"მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოსინჯეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, ვინაიდან სააკაშვილის თანაზომადი ფიგურები არ არიან"
ომი სამეზობლოში, ევროპელების უარი კანდიდატის სტატუსზე და სანუგეშოდ დატოვებული ევროპული პერსპექტივა, ქართულად გაგებული დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია, ქართულ პოლიტიკურ ველზე მომრავლებული ანტიდასავლური განცხადებები და სააკაშვილის ფაქტორი - ეს იმ ამბების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც 2022 წელს ქვეყნის პოლიტიკურ წესრიგზე დიდი გავლენა იქონია. ამ ამბების შესახებ უფრო დაზუსტებით ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვიამბობს:
სააკაშვილის ფაქტორი
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა გვაქვს როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სააკაშვილის თემა ახერხებს გადაფაროს ყველა და ყველაფერი. თითქოს სხვა არფერი ხდება ქვეყანაში. ამ ამბით ძალიან დიდ კომფორტშია ხელისუფლება - ნაცვლად იმისა, ხალხისა და პოლიტიკური ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებზე უწევდეს პასუხების გაცემა, ჩართული არიან სააკაშვილთან დაკავშირებულ გაუთავებელ იწილობიწილოში. რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ დილით სააკაშვილს ვუზომავთ სიცხეს და ყოველ საღამოს ვუმოწმებთ ძვლებს. ამას ვაკეთებთ უწყვეტად. ხელისუფლებას აქვს შექმნილი მატრიცა - ვიღაცისთვის მიუღებელი, ვიღაცისთვის მისაღები და გაჰყავთ დრო. ამიტომ არ ეთმობათ, ამიტომ არ უშვებენ უცხოეთში არაფრის ფასად. არც გაუშვებენ, იმიტომ, რომ პოზიტიური დღის წესრიგი არა აქვთ, რა უნდა ქნან, რაზე უნდა ელაპარაკონ საზოგადოებას, სააკაშვილის ფაქტორი რომ არ იყოს? სხვა ისეთი ალტერნატივაც არა ჰყავთ, ვის დემონიზებასაც შეძლებდნენ და ააგებდნენ ნეგატიურ დღის წესრიგს. მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოსინჯეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, ვინაიდან სააკაშვილის თანაზომადი ფიგურები არ არიან. არ იციან, რა ქნან, როგორ გამოვიდნენ სიტუაციიდან და დინებაზე მიუშვეს პროცესი. ისე უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა, რომ არაფერზე აიღონ პასუხისმგებლობა, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღონ. ეს არის მათი მართვის თეორია. ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, სააკაშვილის საკითხს უკვე აღარც სამართლებრივ ჭრილში აღარ განიხილავდა და აღარც პოლიტიკურში. ეს ჰუმანიტარული საკითხია. რაზეა საუბარი? მის ჯანმრთელობაზე. მედიცინის წარმომადგენელი არა ვარ, მაგრამ ფიზიკურ მდგომარეობაზე მეტად მისმა ფსიქიკურმა მდგომარეობამ შემაშფოთა. მეც კი დავინახე მასში დემენციის ნიშნები. კონცენტრაცია უჭირდა, აზრი უწყდებოდა... ძალზე ცუდ დღეში იყო. ერთმა ფაქტორმა შემაშფოთა - როდესაც ხედავ, ადამიანი, თუნდაც დამნაშავე, ასეთ ცუდ დღეშია და მის მიმართ თანაგრძნობა არა გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შენ ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებებისთვის კი არა, შურისძიებისთვის მოხვედი. ესე იგი, "ქართული ოცნება" იმისათვის მოვიდა ხელისუფლებაში, რომ შემდეგ თავად ეძალადა. სააკაშვილის უმწეო მდგომარეობის დანახვის შემდეგ ისევ სიმულაციაზე საუბარი, ჩემი აზრით, სადიზმის გამოვლინებაა. ისიც აღსანიშნავია, რომ ხალხიც სასტიკი გახდა, თითქოს კანი გაისქელა. მოდი, სიმართლე ვთქვათ, მათ შორის, ვისაც ახლა სააკაშვილის სისხლი სწყურია, ძალიან ცოტაა "ნაციონალური რეჟიმის" დროს დაზარალებული. თალაკვაძესა და კობახიძეს ერთი დღე არ უბრძოლიათ სააკაშვილის წინააღმდეგ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ზოგი "ნაცმოძრაობაში" იყო ინტეგრირებული, ზოგიერთი კი ბუჩქებში იჯდა და თავის დროს ელოდა. მათი ერთადერთი ფასეულობა ძალაუფლებაა. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ამის შენარჩუნებას ახლა სააკაშვილის შესახებ სიძულვილით საუბარი სჭირდება. სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული მე ვარ, მაგრამ მას უკვე გამოტანილი აქვს პოლიტიკური ვერდიქტი, ციხეშიც იჯდა. შესაბამისად, აღარ მაქვს ბრაზი, მით უფრო მისი სიკვდილი არ მინდა. უპირველესად იმიტომ არ მინდა, რომ სახელმწიფოსთვის იქნება ძალიან ცუდის მომტანი. სააკაშვილის სიკვდილი ქართულ ციხეში ჩვენი ქვეყნის ისტორიული მარცხი იქნება. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ისტორიაში პრეზიდენტის მკვლელების სტატუსით შევლენ. ნახეთ სტატია სრულად