"ზოგიერთ ლიფტიორს სულაც არ აქვს გამოცდილება. მას ვერც კანონი დასჯის" - რას ჰყვება სპეციალისტი ლიფტების გაუმართაობაზე? - კვირის პალიტრა

"ზოგიერთ ლიფტიორს სულაც არ აქვს გამოცდილება. მას ვერც კანონი დასჯის" - რას ჰყვება სპეციალისტი ლიფტების გაუმართაობაზე?

ვაზისუბანში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არმენ სარქისოვი და არმინე ვოსკანიანი დაიღუპნენ.

7 იანვარს მსგავსი შემთხვევას ლოტკინის დასახლებაშიც მოხდა. რასაც სამი ადამიანის მძიმედ დაშავება მოჰყვა. რამდენიმე თვის წინ, ლიფტი ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსშიც ჩავარდა. რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. მსგავსი შემთხვევები მიუთითებს, რომ ამ მხრივაც არ ვართ დაცული. რასაც ემატება ძველი ლიფტების პრობლემა.

რა შემთხვევაში შეიძლება მოწყდეს ლიფტი და რა დაგვიცავს ამ სიტუაციისაგან, ამის შესახებ ლიფტიორს - მერაბ დოკვაძეს ვესაუბრებით. ის სალიფტიორო სისტემაში 23-წელია მუშაობს.

- ლიფტთან დაკავშირებულმა ტრაგედიებმა მოსახლეობას შიში გაუჩინა. ჩემი ინფორმაციით, არ არსებობს სამსახური ან ხელსაწყო, რომელიც წინასწარ ამოიცნობს ლიფტის იმ დაზიანებას, რასაც შესაძლოა ტრაგედია მოჰყვეს. ზოგიერთ ლიფტიორს კი სულაც არ აქვს ლიფტის მომსახურების გამოცდილება.

- ჩვენს ლიფტებს თავად მოსახლეობისაგან შერჩეული ლიფტიორები ემსახურებიან. მოსახლეობა მათ ძირითადად, ლიფტის დაზიანების ან "ლიფტში გაჭედვის" შემთხვევაში იძახებს. როგორც წესი, ლიფტიორმა ამ დროს მთელი ლიფტი უნდა დაათვალიეროს და დაზიანებებიც ამოიცნოს, რათა მეტი უბედურება არ მოხდეს. თუმცა, თუკი ლიფტიორი ამას არ აკეთებს, მოსახლეობას ამის შესახებ იშვიათად აქვს ინფორმაცია და ლიფტიორს ვერც კანონი დასჯის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ლიფტიორის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა ლიფტის გამართულად მუშაობა მოსახლეობაზეც არის დამოკიდებული. ჩვენში ლიფტების დაზიანება ხშირად ხდება, როგორც მიზანმიმართულად, ისე დაუდევრობით.

- თუკი ლიფტიორი პროფესიონალი არ აღმოჩნდა, სხვა კვალიფიციური სამსახურები თუ არსებობს ლიფტის შესამოწმებლად?

- მცირე შპს-ები არსებობს, რომლებიც ხელოსანს გზავნიან. თუმცა, კონკრეტული ლიფტიორების პროფესიონალიზმზე გარანტიის მიცემა, ჩვენში, სამწუხაროდ, რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენში სალიფტო საქმის პროფესიონალურად შესწავლის შესაძლებლობა არ არსებობს. არ გვაქვს სასწავლებლები, რომლებიც, ხალხს ასწავლიან, რა არის ლიფტი და როგორ უნდა მოემსახურონ. როგორც ვიცი, ათეული წლების წინ, არაერთი მსგავსი სასწავლებელი გვქონდა. თითქმის ყველა ლიფტიორს, რომელიც ჩვენთან მუშაობს, სალიფტო საქმე უფროსი თაობისაგან აქვს შესწავლილი. რამდენად პროფესიონალურად, ეს მასზეა დამოკიდებული.

ერთადერთი გარანტი მათი პროფესიონალიზმისა მათი მუშაობის გამოცდილებაა.

რა თქმა უნდა, არაერთი კეთილსინდისიერი ლიფტიორიც გვყავს.

- უცხოეთში არის სალიფტო საქმის შემსწავლელი სასწავლებელი?

- რა თქმა უნდა, არის. მაგალითად, ჩემმა ახლობელმა ეს საქმე საფრანგეთში სპეციალურად შეისწავლა და ახლა უკვე იქ მელიფტედ მუშაობს.

- ჩვენ კი შედეგიც სახეზე გვაქვს. ბოლო წელიწადს არაერთი ადამიანი დაზიანდა ლიფტის შახტში ჩავარდნით. შეიძლება, რომ ისე დაზიანდეს ლიფტის ბაგირი და მერე ისე გაწყდეს, რომ ეს წინასწარ ლიფტიორმა ვერ შეამჩნიოს?

- თუ დაზიანება ლიფტიორისთვის ხილულ ნაწილში არ არის, შეიძლება მან ეს ვერ დაინახოს. რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ლიფტი ჩავარდება. როდესაც ბაგირი ზიანდება, წესით, საშიშროება ლიფტის ელექტროწრედმა უნდა "დაინახოს" და ლიფტი გაითიშოს. გარდა ამისა, ყველა ლიფტს აქვს მექანიკური მუხრუჭები, რომელიც ბაგირის დაზიანებისას მას ამუხრუჭებს.

როდესაც არც ამომცნობი მუშაობს და არც მუხრუჭები, ლიფტის მოწყვეტის საშიშროება ცხადია, შეიქმნება.

- მუხრუჭების ან ელექტრო წრედის ეს დაზიანება წინასწარ ხომ დგინდება?

- რა თქმა უნდა, წინასწარ დგინდება და მოწმდება. ამიტომაც ვამბობ, რომ ლიფტიორისა და ხელოსნის კეთილსინდისიერებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. არსებობს ძრავის ისეთი ქარხნული წუნიც, რასაც სამწუხაროდ, წინასწარ ვერავინ ამოიცნობს, თუმცა, ეს იშვიათია.

- არის შემთხვევები, როდესაც ლიფტის კარი მაშინ იღება, როდესაც კაბინა ჯერ მოსული არ არის. თუკი ამ დროს ადამიანი ლიფტის გაღებულ კარში შეაბიჯებს, საუბედუროდ, შახტში ჩავარდება. სამწუხაროდ, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ტრაგედიის მიზეზი ეს იყო.

- უდიდეს თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს.

პრაქტიკულად, არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ლიფტის კარი კაბინის მოსვლის გარეშე იღება...

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე სართულზე კარი ღრიჭოდ არის დარჩენილი, ლიფტი კი სხვა სართულზე დგას. შესაძლოა, ჩვენ ღრიჭოდ გაღებულ ლიფტის კართან ვიდგეთ და ამ დროს ლიფტს ვიძახებდე, ის კი არ მოდიოდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ღრიჭოდ დარჩენილი კარის გაღების მცდელობა დაუშვებელია. თუ ლიფტის კარის ჩამკეტები გამართულია, კარს ბოლომდე ვერავინ გააღებს, მაგრამ თუ კარის ჩამკეტები გაუმართავია, კარი ადვილად გაიღება და შესაძლოა, უბედურებამაც არ დააყოვნოს.

თუ ადამიანმა ცარიელ კარში მექანიკურად შეაბიჯა, ცხადია, ის შახტში გადავარდება. და თუ ამ დროს ლიფტიც ამუშავდა და ადამიანი მოიყოლა, საუბედუროდ, ტრაგედიას ვერ ავიშორებთ.

ბოლო ტრაგედია, თუ არ ვცდები, სწორედ ასეთ სიტუაციაში მოხდა.

- რამ შეიძლება დააზიანოს ლიფტის კარის ჩამკეტები.

- ძირითადად, უხეშმა ზეწოლამ, რაც ზოგიერთი მგზავრისაგან, სამწუხაროდ, ხშირია. ან დაუდევრობამ, - როდესაც მოსახლეობა სადარბაზოს უჯრედებს რეცხავს და ლიფტებში წყალი ჩადის, ლიფტის კარის ჩამკეტები ამ დროსაც ზიანდება. ამიტომაც, ლიფტი ხშირად უნდა შემოწმდეს.

- არსებობს მოწყობილობა, რომელიც ლიფტის დაზიანებულ ნაწილებს ამოიცნობს? მაგალითად, ისე, როგორც ბუნებრივი აირის გაჟონვას ვამოწმებთ.

- არსებობს, უცხოეთში. მაგრამ უცხოეთში ლიფტები ელექტროსისტემაზეა გადაყვანილი და ამიტომაც მუშაობს მსგავსი მოწყობილობა. ჩვენთან კი სამწუხაროდ, სალიფტო სისტემა თითქმის მთლიანად მექანიკურია. ამიტომაც ამ ხელსაწყოს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ გამოვიყენებთ.

- ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაზისუბნის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატების კომენტარები გამოჩნდა. ამტკიცებენ, ამ კორპუსიდან ლიფტის შეკეთებაზე მომართვა არ გვქონიაო, სახელმწიფოს რა როლი ეკისრება ლიფტების გაუმართაობაში?

- როდესაც თავად მოსახლეობა არ მიმართავს ლიფტის გამოცვლისათვის, არც არაფერი როლი არ ეკისრებათ კონკრეტულ ფიგურებს. თუმცა, სახელმწიფოს სიღატაკეს როგორ არ აქვს როლი მსგავს ტრაგედიებში, - ჩვენი ლიფტები ძველია, უმეტესობას უკვე სრულად გამოცვლა სჭირდება, რაც დიდი თანხა ჯდება, ამიტომ ამაზე არავინ ფიქრობს. გარდა ამისა, საგადასახადო სისტემაც მოუგვარებელია, რომ პროფესიონალი და საქმის ერთგული ლიფტიორები გვყავდეს.

უცხოეთში ლიფტის გადასახადი ჩვეულებრივ კომუნალურ გადასახადებში შედის, რაც სალიფტო სისტემას გამართულად მუშაობის საშუალებას აძლევს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ: მკვლელი ლიფტები