"ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, ძალიან ვუგებთ ერთმანეთს. ასე მგონია, დედობის გამოცდა სწორად გავიარე" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, ძალიან ვუგებთ ერთმანეთს. ასე მგონია, დედობის გამოცდა სწორად გავიარე"

ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც გამოქვეყნდა "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე სათაურით - "ჩემს მოტყუებაში მამუკაც იყო ჩართული და მახსოვს, როცა ეს გავიგე, ნაწყენი დავრჩი მასზე - როგორ, შენც მომატყუე-მეთქი?" - თაკო ჩარკვიანის ახალი წელი და სასიამოვნო მოგონებები

როგორია პოლიტიკის მიღმა ქალბატონი თაკო ჩარკვიანი, რა ტრადიციები აქვთ ოჯახში, როგორ ხვდებიან ახალ წელს - ამ და სხვა საინტერესო ამბებზე იგი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.

- საახალწლოდ კერძების მომზადება თქვენ გიწევთ ხოლმე?

- განაწილებული გვაქვს საქმეები. გოზინაყს აუცილებლად მე ვამზადებ, დედაჩემის რეცეპტით. არ მიყვარს მკვრივი გოზინაყი და არაჩვეულებრივი გამომდის. ძალიან უყვართ ჩემი ხაჭაპურები და ამასაც მე ვაკეთებ, ბებიაჩემის რეცეპტით. ჩემს იმერულ ხაჭაპურებს მეორე დილითაც გათბობის გარეშე მიირთმევენ ჩემი მეუღლე და შვილი, რადგან ძალიან გემრიელია. ბადრიჯანი და ფხალეული, რაც ნიგვზიანია, ყველაფერი კარგად გამომდის. ერთადერთი, ნამცხვრებში ვარ ცოტა სუსტი, თორემ იმერული საჭმელების კეთება კარგად ვიცი. ჩვენ სახლში გვყავს ქალბატონი რიტა, უსაყვარლესი ადამიანი, რომელსაც დას ვეძახი. არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს. საცივს დედაჩემის რეცეპტით ის ამზადებს და სხვა რაღაცებს. ერთმანეთის უზარმაზარი სიყვარული გვაქვს.

რაც შეეხება ირმას, შესანიშნავი კერძების კეთება იცის. როგორ არაჩვეულებრივადაც უკრავს, ისე აკეთებს საჭმელსაც. მრავალმხრივი ნიჭი აქვს ამ ბავშვს.

gigani-charkviani-1-1672815043.jpg

- როგორი იყო თქვენი ქალიშვილისთვის 2022 წელი?

- ირმასთვის 2022 წელი იყო უმნიშვნელოვანესი. საფრანგეთში კლასიკური მუსიკის უზარმაზარი პლატფორმაა და უკვე დაიგეგმა სამომავლო კონცერტები. რამდენიმე კონცერტი ჰქონდა საფრანგეთში, ვენაში, რუმინეთში, გერმანიაში. ძალიან ნაყოფიერი წელი იყო. ორჯერ გაიმარჯვა, გრან-პრი და პირველი პრემია აიღო, ლაურეატი გახდა, პირველი პრემიის მფლობელი.

ირმა ძალიან ხშირად ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ამას დიდი ხნით ვერ ახერხებს, რადგან სულ კონცერტები აქვს. ახალ წელს აქ შეხვდა. მერე ორი კონცერტი აქვს - საფრანგეთში და ბულგარეთში. ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, ძალიან ვუგებთ ერთმანეთს. ასე მგონია, რომ სწორად გავიარე დედობის გამოცდა. არ შემიზღუდავს, არც რაღაცები მომიხვევია თავზე. ვგრძნობ, რომ კარგად გამოვიდა ყველაფერი, არ მსაყვედურობს რაღაცებს. ირმას პირველი კონცერტი 5 წლის ასაკში ჰქონდა, მან დაუკრა ბახი ორკესტრთან ერთად. 4 წლისა პიესებს უკრავდა და შოკი იყო, მაშინ "სიენენმა" ფილმი გააკეთა ვუნდერკინდ ბავშვებზე და ირმა მოხვდა ამ ფილმში.

gigani-charkviani-1672815099.jpg

მე არ მინდოდა მისთვის რაიმეს თავს მოხვევა. როცა წამოიზარდა, გარდატეხის ასაკში რომ იყო, დავსვი და ვუთხარი, ეს ამბავი მარტო არ მატვირთვინო, მოდი, გავარჩიოთ-მეთქი, ეს პროფესია მისთვის ძალიან ორგანულია, ამის გარეშე ვერ სუნთქავს და არჩევანიც თავად გააკეთა - დღეს კარგი პიანისტია. დიდი სიხარული და ბედნიერებაა, დარბაზი რომ ფეხზე დგება, ფანები გყავს, მაგრამ მთელი შენი პირადი ცხოვრება მიაქვს ამ ყველაფერს, ამას ძალიან დიდი შრომა უნდა და ამის აღება ჩემს თავზე ძალიან მიმძიმდა, მაგრამ ეს იმდენად მისია, სხვანაირად არ შეიძლებოდა. მე მუსიკოსი ვარ, ცუღლუტი ვიყავი, ჩვენთან სულ გრიალი იყო, დილის 6 საათამდე ხან ჩემი მეგობრები იყვნენ, ხან - მამუკასი, ხან მამას მეგობრები და კარგი სიმღერა, დაკვრა, პოეზია, ლიტერატურა მუდმივი მდგომარეობა იყო. იქ სტაბილური ვარჯიში არ გამოდის. თან დედა სულ მეუბნებოდა, რომ მე კარგად უნდა მესწავლა, ყველაფერი უნდა მომესწრო. ხუთიანები გყავდეს ყველაფერში და მერე კიდევ 8 საათი ინსტრუმენტთან იჯდე, ასე არ გამოდის, რაღაც ყოველთვის ეწირება. თან კითხვა მიყვარდა, ახლაც დგას ოთახში ის მაგიდა, რომელზეც ზემოდან გეოგრაფის წიგნი მედო და ქვევით სხვა წიგნი, რასაც რეალურად ვკითხულობდი. ირმასთან ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ვიცოდი, სულ დროის დეფიციტი იქნებოდა და მე თვითონ ჩავერთე. მაგალითად, რუსულის პედაგოგი მუდამ გვყავდა, ირმა ვერ ხვდებოდა, რატომ გვყავდა ამდენ ხანს, რადგან მან უკვე ძალიან კარგად იცოდა რუსული, მაგრამ მე ამ მეთოდებს ვიყენებდი იმისთვის, რომ ირმას დრო ჩემსავით არ დაეკარგა. მასაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და კითხვა, ზუსტად ვიცოდი, იგივე მოხდებოდა, რასაც მე ვაკეთებდი და ამას ვარეგულირებდი. ყველაფერი კარგად გამოვიდა. იხილეთ ინტერვიუ სრულად - "ჩემს მოტყუებაში მამუკაც იყო ჩართული და მახსოვს, როცა ეს გავიგე, ნაწყენი დავრჩი მასზე - როგორ, შენც მომატყუე-მეთქი?" - თაკო ჩარკვიანის ახალი წელი და სასიამოვნო მოგონებები