"გამორიცხული არც ის არის, რომ რუსეთი დაიშალოს, რაც ჩვენ ძალიან არ გვაწყობს. დაშლილ რუსეთში შეიძლება ისეთი სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს, რომ ჩვენ წარმოდგენაც კი გაგვიჭირდეს" - კვირის პალიტრა

"გამორიცხული არც ის არის, რომ რუსეთი დაიშალოს, რაც ჩვენ ძალიან არ გვაწყობს. დაშლილ რუსეთში შეიძლება ისეთი სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს, რომ ჩვენ წარმოდგენაც კი გაგვიჭირდეს"

ნაწყვეტი "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან ანალიტიკოსს მამუკა არეშიძესთან

- დღემდე ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, რამდენად სწორია ან რამდენად შეესაბამება რეალობას?

- კონკრეტულ წრეებში ნამდვილად იყო ამ საკითხზე საუბარი. ეს იყო გასული წლის 4 მარტს, შემდეგ განმეორდა აპრილსა და მაისში, მაგრამ ამის შემდეგ მსგავსი აღარაფერი მსმენია. ბოლო დროს ძალიან ცუდად მომხვდა ყურში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ნათქვამი, რომ არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. მე არა მაქვს იმის დამადასტურებელი არგუმენტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არასანქცირებული ტვირთი გადის, ისევე როგორც არა მაქვს არგუმენტი იმისა, რომ ბოლო ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში ვინმე საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ახლა სურათი რადიკალურად არის შეცვლილი. დასავლურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ყოველთვის აქტიურობდნენ ძალები, რომლებსაც ქართული მხარის ომში ჩართვის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენს რეგიონში დასავლეთთან დამაკავშირებელ ენერგეტიკულ პროგრამებს ჩაეყარა საფუძველი, ამ ძალების აქტიურობას ვეღარ ვამჩნევ.

- ასე თუ განვსჯით, დასავლურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში რუსული ფულით მოსყიდულ პოლიტიკოსებსაც აღმოვაჩენთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დასავლეთი დღეს რუსულ ინტერესებს ატარებს.

- სწორედაც რომ აღმოვაჩენთ. რაც შეეხება საქართველოს ომში ჩათრევის თემას, კი ბატონო, აღარ არის ახლა მართებული ამ საკითხზე გაუთავებელი საუბარი. თუმცა ასევე არ არის სწორი გაუთავებლად საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება. მე ვესაუბრები როგორც დასავლელ, ასევე რუს პოლიტოლოგებს და შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ "ქართულ ოცნებას" არავინ აფასებს რუსეთზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალად.

- როგორ ახსნით პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველო ნეიტრალური მედიატორი უნდა იყოს?

- ვფიქრობ, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ისეთი შუალედური პოზიცია უნდა დაიკავოს, თავად საქართველოში არ გამწვავდეს ვითარება. ლავირება ახლა ნამდვილად ძალიან გვჭირდება.

- ლავირება დასავლელი პოლიტიკოსების ლანძღვა-გინებას არ უნდა ითვალისწინებდეს.

- მმართველი გუნდის ერთი ნაწილის მიერ დასავლელი პოლიტიკოსების აგდებულად მოხსენიება ნამდვილად არასწორია. რაც შეეხება კრიტიკას, ამის უფლება ყველას აქვს და ამას ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი ნამდვილად იმსახურებს, რადგან პირადი სიმპათიებიდან გამომდინარე საუბრობენ. ფრანგ და ბელგიელ ევროპარლამენტარებს ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, ათი-თხუთმეტი კაცის პოზიციაზე ასე მტკივნეულად რატომ რეაგირებთო. ევროპარლამენტი ჭრელი სტრუქტურაა, სადაც სხვადასხვა ლობისტური ჯგუფი მუშაობს. კორუფციულ სკანდალებზე კი ყურადღებას არ გავამახვილებ.

- ევროპარლამენტში კორუფცია თუ არის, მჟღავნდება კიდეც და რეაგირებაც მოჰყვება.

- ზოგი მჟღავნდება, ზოგი არა. მაგალითად, ჩვენი ზოგიერთი მეზობლის ლობისტური საქმიანობის შედეგები ჯერ არ გამომჟღავნებულა.

- რომელ მეზობელს გულისხმობთ?

- სამხრეთელ მეზობელს ვგულისხმობ. რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი ჰყავთ მოსყიდული იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არსებული არადემოკრატიული პროცესი, ადამიანების უფლებების დარღვევები მიიჩქმალოს.

- ჩვენს ხელისუფლებას მორალი არ აძლევს საშუალებას თუ ფინანსური შესაძლებლობა ლობისტების დასაქირავებლად?

- "ქართულმა ოცნებამ" თავიდანვე უარი თქვა ლობისტურ ჯგუფებთან თანამშრომლობაზე. ლობისტურ ჯგუფებთან თანამშრომლობა აუცილებელია, იმიტომ კი არა, რომ ცუდი საქმე დასავლურ სამყაროში კარგად გაასაღო, არა, სიმართლის გასატანად საჭიროა მხარდაჭერა.

- ამ ყველაფრის ფონზე, რა გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით, თუ რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, რა გაფორმდება უკრაინის გამარჯვებად. უკრაინამ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენად გააფორმოს 2014 წლის მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტატუსის დაბრუნება, თუმცა არც უკრაინის უპირობო გამარჯვება და რუსეთის სრული კრახია გამორიცხული. მესამე ვარიანტიც არის - შეიძლება ვერც რუსეთმა გაიმარჯვოს და ვერც უკრაინამ.

შეიძლება საბოლოოდ რუსეთმა უარი თქვას ხერსონის, ყირიმის, ზაპოროჟიესა და დონეცკის მიერთებაზე, მაგრამ ეს რეგიონები კონფლიქტურ ზონებად დარჩეს. დასავლეთში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინას რაც შეიძლება უკეთესი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს მოლაპარაკების წინ, მაგრამ კიევი ნებისმიერი მოლაპარაკების წინააღმდეგია. ძალიან ბევრი ვერსიაა, მათ შორის გამორიცხული არც ის არის, რომ რუსეთი დაიშალოს, რაც ჩვენ ძალიან არ გვაწყობს. დაშლილ რუსეთში შეიძლება ისეთი სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს, რომ ჩვენ წარმოდგენაც კი გაგვიჭირდეს.

- როგორ შეიძლება დაშლილი რუსეთი ჩვენთვის იმაზე მეტი საფრთხე იყოს, ვიდრე ახლა არის ან რატომ არის ჩვენთვის საშიში რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო დაპირისპირება?

- ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქაოსურ კავკასიასთან ჭიდილის მძიმე ისტორიული გამოცდილება გვაქვს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შესაძლო გამოწვევებისთვის. საქართველოში არ არსებობს ანალიტიკური ცენტრები, რომლებსაც შეიძლება მთავრობა დაეყრდნოს. წაიკითხე სტატია სრულად