"ნონამ Netflix-საც აჯობა...მოდელობიდან - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაომდე" - წლის სპორტი 2022
წლის მთავარი სპორტული მოვლენა რამდენიმე დღის წინ ვნახეთ: კატარში მუნდიალისთვის უჩვეულო დროს გამართული მსოფლიო ჩემპიონატი დიდებული ფინალით დასრულდა - არგენტინის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ლიონელ მესი - პირველად და... და მინიმუმამდე დაიყვანა მის სიდიადესთან დაკავშირებული კითხვები. არგენტინა-საფრანგეთის მატჩი საოცრად სანახაობრივი და დრამატული გამოდგა და მის ფონზე მსოფლიო სპორტში მომხდარი სხვა ამბების გახსენება აზრს კარგავს. რაც შეეხება ქართულ სპორტს, 2022 წელს ჩვენს სპორტშიც უამრავი საინტერესო რამ მოხდა: ვნახეთ "დაგეგმილი" და მოულოდნელი გამარჯვებებიც, იმედგაცრუებაც, ახალი სახეებიც... როგორც ყოველთვის, წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა და მოჭიდავეებმა, ლაშა ტალახაძე მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ჩინებული სეზონი ჰქონდათ ქართველ მორაგბეებს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრებს, მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს, ახალგაზრდა ნიჩბოსან ალექსანდრე წივწივაძეს და სხვ. ინდივიდუალური წარმატებით გაგვახარეს ქართველმა ფეხბურთელებმა და კალათბურთელებმა, აი, თბილისში გამართული ევრობასკეტი კი, საქართველოს ნაკრებისთვის იღბლიანი არ აღმოჩნდა... ტრადიციულად, წარუმატებელი (რიგ შემთხვევაში - სამარცხვინოც!) გამოდგა ქართული საფეხბურთო კლუბებისთვის ევროთასებისკენ მიმავალი გზა. სამაგიეროდ, საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა დაასრულა პირველ ადგილზე უეფას "ერთა ლიგის" გათამაშება და C-დან B ლიგაში დაწინაურდა, 2024 წლის გაზაფხულზე კი ამავე ტურნირის პლეი-ოფში ითამაშებს... ცხადია, ყველაფერს ვერ გავიხსენებთ, მაგრამ მუნდიალთან ერთად, ქართული სპორტული წლის რამდენიმე მთავარ ამბავსაც გადავავლოთ თვალი:
ლაშა მეექვსე(დ)
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გამართულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე (+109 კგ) მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ლეგენდარულმა ქართველმა ფალავანმა ტრავმირებულმა იასპარეზა ზღვის დონიდან 2640 მ სიმაღლეზე მდებარე ქალაქში და იმის მიუხედავად, რომ ცოტათი გვანერვიულა, ცხადია, სამივე დისციპლინაში შეძლო ოქროს მედლის მოპოვება: ატაცში 215 კილოგრამი ასწია, აკვრაში - 251, რამაც ორჭიდის ჯამში 466 კილოგრამი შეადგინა. ორჭიდის ჯამში ნაჩვენები შედეგი 26 კილოგრამით ნაკლებია ლაშას საუკეთესო შედეგზე (492 კგ!), თუმცა ოქტომბრის ბოლოს გამიზეზებული ტრავმისა და კოლუმბიის დედაქალაქისთვის დამახასიათებელი უჟანგბადობის გამო წინასწარ ვიცოდით, რომ ქართველი გოლიათისა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მთავარი ტიტულის შენარჩუნება და ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ქულების დაგროვება იყო, ლაშასთვის ჩვეული რეკორდების დრო კი ისევ მალე მოვა!

ნონამ Netflix-საც აჯობა!
ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა ნოემბრის მიწურულს მერვედ გაიმარჯვა სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატზე. მანამდე კი, 2022 წლის სექტემბერში, ნონამ მორიგ, გაცილებით რეზონანსულ გამარჯვებას მიაღწია: მორიგებით დასრულდა მისი დავა ამერიკული სამაუწყებლო და საპროდუქციო კომპანია Netflix-ის წინააღმდეგ. ლეგენდარული მოჭადრაკის სარჩელი მოჰყვა 2020 წელს "ნეტფლიქსის" გადაღებულ მინისერიალს "ლაზიერის გამბიტი", რომელშიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეც არის ნახსენები, ოღონდ... მოხსენიებულია როგორც მოთამაშე, რომელიც "არის რუსეთიდან" და რომელსაც „არასდროს უთამაშია მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ". საბოლოოდ, საქმის განხილვა მხარეთა მორიგებით დასრულდა. შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია და არ ხმაურდება, თუმცა ნონამ "კვირის პალიტრას" უთხრა, რომ "შეთანხმება აღიარებას ნიშნავს! სწორედ ეს იყო მთავარი. ეს შედეგი პრეცედენტია რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის, რომ არ შეიძლება რეალური ფაქტების დამახინჯება "სიტყვის თავისუფლებაზე" აპელირებით".

მოდელობიდან - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაომდე
ოქტომბრის ბოლოს მარსელში გამართულ FIA Motorsport Games-ზე ქართველმა ავტომრბოლელებმა შვიდ დისციპლინაში იასპარეზეს და სახელგანთქმულ სარბოლო ტრასა "პოლ რიკარზე" ქართული ავტოსპორტისთვის ისტორიული მნიშვნელობის წარმატებასაც მიაღწიეს: მევლუდ მელაძე და ყოფილი მოდელი ირინა ონაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. მსოფლიო საავტომობილო თამაშები საავტომობილო სპორტის ყველა სახეობას აერთიანებს და FIA-ს ყველაზე მაღალი რანგის ტურნირად ითვლება. მელაძე და ონაშვილი "სლალომში" გამოვიდნენ და... სამოდელო პოდიუმის შემდეგ ირინამ საავტომობილო სპორტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პოდიუმიც მოსინჯა: "თავდაპირველად, ეგონათ, მოდელის გარეგნობის გოგონა მხოლოდ სილამაზისთვის გვყავდა წაყვანილი. თუმცა პირველივე გარბენის შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ ირინა ონაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი ქალია. მოდიოდნენ ავტოსპორტის "მამები" და გვეუბნებოდნენ, ავტოსპორტში ასეთი ლამაზი ქალი არც გვინახავს, "უფრო „მსხვილ" სახეობებშიც ჩავრთოთო", - თქვა მევლუდ მელაძემ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ნახეთ სტატია სრულად