ქართული "ჩეკისტური დინასტიები" რუსეთის იმპერიის სამსახურში: მეორე "სამხრეებიანი ჟურნალისტის" კვალდაკვალ
ქართველი ეროვნების საბჭოთა საგარეო დაზვერვის "სამხრეებიანი ჟურნალისტის”, იური კობალაძის შესახებ უკვე ვისაუბრე, ამჟამად კი მეორე "სამხრეებიანი ჟურნალისტის” - ვალერი მაისურაძის შესახებ მოგითხრობთ. ისევ პროფ. გურამ შარაძეს მოვუსმინოთ და გავიხსენოთ 2002 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული მისი ერთ-ერთი ინტერვიუ (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.):
"ლონდონში მუშაობდა ორი ჩვენი თანამემამულე: ერთი საბჭოთა კავშირის ტელევიზიის კორესპონდენტი (იური კობალაძე - ბ.ა.), მეორე - რადიოსი (ვალერი მაისურაძე- ბ.ა.). ერთი თბილისელი ბიჭი იყო, კოლმეურნეობის მოედანზე ცხოვრობდნენ მისი მშობლები და მას ვუთხარი: სამი შვილი მყავს, რაღაცეები ვიყიდე ეკონომიით, აქეთ-იქით და ბარგი დამიგროვდა 20 კილოზე მეტი და შესაბამისად, ფული უნდა გადავიხადო და სად მაქვს, ეგებ დამეხმარო-მეთქი. კიო, - დამეთანხმა, თვითონვე მიმიყვანა ჰიტროუს აეროპორტამდე, გააფორმა როგორც "დიპლომატიური”-ს ტვირთი და უკვე აღარც მოსკოვში, შერემეტიევოზე აღარ იყო პრობლემა.” მკითხველი შეამჩნევს, რომ 2002 წელს გ. შარაძე ცოტა სხვაგვარად იხსენებს 1981 წლის მოვლენებს. 1996 წლის აგვისტოში დაიბეჭდილ ინტერვიუში ის ამბობდა:
"იური კობალაძეს ვუთხარი - სამი შვილი მყავს, რაღაც ორი კაპიკი მომრჩა, რაღაცეები შევიძინე, ტვირთი ძალიან დამიმძიმდა, ფული არ მაქვს. იქნებ ან ჰიტროუზე გადამატანინო ან ფული გადამიხადო-მეთქი. კიო - მაშინვე დამთანხმდა. თავისი "ვოლვოთი” გამომაცილა და იური კობალაძის წყალობით (ისე, რომ არც იცოდა!) აკაკი რამიშვილის მიერ გადმოცემული ის ემიგრანტული ლიტერატურა კომუნისტური რეჟიმის დროს გამოატარეს”.
ერთ შემთხვევაში იური კობალაძე, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ვალერი მაისურაძე სახელდება ანტისაბჭოთა ემიგრანტული ლიტერატურის საბჭოთა კავშირში შემოტანის ხელშემწყობად. თუმცა ეს გარემოება არაა გადამწყვეტი. დავუბრუნდეთ ვ. მაისურაძეს.
გურამ შარაძე 1996 წელს ინტერვიუში იხსენებდა (სტილი უცვლელია - ბ.ა.): "ერთხელ ვეკითხები ვალერის, როგორ მოხვდი ინგლისში-მეთქი. მიპასუხა - პუშკინის ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ორი თვით ახალციხეში კურსებზე გაგვიშვეს და ის იყო ვამთავრებდი, რომ მოვიდნენ და იკითხეს, ერთი ადგილია ლონდონში საკავშირო რადიოს კორესპონდენტად, თუ ვინმემ იცის კარგად რუსული და ინგლისური და სურვილი აქვს, გავაგზავნითო. ავწიე ხელი და გამომიშვეს. ვფიცავ ჩემს სამ შვილს და ორ შვილიშვილს, მაშინ ეჭვი არ შემიტანია. ალბათ, ვალერი მაისურაძემ იფიქრა, ეს ჩემზე უარესი "კაგებეშნიკია", თორემ ან ეს როგორ დაიჯერა, ანდა საერთოდ, რას მეკითხებაო. ასე იყო თუ ისე, მე ეს გავიგე გვიან, როცა თბილისში წერილი გამომატანა მამასთან. დავრეკე მამამისთან და უშიშროებაში, ინაურის მოადგილის, ბატონ ნოდარ მაისურაძის კაბინეტში აღმოვჩნდი."
გენერალ-მაიორ ნოდარ მაისურაძის ძალზე საინტერესო ბიოგრაფიიდან ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტებს ქვემოთ გაგაცნობთ, ახლა კი "ჩეკისტური დინასტიების" საბჭოთა ფენომენს მინდა შევეხო. საბჭოთა სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა ხელს უწყობდა და ახალისებდა სპეცსამსახურებში "ოჯახური დინასტიების" შექმნას, როდესაც ორი ან სამი თაობის წარმომადგენლები ერთგულად ემსახურებოდნენ საბჭოთა რეჟიმს. ახალი თანამშრომლის სამსახურში მიღებას ხანგრძლივი და მრავალფეროვანი სპეციალური შემოწმება უძღოდა წინ ( რაც ჩემი აზრით ცუდი არ იყო და ეს პრაქტიკა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში თანდათან დაიკარგა). ამავე დროს ძალზე ფასობდა რეკომენდაციები "დამსახურებული ჩეკისტებისგან" და ასევე "ჩეკისტი" მშობლების, და-ძმის ან პაპა-ბებიის (საქართველოს რეალობაში ძირითადად პაპების, ბებიები უფრო საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებული) ყოლა. ამგვარად ყალიბდებოდა "ჩეკისტთა ოჯახური დინასტიები" რა დროსაც წინა თაობა მომავალს გზას უკაფავდა კა-გე-ბესა და გე-ერ-უს ლაბირინთებში.
ნოდარი მაისურაძე (1924-1997) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და უკვე ოცდაერთი წლისა საბჭოთა უშიშროების სისტემაში ჩარიცხეს. რამდენიმე წელი ტერიტორიულ დანაყოფებში მუშაობის შემდეგ ის საზღვარგარეთ მიავლინეს. ნ. მაისურაძე 1953 წლის 12 აგვისტოდან მუშაობდა აღმოსავლეთ გერმანიაში სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის აპარატის მე-4 განყოფილების ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ. ამ ქვეგანყოფილების მთავრი ფუნქცია გერმანიასა და დასავლეთ ბერლინში მცხოვრები საბჭოთა ემიგრანტული ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ჩემი აზრით ნ. მაისურაძეს პირდაპირი კავშირი უნდა ჰქონდა 1954 წლის აგვისტოში ცნობილი ქართველი ემიგრანტის, შალვა მაღლაკელიძის მიუნხენში მოტაცებასა (ან არ მოტაცებას) და ფარულად საბჭოთა კავშირში გადმოყვანასთან.
1953-1957 წლებში აღმოსავლეთ გერმანიაში ყოფნის დროს კაპიტან ნ. მაისურაძის ხელმძღვანელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა "ჩეკისტი", გენერალ-ლეიტენანტი ევგენი პიტოვრანოვი.

ნ. მაისურაძემ 1961 წელს დაამთავრა კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) #101 სკოლის (შემდგომში ი. ანდროპოვის სახელობის საგარეო დაზვერვის ინსტიტუტი) კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. 1969-1970 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 1970-1990 წლებში საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც გარდაიცვალა 1997 წელს.
იური კობალაძესთან შედარებით ვალერი მაისურაძის შესახებ ინფორმაცია გაცილებით მწირია. ინტერნეტ-რესურსებით დადგინდა, რომ ვინმე "ვალერი ნოდარის ძე მაისურაძე" ცხოვრობს მოსკოვში ერთ-ერთ ქუჩაზე (პირობითად X, ზუსტ მისამართს შეგნებულად არ ვასახელებ). მოძიებული ინფორმაციით ვალერი მაისურაძე 1954 წლის 26 თებერვალსაა დაბადებული და 1981 წელს, როდესაც ლონდონში გ. შარაძეს "გვერდიდან არ სცილდებოდა", სულ რაღაც ოცდაშვიდი წლისა იყო. ამ ასაკში საზღვარგარეთ (ისიც ყველასთვის საოცნებო ლონდონში) სადაზვერვო დავალებით გაგზავნა უიშვიათესი მოვლენა იყო.
აქ ბუნებრივია მისი მამის, ნოდარ მაისურაძის, თანამდებობამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, თუმცა იყო სხვა ფაქტორიც. ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ქართველი ეროვნების ახალგაზრდა მზვერავის მფარველები?
#101 სკოლის 1961 წლის კურსდამთავრებულთა სიას თუ ყურადღებით შევისწავლით აღმოვაჩენთ, რომ ნ. მაისურაძესთან ერთად სწავლობდნენ ვიქტორ გრუშკო (1930-2001) და გენადი ტიტოვი (1932-2019).

ვიქტორ გრუშკო, გენერალ-პოლკოვნიკი. სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში 1960 წელს ჩაირიცხა, მანამდე დიპლომატიურ სამსახურში იყო. კა-გე-ბეს შეფმა ი. ანდროპოვმა ვ. გრუშკო 1980 წელს პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) უფროსის მოადგილედ, ხოლო სამი წლის შემდეგ პირველ მოადგილედ დანიშნა. ვ. გრუშკო 1989-1991 წლებში საბჭოთა სუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 1991 წლის 24 აგვისტომდე პირველი მოადგილე იყო. ის აქტიურად იყო ჩართული "აგვისტოს პუტჩის" მომზადებაში, რის გამოც დააპატიმრეს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით 1992 წლის იანვარში საპატიმროდან გაათავისუფლეს. ვ. გრუშკო მოგონებების წიგნში ადასტურებს, რომ ნოდარ მაისურაძესთან, რომელიც დაზვერვის სკოლაში სწავლისას გაიცნო, ოჯახებით მეგობრობდა.
ვალერი მაისურაძის ზეპრესტიჟულ ლონდონის რეზიდენტურაში დანიშვნა უშუალოდ ვ. გრუშკოს პრეროგატივა იყო, რომელიც 1975-1980 წლებში კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) მე-3 განყოფილების (დიდი ბრიტანეთი და სკანდინავიის ქვეყნები) ხელმძღვანელობდა. ხოლო რაც შეეხება ნ. მაისურაძის მეორე მეგობარ გენადი ტიტოვს: ის უკვე 1980-1984 წლებში იყო მე-3 განყოფილების უფროსი და ვალერი მაისურაძის უშუალო კურატორი.
გ. ტიტოვმა კარიერა 1991 წლის სექტემბერს, საბჭოთა სუკ-ის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდებით დაასრულა. გასაგებია, რომ ამგვარი მფარველების დახმარებით ვ. მაისურაძისთვის წარმატებული კარიერის მიღწევა რთული არ იყო და პერსპექტივებიც შესანიშნავი ისახებოდა. თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც 1985 წლის 20 ივლისს მოხდა. საბჭოთა Aსაგარეო დაზვერვის პოლკოვნიკმა და ლონდონის რეზიდენტურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პარალელურად ბრიტანეთის სპეცსამსახურების აგენტმა, ოლეგ გორდიევსკიმ შეუძლებელი შეძლო და ბრიტანეთის დაზვერვის დახმარებით მოსკოვიდან გაიქცა.
1985 წლის 12 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 25 საბჭოთა დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ჩვენი აზრით ვ. მაისურაძე იძულებული იქნებოდა ლონდონი ადრევე დაეტოვებინა, რადგანაც მისი რეალური საქმიანობის შესახებ ბრიტანეთის კონტრდაზვერვას (მი-5) ინფორმაცია გორდიევსკისგან უკვე ექნებოდა.
ამის შემდეგ ვ. მაისურაძის კა-გე-ბეში საქმიანობის შესახებ მონაცემები უცნობია, თუმცა ბუნებრივია იური კობალაძესავით ისიც საბჭოთა კავშირში გააგრძელებდა მოღვაწეობას. ვინმე "ვალერი ნოდარის ძე მაისურაძის" მოძიების შემდეგ საჭირო იყო მისი იდენტიფიცირება "სამხრეებიან ჟურნალისტ" ვალერი მაისურაძესთან.
ძიების გაფართოების შედეგად (დაილოცოს ინტერნეტი და სოციალური ქსელები!) დადგინდა, რომ "ვალერი ნოდარის ძე მაისურაძე" არის რამდენიმე ბიზნეს-სტრუქტურის თანადამფუძნებელი, რომელთა იურიდიულ მისამართად მითითებულია სწორედ X. ასევე გაირკვა, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს ოთხმა ფიზიკურმა პირმა: არნე ტრეჰოლტმა, ვლადიმერ ივანეს ძე ჟიჟინმა, ვალერი ნოდარის ძე მაისურაძემ და თარიკ მაჰმუდმა ათასი რუბლის საწესდებო კაპიტალით დააფუძნეს "დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება ისმოს ტრეიდინგი". ეს გვარები შეიძლება ბევრისთვის არაფრისმთქმელი იყოს, თუმცა სიმართლე გითხრათ თავიდან თვალებს არ ვუჯერებდი ამ ოთხეულის გვარებს როცა ვკითხულობდი. . . .
ამ ინფორმაცის მოძიების შემდეგ უკვე საეჭვო აღარ იყო, რომ მეორე ქართველი "სამხრეებიანი ჟურნალისტის" კვალს მივაკვლიე, რომელიც უკვე "სამხრეებიანი ბიზნესმენი" გამხდარიყო.
(მეოთხე ნაწილის დასასრული)