პირველ რიგში ლუის უკავშირდებოდნენ და უზარმაზრ თანხებს იხდიდნენ მიღებულ რეპორტაჟებში. თუ როგორ სიმდიდრესა და საბჭოთა რეალობისთვის არნახულ ფუფუნებაში ცხოვრობდა ვიქტორ ლუი საბჭოთა კავშირში, ამის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ. ახლა კი ვიქტორ ლუის მირ განხორციელებილი ზოგიერთი დეზინფორმაციული ოპერაცია გავიხსენოთ.

სტალინის ქალიშვილის გაქცევა

1967 წლის გაზაფხულზე იოსებ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა ინდოეთში, ქმრის, ბრაჟეშ სინგჰის, დაკრძალვაზე ჩავიდა და მალევე იქ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

blog3-1671178101.jpg

სვეტლანა ალილუევა

მისი გაქცევა იმდენად დიდი დარტყმა იყო საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის, რომ ბევრს ინფარქტი მოუვიდა და ბევრმაც მაღალი თანამდებობები დაკარგა. ამ ფაქტს გადააყოლეს კა-გე-ბეს მაშინდელი თავმჯდომარე ვლადიმერ სემიჩასტნი, რომლის პოლიტიკური ამბიციები ძალზე აშინებდა ლეონიდ ბრეჟნებს. კა-გე-ბეს ახალი შეფის, იური ანდროპოვის ხელმძღვანელობით სასწრაფოდ დაიგეგმა სვეტლანას დისკრედიტირების ოპერაციები, სადაც ვიქტორ ლუი "პირველი ვიოლინოს" პარტიას ასრულებდა. დასავლეთის პრესაში მაშინვე გამოჩნდა მისი სტატიები, რომელშიც სვეტლანა, როგორც პიროვნება, ძალზე არასახარბიელო კუთხით იყო წარმოჩენილი. ამას მოჰყვა ინტერვიუ სვეტლანას შვილებთან, სადაც ისინი დედის საქციელს მკაცრად გმობდნენ. საინტერესოა, კა-გე-ბეს ნებართვის გარეშე, რომელსაც მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა სვეტლანას შვილები, უცხოური გაზეთის კორესპონდენტს იქ ვინ გააჭაჭანებდა? ასე ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება სვეტლანა ალილუევას სახელის შელახვას ვიქტორ ლუის ჟურნალისტური კალმით.

სოლჟენიცინის დისკრედიტირება

1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი კრემლის დიდი თავისტკივილი გახდა. მისი საკითხი პოლიტბიუროს სხდომაზე რამდენჯერმეც კი გაიტანეს (!). კა-გე-ბე მისი დაპატიმრების საბაბს ეძებდა. ამისთვის კი საჭირო იყო სოლჟენიცინის რომელიმე ახალი ნაწარმოები საზღვარგარეთ დაბეჭდილიყო. ამ შემთხვევაში "ანტისაბჭოთა პროპაგანდის" ბრალდებით მწერალს "შორ გზას" გაუყენებდნენ და კარგა ხნით გამოამწყვდევდნენ ციმბირის ბანაკებში.

blog4-1671178101.jpg

ალექსანდრე სოლჟენიცინი

ვიქტორ ლუიმ ხელში ჩაიგდო "კიბოს კორპუსის" ხელნაწერები და ცდილობდა მნიშვნელოვნად კორექტირებული ვარიანტის, სოლჟენიცინთან შეუთანხმებლად ევროპაში გამოქვეყნებას, თუმცა ყველა გამომცემლობამ უარი განუცხადა. უცხოეთში გადაცემულ ინფორმაციებში ვიქტორ ლუი ალექსანდრე სოლჟენიცინის დისკრედიტირებისთვის ტყუილ-მართალს არ იშურებდა. მხოლოდ 1974 წელს, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე "არქიპელაგი გულაგი" პარიზში გამოქვეყნდა (თუმცა ამ საქმეში ლუი უკვე აღარ მონაწილეობდა), შეძლო კა-გე-ბემ სოლჟენიცინის დაპატიმრება, ის მალევე გააძევეს საბჭოთა კავშირიდან.

ვიქტორ ლუი ანდრეი სახაროვის წინააღმდეგ

ძალზე მნიშვნელოვანი იყო ვიქტორი ლუის როლი კა-გე-ბეს მიერ ცნობილი საბჭოთა დისიდენტის, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციებში. მაშინ განვითარებულმა მოვლენებმა "სამხრეებიანი ჟურნალისტის" სრული ლუსტრაცია მოახდინა.

blog5-1671178101.jpg

ანდრეი სახაროვი

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 1977 წლის 9 იანვარს, მოსკოვის მეტროში სომეხი ნაციონალისტების მიერ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, ინგლისურ გაზეთ "ირვინგ ნიუსის" მოსკოველმა კორესპონდენტმა ვიქტორ ლუიმ ამ აფეთქებების მოწყობაში . . . საბჭოთა დისიდენტები დაადანაშაულა. ანდრეი სახაროვი ცდილობდა ბრალდების უარყოფას, თუმცა უშედეგოდ - ეს ვერსია უმალ აიტაცა დასავლეთის მასმედიამ, რითაც დისიდენტებს სერიოზული ჩრდილი მიადგათ. სწორედ ეს უნდოდა კა-გე-ბეს.

1984 წელს ქალაქ გორკში გადასახლებულმა, ნობელის პრემიის ლაურეტმა, აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადება გადასცა უცხოელ ჟურნალისტებს. მისი მოთხოვნა იყო ელენე ბონერი (სახაროვის მეუღლე) სამკურნალოდ გაეშვათ საზღვარგარეთ. მთელი მსოფლიო შეშფოთებული აკვირდებოდა უკვე მხცოვანი აკადემიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მკაცრად აკრიტიკებდა საბჭოთა ხელისუფლებას. დასავლეთის ქვეყნებში ფართო კამპანია გაიშალა სახაროვის მხარდასაჭერად. ამ ვითარებაში კა-გე-ბემ მიზნად დაისახა ანდრეი სახაროვი წარმოეჩინა, როგორც არა შიმშილობისგან დაუძლურებულ, არამედ ძალღონით სავსე ადამიანად. საბჭოთა სპეცსამსახურმა ვიქტორ ლუის ინტერვიუ მოუწყო სახაროვთან (თუმცა ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ დათანხმდა აკადემიკოსი "სამხრეებიან ჟურნალისტთან" ინტერვიუს, იმ დროს ვიქტორ ლუის ნამდვილ პროფესიაზე მას ხომ ჰქონდა სერიოზული ეჭვები?).

ვიქტორ ლუიმ ინტერვიუ დასავლეთ გერმანულ გაზეთ "ბილდს" უზარმაზარ თანხად მიჰყიდა. ფასი გაზარდა კა-გე-ბეს მიერ ფარულად გადაღებულმა და შემდეგ დამონტაჟებულმა ფილმმა და ფოტოსურათებმა, სადაც სახაროვი მშვენივრად გამოიყურებოდა.

ანდრეი სახაროვის დისკრედიტაციის ოპერაციამ საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა ვიქტორ ლუის. დასავლეთგერმანული გაზეთ "ბილდის" რედაქციის მიერ გადახდილი თანხა "დამოუკიდებელი ჟურნალისტის" პირად ანგარიშზე გადაირიცხა ევროპის ერთ-ერთ ბანკში. არავინ დაინტერესებულა, თუ როგორ მოხვდა ეს ექსკლუზიური ფოტოები და ვიდეო ჩანაწერები ვიქტორ ლუის ხელში. სახაროვის დაუკითხავად კა-გე-ბეს გარდა არავის შეეძლო ფარული გადაღებების გაკეთება.

როგორ აჯობა ვიქტორ ლუიმ ლეონიდ ბრეჟნევს

ვიქტორ ლუის სიმდიდრეზე (ბუნებრივია გასული საუკუნის 70-80-იანი წლების კვალობაზე) ლეგენდები დადიოდა. მისი ცხოვრების სტილი რადიკალურად განსხვავდებოდა სხვა საბჭოთა "სამხრეებიანი ჟურნალისტების" ყოფისგან.

blog6-1671178101.jpg

ვიქტორ ლუის "პორშე-911"

პრესტიჟული შვიდოთახიანი ბინა მოსკოვის ცენტრში, მდიდრული აგარაკი მოსკოვთან ახლოს ელიტურ პერედელკინოში - აუზით, ჩოგბურთის კორტით, დიდი ბაღით და სასმელების მდიდარი კოლექციით. ეს ყველაფერი საბჭოთა ბოჰემის მიუღწეველი ოცნება იყო. უფრო მეტიც, ამხელა სიმდიდრის მფლობელებს საბჭოთა კავშირში იჭერდნენ კიდეც.

blog7-1671178101.jpg

ვიქტორ ლუის "ლენდ-როვერი"

ჩუმად იმასაც ამბობდნენ ვიქტორ ლუის არასაბჭოურ ცხოვრების წესზე საბჭოთა მილიცია თვალს იმიტომ ხუჭავს, რომ პირადად ყოვლისშემძლე კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი მფარველობსო. ფაქტი ის იყო. რომ საბჭოთა სპეცსამსახურები ვიქტორ ლუის მდიდრულ მიღებებს, სადაც მრავლად იყვნენ უცხოელი დიპლომატები, მეცნიერები, მწერლები და ჟურნალისტები, კარგად იყენებდნენ საკუთარი ინტერესებისთვის და წარმატებით ახორციელებდნენ უცხოელების გადაბირებას.

ვიქტორ ლუიმ დიდი ქონება, რომელიც ექსპერტების მიერ რამდენიმე მილიონ დოლარად იყო შეფასებული, კა-გე-ბეს მიერ მიწოდებული დეზინფორმაციის საზღვარგარეთ რეალიზაციის შედეგად დააგროვა. ამასთან ერთად, ვიქტორი წარმატებით ახორცილებდა ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების კონტრაბანდას უცხოეთში. კა-გე-ბე ამ "სასახელო" საქმეშიც ეხმარებოდა "სამხრეებიან ჟურნალისტს".

ვიქტორ ლუის განსაკუთრებით თავისი ავტომობილების კოლექციით მოჰქონდა თავი. "პორშე 911", "ფორდ მუსტანგი", "მერსედეს-ბენცი", "ლენდ-როვერი", "ოლდსმობილი" და კიდევ ბევრი, თანამედროვე თუ ანტიკვარული "რაში" იწონებდა თავს ლუის ავტოფარეხში. "მე უფრო ბევრი უცხოური ავტომობილი მყავს, ვიდრე ბრეჟნევსო" - ფრანგული კონიაკის მოზრდილი დოზის შემდეგ ახლობლებში ტრაბახობდა ვიქტორ ლუი.

ისე ჩანდა, თითქოს "უძრაობის ხანაში" მარტო ვიქტორ ლუი "მოძრაობდა". მისი "გედის სიმღერა" ახალგაზრდა გერმანელი ავანტიურისტ-მფრინავის, მათიას რუსტის (რომელმაც მოსკოვში, "წითელ მოედანზე" მსუბუქი თვითმფრინავით დაშვება მოახერხა) დაკითხვის მასალების დასავლეთში გატანა იყო, რაც კა-გე-ბეს გარეშე ვერ მოხერხდებოდა. გორბაჩოვის "პერესტროიკამ", როდესაც მრავალ საიდუმლოს ფარდა პანტა-პუნტით ეხდებოდა, ვიქტორ ლუი უფუნქციოდ დატოვა. მუდამ ყურადღების ცენტრში მყოფი "დამოუკიდებელი ჟურნალსტისთვის" ეს ნამდვილი ტრაგედია იყო და მას დიდხანს არც უცოცხლია: 1992 წელს, სამოცს ოდნავ გადაცილებული, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

იხილეთ ბლოგის პირველი ნაწილი

(მეორე ნაწილის დასასრული)