"ანდროპოვის ხელმძღვანელობით დაიგეგმა სტალინის ქალიშვილის დისკრედიტირების ოპერაციები" - ვინ იყო ვიქტორ ლუი, რომელიც კა-გე-ბეს სახელით მოქმედებდა - კვირის პალიტრა

"ანდროპოვის ხელმძღვანელობით დაიგეგმა სტალინის ქალიშვილის დისკრედიტირების ოპერაციები" - ვინ იყო ვიქტორ ლუი, რომელიც კა-გე-ბეს სახელით მოქმედებდა

ვიქტორ ლუი, რომელიც 1947-1956 წლებში სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდა , საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული სპეციალობის, "საერთაშორისო ჟურნალისტიკის" სტუდენტი გახდა, ხოლო შემდეგ უპრობლემოდ დაიწყო მუშაობა უცხოეთის გაზეთების სპეციალურ კორესპონდენტად მოსკოვში.

"ცივი ომის" დროს ვიქტორ ლუის "დამოუკიდებელი მოსკოველი ჟურნალისტის" მქუხარე სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელ მსოფლიოში და საბჭოთა იმპერიაში მიმდინარე ღია და ფარული პოლიტიკური პროცესებისა და ინტრიგების უბადლო მცოდნედ ითვლებოდა. ამერიკაში 1962 წელს გაქცეული კა-გე-ბეს მაიორ იური ნოსენკოს მტკიცებით ვიქტორ ლუი საბჭოთა უშიშროებამ ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების ბანაკში "დაავერბოვკა", სადაც ვიქტორ ლუი "ნასედკას" ფუნქციებს ასრულებდა. 1960 იანი წლების დასწყისიდან კი, ვიქტორი უფრო სერიოზულ სპეცოპერაციებში ჩართეს. წლების მანძილზე ის, ჯერ ერთ-ერთი შვედური გაზეთის, შემდეგ ინგლისური "სანდი ექსპრესის" და "ირვინგ ნიუსის" სპეცკორესპონდენტი იყო მოსკოვში და საბჭოთა უშიშროების ფარულ დავალებებს ასრულებდა. ვიქტორ ლუის სახლი, სადაც უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტები იკრიბებოდნენ, ერთგვარი "ოფშორულ ზონა" იყო, რომელშიც საბჭოთა კანონები არ მოქმედებდნენ. მის სახლი იყო საბჭოთა რეჟიმისთვის ხელსაყრელი, კა-გე-ბეს კაბინეტებში შექმნილი ინფორმაციის გავრცელების "ფარული შტაბი", სადაც საბჭოთა სპეცსამსახურები გადაბირების ოპერაციებსაც ხშირად ატარებდნენ.

კა-გე-ბე ყოველმხრივ ცდილობდა "უცხოური გაზეთების და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენელ" ვიქტორ ლუის ექსკლუზიური ინფორმაცია არ მოჰკლებოდა და პირველს გაევრცელებინა. 1964 წლის 13 ოქტომბერს ვიქტორ ლუიმ ყველაზე ადრე გადასცა საზღვარგარეთ ინფორმაცია სკკპ ცკ პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის "გადადგომის" შესახებ. აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი "პატარა" ნიუანსი: ამ ცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საბჭოთა კავშირის "ახალი ამბების სააგენტომ" მხოლოდ ორი დღის შემდეგ. 15 ოქტომბერს, გაავრცელა. ამგვარი ხელოვნური გზებით უქმნიდნენ ვიქტორ ლუის ავტორიტეტს. სულ რამდენიმე წელიწადში ის "დამოუკიდებელი" და ყოვლისმცოდნე მოსკოველი კორესპონდენტი გახდა, რომელსაც დიდი სიამოვნებით იმოწმებდა თუნდაც ყველაზე ანტისაბჭოური რადიოსადგური "თავისუფლება". ვიქტორ ლუი კრემლის რუპორი და კა-გე-ბეში შეთხზული დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი წყარო გახდა.

"რკინის ფარდის" მიღმა მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უცხოეთის საინფორმაციო საშუალებები პირველ რიგში ლუის უკავშირდებოდნენ და უზარმაზრ თანხებს იხდიდნენ მიღებულ რეპორტაჟებში. თუ როგორ სიმდიდრესა და საბჭოთა რეალობისთვის არნახულ ფუფუნებაში ცხოვრობდა ვიქტორ ლუი საბჭოთა კავშირში, ამის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ. ახლა კი ვიქტორ ლუის მირ განხორციელებილი ზოგიერთი დეზინფორმაციული ოპერაცია გავიხსენოთ.

სტალინის ქალიშვილის გაქცევა

1967 წლის გაზაფხულზე იოსებ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა ინდოეთში, ქმრის, ბრაჟეშ სინგჰის, დაკრძალვაზე ჩავიდა და მალევე იქ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

მისი გაქცევა იმდენად დიდი დარტყმა იყო საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის, რომ ბევრს ინფარქტი მოუვიდა და ბევრმაც მაღალი თანამდებობები დაკარგა. ამ ფაქტს გადააყოლეს კა-გე-ბეს მაშინდელი თავმჯდომარე ვლადიმერ სემიჩასტნი, რომლის პოლიტიკური ამბიციები ძალზე აშინებდა ლეონიდ ბრეჟნებს. კა-გე-ბეს ახალი შეფის, იური ანდროპოვის ხელმძღვანელობით სასწრაფოდ დაიგეგმა სვეტლანას დისკრედიტირების ოპერაციები, სადაც ვიქტორ ლუი "პირველი ვიოლინოს" პარტიას ასრულებდა. დასავლეთის პრესაში მაშინვე გამოჩნდა მისი სტატიები, რომელშიც სვეტლანა, როგორც პიროვნება, ძალზე არასახარბიელო კუთხით იყო წარმოჩენილი. ამას მოჰყვა ინტერვიუ სვეტლანას შვილებთან, სადაც ისინი დედის საქციელს მკაცრად გმობდნენ. საინტერესოა, კა-გე-ბეს ნებართვის გარეშე, რომელსაც მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა სვეტლანას შვილები, უცხოური გაზეთის კორესპონდენტს იქ ვინ გააჭაჭანებდა? ასე ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება სვეტლანა ალილუევას სახელის შელახვას ვიქტორ ლუის ჟურნალისტური კალმით. ნახეთ ბლოგი სრულად