"თუ მიდიხარ, კაცურად უნდა წახვიდე, შვილებსა და მეუღლეს არ უნდა გაუფუჭო ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"თუ მიდიხარ, კაცურად უნდა წახვიდე, შვილებსა და მეუღლეს არ უნდა გაუფუჭო ცხოვრება"

ეპოქა დასრულდა! - ამბობენ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებით დამწუხრებული სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პოლიტიკური თუ კულტურული ელიტის წარმომადგენლები. ცნობილი მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნათლისღებას უკანასკნელ გზაზე ფილარმონიიდან გააცილეს და ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს, დედისა და მეუღლის გვერდით. როგორც სჩვეოდა, თავისი საფირმო ღიმილით გამიღებდა ხოლმე კარს. კართან ბავშვის ეტლი იდგა, თვალებგაბრწყინებული მანიშნებდა ხოლმე, ეს ოჯახის ყველაზე საპატიო წევრის, ჩემი შვილთაშვილისაა, რომელიც ყველას გვაგიჟებსო. მერე სასტუმრო ოთახში ჩემთვის ყავას, მისთვის კი საფერფლეს და სიგარეტს მოიმარაგებდა და იწყებოდა ინტერვიუ. ისეთი გულიანი საუბარი იცოდა, წინასწარ ვიცოდი, რომ მასთან შეხვედრის დღეს სხვა არაფერი უნდა დამეგეგმა. "კვირის პალიტრა" უსამძიმრებს ქვეყანას, ოჯახს, ახლობლებს ამ დანაკლისს და ბუბა კიკაბიძესთან სხვადასხვა დროს ჩაწერილი ინტერვიუებიდან ამონარიდებით გაიხსენებს მას, მისი ცხოვრების საინტერესო მომენტებს, შეხედულებებს...

"როგორი ადამიანიც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლება"

"მეგონა, სანამ მე ვიქნებოდი, დედაც სულ მეყოლებოდა... ადრე არასდროს ვნახულობდი სიზმარში, რაც წავიდა, მას შემდეგ კი სულ მესიზმრება. ჩვენი თაობის დედებმა ძალიან ბევრი გაჭირვება გადაიტანეს...

დედა ძალიან კარგი მომღერალი იყო. მღეროდა ბიძაჩემის, ჯანო ბაგრატიონის ჯაზ-ორკესტრში, მერე საქართველოს სახელმწიფო კაპელაში, მას შემდეგ კი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიონის ტაძარში გალობდა. მორწმუნე ქალი იყო. ერთხელ, დაახლოებით 9-10 წლის რომ ვიყავი, ვკითხე, დედა, სულ ღმერთს რომ ახსენებ, იცნობ-მეთქი? როგორ არა, ყოველდღე ვხედავო, მიპასუხა... როგორია-მეთქი? შენ ხარ... ყველა ადამიანში არის ღმერთი. როგორი ადამიანიც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო, მომიგო. სწორია!"

"დედა რომ დავკრძალე, მამაჩემის ფოტო ჩავაყოლე, ვითომ ერთად არიან"

"გარეგნულად მამას ვგავარ, დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო. მეგობრებივით ვიყავით, ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი დედაა! მამაც თუ ჰყავს, ბიჭისთვის, მით უმეტეს, კარგია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვები ახალ წელს სულ ელიან თოვლის ბაბუას. ჩემი თაობის ბავშვებისთვის თოვლის ბაბუა იყო მამა... ოჯახის კაცი, რომელიც უნდა მოვიდეს ღამე და ბავშვმა დილით ნახოს ფეხსაცმელში ჩადებული მისი დანატოვარი საჩუქარი... მე სულ ვეძებდი, მაგრამ ჩემს ფეხსაცმელში არასდროს არაფერი არ იდო, იმიტომ, რომ მამა არ იყო... ოფიციალური ვერსიით, მამა ქერჩთან დაიღუპა. დედა რომ დავკრძალე, მამაჩემის ფოტო ჩავაყოლე, ვითომ ერთად არიან".

"დედა სულ მეუბნებოდა, არა გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით სცენაზე რომ მღერიო?!"

"ჩემი ონავრობის გამო დედას ხშირად იბარებდნენ სკოლაში. ერთხელ მესამე კლასში დამტოვეს, მეორედ - მეექვსეში, მესამედ - მერვეში. ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა ანუგეშა, ნუ ნერვიულობ, მანანა, შენი ბიჭი არტისტი გამოვაო...

სკოლის დამთავრების შემდეგ ხან მშენებლობებზე ვმუშაობდი, მერე კინოსტუდიაში, მულტიპლიკაციის "ცეხშიც" ვხატავდი... შემდეგ ავმღერდი. დედა სულ მეუბნებოდა, არა გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით სცენაზე რომ მღერიო?!

"რეროს" სახელმწიფო ორკესტრისთვის კონკურსი რომ გამოაცხადეს, ძია ჯანოს ვთხოვე, მიმიყვანე, გამსინჯონ-მეთქი. არ მიმიღეს, ხრინწიანი ხმა გაქვსო. დასკვნა ასეთი იყო: „Его хриплый голос отдает загнивающим Западом“. ასე ეძახდნენ მაშინ დასავლეთს. მოგვიანებით, ვზივარ სახლში და დამირეკა ვახტანგ გოჩიაშვილმა, რომელიც იმ საბჭოში მჯდარა, რომელმაც დამიწუნა. გვარს თუ გამოიცვლი, 2 კვირაში რუსეთში გასტროლებზე წაგიყვანო. პირველი კონცერტი როსტოვში ჩატარდა. პირველ წერილში, რომელიც ჩემზე დაიწერა, მიწასთან ვიყავი გასწორებული: "კონცერტის ბოლოს გამოდის ახალგაზრდა გამხდარი მამაკაცი და ხრინწიანი ხმით ყვირის მიკროფონში", - ეს იყო 1959 წელი. ასე დავიწყე... შემდეგ იყო "დიელო", პირველად საზღვარგარეთ მათთან ერთად გავედი. მერე კი "ორერა", რომელთან ერთადაც ხუთივე კონტინენტი მოვიარე...

ერთადერთი ადამიანი, კონცერტზე ვისი დასწრების დროსაც ვნერვიულობდი, იყო დედაჩემი. მერე მითხრა, გვიან, უკვე ხანში შესულმა, რადგან ბილეთებს ყიდულობენ შენს კონცერტებზე დასასწრებად, ალბათ, მე რაღაცას ვერ ვიგებო". გააგრძელეთ კითხვა