ქართველი "სამხრეებიანი ჟურნალისტების"  საოცარი თავგადასავლები ლონდონში - კვირის პალიტრა

ქართველი "სამხრეებიანი ჟურნალისტების"  საოცარი თავგადასავლები ლონდონში

"დიადი ქვეყნის” (ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის) ფარული მიზნების განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეჰქონდათ ქართველი ეროვნების "ჩეკისტებსაც”. დღეს ორ ქართველ (ყოველ შემთხვევაში წარმოშობით მაინც) "სამხრეებიან ჟურნალსტს" გავეცნობით, რაშიც ცნობილი ქართველი მეცნიერის, პროფ. გ. შარაძის მოგონებები დაგვეხმარება.

1981 წელს ლონდონში მივლინებასთან დაკავშირებით, პროფ. გ. შარაძე ორი ათეული წლის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა (ავტორის სტილი უცვლელია- ბ.ა.):

"ლონდონში ორი კაცი დამიახლოვდა - ერთი საკავშირო ტელევიზიის კორესპონდენტი იყო იური კობალაძე, მეორე - რადიოს კორესპონდენტი ვალერი მაისურაძე. თურმე, ორივე კა-გე-ბეს თანამშრომელი იყო (იური კობალაძე დღეს ცნობილი გენერალია). მე რა ვიცოდი. ყოველდღე მაკითხავდნენ, მირეკავდნენ, მანქანით მომსახურებას მთავაზობდნენ. მთლად სულელი არა ვარ, მაგრამ მაინც არ მიფიქრია, როგორ, ანდა რატომ მიპოვეს ამხელა ლონდონში, ანდა რატომ მეფერებიან ასე. მე ისინი შემიყვარდნენ, როგორც კარგი ქართველი ბიჭები".

ჟურნალისტთან საუბარში გ. შარაძე ასევე აღნიშნავდა (ავტორის სტილი უცვლელია- ბ.ა.): "მაშინ მთავარი ინგლისიდან ემიგრანტული ლიტერატურის გადმოტანა იყო. მოკლედ, იური კობალაძეს ვუთხარი - სამი შვილი მყავს, რაღაც ორი კაპიკი მომრჩა, რაღაცები შევიძინე, ტვირთი ძალიან დამიმძიმდა, ფული არა მაქვს. იქნებ ან ჰითროუზე გადამატანინო, ან ფული გადამიხადო-მეთქი. კიო - მაშინვე დამთანხმდა. თავისი "ვოლვოთი" გამომაცილა და იური კობალაძის წყალობით (ისე, რომ არც იცოდა!) აკაკი რამიშვილის მიერ გადმოცემული ის ემიგრანტული ლიტერატურა კომუნისტური რეჟიმის დროს გამოატარეს, როგორც ცენტრალური ტელევიზიისთვის მისი სპეცკორის მიერ გამოგზავნილი ტვირთი. არც არავის გაუსინჯავს და არც არაფერი შეუმოწმებიათ. ასე ჩამოვიტანე პირველი ტვირთი."

გურამ შარაძე ზემოაღნიშნულ ინტერვიუში იხსენებს: "წამოვიღე, რა თქმა უნდა, შერჩევით "ბრძოლა", " ქართლოსი", "ივერია", "სამშობლო" , ე.ი. სხვადასხვა . . . ნომერი გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად. ვთქვათ, სოციალ-დემოკრატების იყო "ბრძოლა", ეროვნულ-დემოკრატების - "სამშობლო", ქართველი ნაციონალისტების - "ქართლოსი", ფედერალისტების - "სახალხო საქმე" და ა.შ. ასე გამეხსნა გზა ქართული ემიგრანტული კულტურისადმი. მე ამას ჩვენი პირველი ეროვნული კოალიციური მთავრობის თავმჯდომარის ნოე რამიშვილის უმცროს ვაჟს აკაკი რამიშვილს ვუმადლი".

ასე აღმოჩნდა იური კობალაძე ანტისაბჭოთა ემიგრანტული ლიტერატურის საბჭოთა კავშირში შემოტანის ხელშემწყობი. საინტერესოა, რამ აიძულა საბჭოთა "ჟურნალისტი" და მზვერავი ასეთ რისკზე წასულიყო? ემიგრანტული ლიტერატურის მხოლოდ ჩამონათვალიც საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ: კობალაძე არა მარტო სამსახურისა და სამხრეების დაკარგვით რისკავდა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა. ანტისაბჭოური ლიტერატურის არალეგალური შემოტანა და გავრცელება, განსაკუთრებით, საშიშ სახელმწიფო დანაშაულად ითვლებოდა. სუკ-ის ოფიცერი ი. კობალაძე ვითომ იმდენად მიამიტი იყო, რომ საოჯახო ნივთები და არალეგალური ლიტერატურა ერთმანეთისგან ვერ გაერჩია? საკითხავია, რატომ უნდა გაეწირა საკუთარი კარიერა იური კობალაძეს, გ. შარაძის "ძველი წიგნების", რეალურად კი ანტისაბჭოთა ლიტერატურის არალეგალური შემოტანისთვის? საბჭოთა დაზვერვის ოფიცრების მონაწილეობა ანტისაბჭოური ლიტერატურის არალეგალურ შემოტანაში საიდუმლო სპეცოპერაციის ნაწილი იყო თუ "გულუბრყვილო" და "პატრიოტი ქართველი ჟურნალისტების" სახიფათო რისკი? პასუხი ალბათ ყველასთვის ცხდაია. გენერალ-მაიორი იური კობალაძე საკმაოდ საინტერესო ფიგურაა და მის ბიოგრაფიას უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ.

b2-1671517360.jpg
იური კობალაძე

იური გიორგის ძე კობალაძე დაიბადა თბილისში, 1949 წლის 22 იანვარს. 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი "საერთაშორისო ჟურნალისტიკის” სპეციალობით. 1972 წლიდან ჩაირიცხა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) შტატში. ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევა იყო: ქართველი ეროვნების პირებისთვის, სტალინის სიკვდილისა და ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ, როგორც კა-გე-ბეს ცენტრალური აპარატის, ასევე საბჭოთა საგარეო დაზვერვის "კარები", ფაქტობრივად, დაკეტილი იყო. ეს უნდობლობა ათწლეული გრძელდებოდა და მდგომარეობა მხოლოდ ნიკიტა ხრუშჩოვის "ჩამოგდების" შემდეგ, 1964 წლის მიწურულიდან შეიცვალა.

იური კობალაძე საკმაოდ დიდ ხანს, 1972-1977 წლებში "საერთაშორისო ჟურნალისტის” საფარქვეშ მუშაობდა სსრკ სახტელერადიო კომიტეტში.

1977-1984 წლებში ხანგრძლივი სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ლონდონში, როგორც საბჭოთა ტელევიზიისა და რადიოს "ჟურნალისტი”.

საბჭოთა მზვერავის, პარალელურად დიდი ბრიტანეთის აგენტის, ოლეგ გორდიევსკის მტკიცებით, იური კობალაძე დიდ წარმატებებს აღწევდა ინგლისელი მეცნიერების გადაბირების ოპერაციებში. გორდიევსკი წერს, რომ საბჭოთა დაზვერვის დიდი მონდომებისა და მრავალი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ იური კობალაძემ მოახერხა, ფრედ ჰოლიდეის, მსოფლიო დონის მეცნიერ-არაბისტის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის გადაბირება. ამის შემდეგ ჰოლიდეის სტატიები აშკარად პროსაბჭოთა და ანტიამერიკული გახდა.

სწორედ ოლეგ გორდიევსკის მცდელობით იური კობალაძე, როგორც საბჭოთა მზვერავი, ბრიტანეთის ხელისუფლებამ 1984 წელს გამოაძევა ლონდონიდან.

მოსკოვში იძულებით დაბრუნებული იური კობალაძე 1984-1991 წლებში სსრკ სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კობალაძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში ჩადგა. 1991-1999 წლებში ის იყო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელი.

1999-2000 წწ. მუშაობდა რუსეთის უმთავრეს დეზინფორმაციულ სამსახურში: საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასს”-ის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ. ამ თანამდებობაზე "მოქმედი რეზერვის ოფიცრად” (ე.წ, "ოდეერად”) როგორც წესი, რუსეთის სპეცსამსახურების ყველაზე სანდო და გამოცდილი კადრები ინიშნებიან. შემდეგ გენერალმა კობალაძემ ბიზნესში გადაინაცვლა და 2000-2007 წწ. რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო კომპანია "რენესანს კაპიტალის” მმართველი დირექტორია, ხოლო 2007 წლიდან კი რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო-საფინანსო ჯგუფის X5 Retail Group მმართველი დირექტორიც კი იყო. 2023 წლის 22 იანვარს გენერალ-მაიორ იური კობალაძეს სამოცდათოთხმეტი წელი შეუსრულდება, საიდანაც ორმოცდაათ წელზე მეტი მან რუსეთის იმპერიის სამსახურში გაატარა და დღესაც ერთგულად ემსახურება პუტინს.

დავუბრუნდეთ შორეულ 1980-იან წლებს. საინტერესო, რომ "სამხრეებიანი ჟურნალისტი" იური კობალაძე 1984 წელს, პროფ. გ. შარაძის მორიგი მივლინების დროსაც უწევდა მას ლონდონში "დახმარებას".

პროფ. გ. შარაძის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში 1984 წლის 8-22 აპრილს შედგა. ერთად შევეცადოთ ამ მორიგ სადაზვერვო-სამეცნიერო რებუსში გარკვევას.

ამ მივლინების შემდეგ გ. შარაძემ 1986 წელს გამოსცა წიგნი "საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე". ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს გ. შარაძის წიგნიდან. ავტორი შესავალში წერს (სტილი დაცულია - ბ.ა.): "ამჯერად ჩემი მივლინების მთავარ მიზანს შეადგენდა მენახა და მეცნიერულად აღმეწერა ნინო უორდროპთან დაცული გიორგი მეთორმეტისეული ქართული სამეფო გულსაკიდი - ოქროს ჯვარი . .’’

ამ და სხვა სამეცნიერო საკითხების შესწავლის, ასევე დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ბრიტანეთის მუზეუმის ხელმძღვანელობასთან, ასევე "სოთბის" აუქციონის ხელნაწერთა განყოფილების დირექტორთან ვიზიტების დროს გ. შარაძეს თან ახლდა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, საბჭოთა რადიოს კორესპონდენტი ინგლისში, პარალელურად კა-გე-ბეს საგარეო დაზვერვის ლონდონის რეზიდენტურის უფროსი ოფიცერი იური კობალაძე.

პროფ. გ. შარაძე წერს (ავტორის სტილი დაცულია -ბ.ა.): "კვირას (1984 წლის 15 აპრილს - ბ.ა.), დილით, ოქსფორდში ლონდონიდან ჩამომაკითხა ინგლისში საბჭოთა რადიოს კორესპონდენტმა იური კობალაძემ (საერთოდ მსურს მადლობის გრძნობით აღვნიშნო, რომ თითქმის მთელი მივლინების განმავლობაში იური კობალაძე გვერდიდან არ მომცილებია და დიდად მიწყობდა ხელს მუშაობაში, რათა შედარებით მოკლე დროში მომესწრო დასახული პროგრამის შესრულება, თანაც რამდენიმე დღე სააღდგომო არდადეგებმაც წამართვა). შუადღისას უკვე ლონდონში დავბრუნდით და დღის მეორე ნახევარი უქმად რომ არ დამკარგვოდა, ლონდონთან ახლოს მდებარე უორდროპთა საგვარეულო მამულში - სევენოუქსში გავემგზავრეთ".

b3-1671517506.jpg
გურამ შარაძე, ანდრო უორდროპო და აკაკი რამიშვილი (ნოე რამიშვილის შვილი)

ამგვარად გრძელდებოდა ორი კვირის მანძილზე: პროფესორი და მზვერავი ("ჟურნალისტი") ერთობლივად მოღვაწეობდნენ.

გ. შარაძე აღნიშნავს (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): "დადგა 18 აპრილიც! იური კობალაძეს წინასწარ შევუთანხმდი და ჯვრის ფერადი ფოტოსურათების გადასაღებად საუკეთესო ხარისხის ფოტოაპარატურა და ფირები მოვამზადეთ: დილის 10 საათზე ბრიტანეთის მუზეუმში უნდა შევხვდეთ ბატონ თეითს! ათის ნახევარზე მე და იური კობალაძე ფოტოაღჭურვილობით უკვე ბრიტანეთის მუზეუმთან ვიდექით...."

ერთი შეხედვით რა უნდა იყოს დასაეჭვებელი და გასაოცარი: ორი ქართველი ინგლისში საქართველოს ისტორიულ სიძველეებს ეძებს. არც არაფერი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე "უმნიშვნელო" ნიუანსი.

ზუსტად 1984 წლის მარტ-აპრილში, ამერიკელების მიერ დასავლეთ ევროპაში სამხედრო სწავლებების ჩატარების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება პანიკურმა შიშმა მოიცვა: ისინი ბირთვული ომის დაწყებას ელოდნენ. ამიტომაც დაზვერვის რეზიდენტურებში საგანგებო რეჟიმი მოქმედებდა და ყველა ოფიცერი "ცენტრიდან" მიღებული დავალების ("დასავლეთის" მიერ სარაკეტო-ატომური თავდასხმის მომზადების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი) შესრულებისთვის იყო მობილიზებული. მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე იდგა და სად ეცალა ლონდონის რეზიდენტურის პოლიტიკური დაზვერვის სექტორის უფროს ოფიცერ კობალაძეს გასართობად და ფოტოაპარატით ხელში საქართველოდან ჩასული პროფესორის სადევნად?

საბჭოთა მზვერავები (იგივე იური კობალაძის სიტყვებით) მუდამ ცდილობდნენ ლეგენდის მიხედვით "ჟურნალისტებიც" ყოფილიყვნენ და იმავდროულად კი სადაზვერვო დავალებაც შეესრულებინათ. ამიტომ ყოველთვის დროის დეფიციტს განიცდიდნენ. თავად იური კობალაძე, ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ძალზე დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა: დილით თათბირი საელჩოში, დღის მანძილზე უამრავი შეხვედრები ოპერატიულ-აგენტურული მიზნით, შემდეგ "ლეგენდის" მიხედვით რადიოკორესპონდენტის და ტელეოპერატორის "ქურქში" ყოფნა და დღის ბოლოს ცნობის შედგენა "ცენტრში" გასაგზავნად.

b4-1671517589.jpg
იური კობალაძე ამჯერად, როგორც ჟურნალისტი. ლონდონი.

1984 წლის 18 აპრილი ოთხშაბათი იყო და საბჭოთა დაზვერვის ოფიცერს "ქართული სამეფო ჯვარის" გადასაღებად ნამდვილად არ ეცლებოდა, თუ ეს რაიმე სადაზვერვო ოპერაციის შემადგენელი ნაწილი არ იყო.

დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: საბჭოთა დაზვერვის დაინტერესებას გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებათა აკადემიით, ბრიტანეთის მუზეუმითა და "სოთბის"აუქციონის ხელნაწერთა განყოფილებით.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ლონდონიდან გამომგზავრების წინ პროფ. გ. შარაძემ, საბჭოთა მზვერავი ი. კობალაძე დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის მთავარ სწავლულ მდივანს, პიტერ ბრაუნს და "სოთბის" აუქციონის ხელნაწერთა განყოფილების დირექტორს, ქრისტეფორ დე ჰამელს წარუდგინა. ამაზე იტყვიან: "შეუშვეს მგელი ცხვრის ფარაშიო".

გ. შარაძე წერს (ავტორის სტილი დაცულია): ".. საბას ლექსიკონის ამ იშვიათი ნუსხის მიგნებულ ცხელ კვალზე მიყოლა ვთხოვე ლონდონში მცხოვრებ საბჭოთა ჟურნალისტს იური კობალაძეს, რომელიც გავაცანი ბრიტანეთის აკადემიის ხელმძღვანელობას, კერძოდ, პირადად წარვუდგინე აკადემიის მთავარ სწავლულ მდივანს, პიტერ ბრაუნს და "სოზბის" აუქციონის ხელნაწერთა განყოფილების დირექტორს ქრისტეფორ დე ჰამელს და შევთანხმდით, რომ სააღდგომო არდადეგების დამთავრებისა და ბრიტანეთის აკადემიის პრეზიდენტის, ოუენ ჩადვიკის იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, იური კობალაძე გააგრძელებდა ჩემი სახელით პეჩთან მოლაპარაკებას...

მეტისმეტი დაკავებულობის მიზეზით საბოლოოდ რომ დარწმუნდა 8 მაისამდე ინგლისში ვერ დავრჩებოდი, ელიზაბეტ ჰილს შევთავაზე, - იქნებ ჩემი სახელით საბჭოთა კორესპონდენტი იური კობალაძე მიიღოთ ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ და მას გადააღებინოთ გოგოლის პორტრეტი-მეთქი! კი, ბატონო, - მითხრა მან".

რა მიზნით სტუმრობდა საბჭოთა მზვერავი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიას? ჩემი ვარაუდით საბჭოთა დაზვერვის მიზანს ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიასა და "სოთბის" აუქციონის სტრუქტურებში შეღწევა წარმოადგენდა. ხოლო "ქართული სამეფო ჯვარი" კა-გე-ბეს ოპერატიულ თამაშებში წინასწარ მოფიქრებული ლეგენდა იყო.

ამის მტკიცების საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ კა-გე-ბე სამხედრო სტრუქტურას წარმოადგენდა და ყველა ოფიცერი, მით უფრო საზღვარგარეთ მივლინებული, უშუალო უფროსის (ჩვენ შემთხვევაში რეზიდენტის) ნებართვის გარეშე ვერ მოქმედებდა, ამიტომაც იყო, რომ საგარეო დაზვერვის თანამშრომელი ყველა ნაბიჯს რეზიდენტს, ის კი, თავის მხრივ, "ცენტრს" (მოსკოვს) უთანხმებდა.

ასე, რომ ი. კობალაძეს, პირადი ინიციატივით გ. შარაძესთვის მუზეუმებში ფოტოაპარატით რომ ედევნა - ეს, ფაქტობრივად, გამორიცხულია (შეიძლება პირდაპირ ითქვას: ეს ზღაპრების სფეროდანაა). საბჭოთა დაზვერვის ლონდონის რეზიდენტურაში "სამხრეებიანი ჟურნალისტი" იური კობალაძე ბრიტანელი მეცნიერებისა და მკვლევარების გადაბირებაზე "სპეციალიზდებოდა". ამიტომ გასაკვირია არაა, გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებათა აკადემიით, ბრიტანეთის მუზეუმითა და "სოთბის"აუქციონის ხელნაწერთა განყოფილებით მისი დაინტერესება. თუმცა იური კობალაძის სადაზვერვო მისია იმჯერად წარუმატებელი აღმოჩნდა.

გ. შარაძის სიტყვებით (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.): "ინგლისიდან 1984 წლის ივნისში სამშობლოში დაბრუნებულმა იური კობალაძემ მაცნობა, რომ არც "სოზბის" აუქციონის ხელმძღვანელობამ და არც პეჩმა სიახლოვეს არ გამიკარესო. . . ."

ფაქტია, რომ საბჭოთა საელჩოს თანამშრომლები 1984 წლის დასაწყისიდან დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყვნენ. 1984 წლის ივნისში კი ი. კობალაძეს ლონდონის იძულებით დატოვება მოუწია. ჩემი აზრით, ამას ხელი შეუწყო და მოვლენები დააჩქარა "სამეცნიერო-კულტურულ-სადაზვერვო" ფრონტზე მისმა განსაკუთრებულმა აქტივობამ.

ნახეთ მეორე ნაწილი

(მესამე ნაწილის დასასრული)