"დღეს სვანები მირეკავდნენ გამწარებულები, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო... ვთხოვდი, დაანებეთ თავი-მეთქი" - რას პასუხობს გურამ გირგვლიანი მურმან დუმბაძეს?
"ასეთ არასერიოზულ ხალხს რა ვუპასუხო? მათ ხომ თავიდან-ბოლომდე კარგად იციან სანდროს საქმე, მაგრამ ესაა მათი პროფესია - შავზე თეთრი უნდა თქვან და ყველაფერი გააკეთონ, ოღონდ მიშა დაიხსნან და მისი რეჟიმი "გააპრავონ" - გვეუბნება სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი პოლიტიკოს მურმან დუმბაძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და ის უბრალოდ, ჯალათს გაექცა და გაიყინა.
როგორც ამბობს, 17 წელი გადის მისი ვაჟის სიკვდილიდან და დღემდე "კიდევ იყენებენ სანდროს სახელს", თუმცა მაგათთან პოლემიკაში შესვლა არ სურს.
გურამ გირგვლიანი:
"დღეს დუმბაძის ბოდვა რომ ვნახე, ვამბობდი, არაფერს ვუპასუხებ-თქო, რა აზრი აქვს ამათთან ომს? მთავარი აქ ისაა, რომ კაცს მაგალითად მოჰყავს მურუსიძე, რომელმაც სულ სხვა რამ თქვა. სიმართლე თუ აინტერესებს, როგორ გარდაიცვალა სანდრო, შალვა შავგულიძეს და დავით ჯანდიერს ჰკითხოს, სტრასბურგის დასკვნაც გადაიკითხოს, მაგრამ ამაზე საერთოდ არ იღებს ხმას, ვითომც არ ყოფილა. არ უნდათ ნახვა და მოკალი.
რა ველაპარაკო ამათ? ბიჭს 12 ჭრილობა რომ ჰქონდა, ამას კი არ ამბობენ, გადავარდა და გაიყინაო. ბოდიში, მოიხადეთ, რა! ნაძირალა კიდევ კარგი სიტყვაა. საუბედუროდ, მურმანი ერთი არაა, ბევრი მურმანია, ვინც საერთოდ დაკარგეს სახე. ასეთებს ხმა როგორ გავცე და მათ დონემდე როგორ დავიდე? გირგვლიანი მორალურად არ იყო მართალიო - სანდრო სუფრასთან რომ არ მისულა, ესეც არ იცის, ხელი კი გაიშვირა იმ სუფრისკენ, სადაც ის ქალბატონი იჯდა, იქ არავის იცნობდა დონაძის გარდა, ისიც - ტელევიზიიდან. აიღონ და წაიკითხონ სტრასბურგის გადაწყვეტილება და საკმარისი იქნება, აქ ვის უნდა ველაპარაკო და ვის წამოვუწიო საქმე? ზოგადად, ხმას რომ არ ვიღებ და ინტერვიუებს არ ვარიგებ, ამათი მადლობელი კი არ ვარ ბოლომდე, მას მერე ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ჩემთვის მარტო ის არაფერს ნიშნავს, ვინ დაისაჯა. მე ვთხოულობდი ყველას საკადრისი პასუხი გასცემოდა და სამართალი ბოლომდე აღსრულებულიყო. ეს არაა ბოლომდე მიყვანილი საქმე. სადაა მერაბიშვილის მეუღლე, ვის დასჯასაც ვითხოვდი? - სალაყაია კარგადაა, მშვენივრად და ის დღეს არც აღარავის ახსოვს და არც აინტერესებს.
დღეს სვანები მირეკავდნენ და გამწარებულები მეუბნებოდნენ, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო (დუმბაძეზე), ხომ იცით, სვანების ამბავი? ვთხოვდი, დაანებეთ თავი-მეთქი. ნაცები ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ. მე რომ ამათ ავყვე, სულ ორომტრიალში უნდა ვიყო, ყველაფერზე უნდა გამოვეკიდო. არსად და არაფერში ვიღებ მონაწილეობას, ყველას და ყველაფერს შეშვებული ვარ. ერთ რამეში დავრწმუნდი, რაღაც კი გაკეთდა, მაგრამ მე შედეგი არ მაქვს, ისევე, როგორც ბევრ სხვა დაზარალებულს არ აქვს სიმართლე. ყველას თუ აჩუმებდა რეჟიმი, ცხონებული ირინა პირიქით, გააჩუმეს კი არა, ბოლომდე ჩაჰყვა მათ. (გააგრძელეთ კითხვა)
იხილეთ ასევე: "მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი..."