ოთხი წელი სააკაშვილის ციხეში: რატომ მიუსაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიტოლოგსა და სამხედრო ექსპერტს? - კვირის პალიტრა

ოთხი წელი სააკაშვილის ციხეში: რატომ მიუსაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიტოლოგსა და სამხედრო ექსპერტს?

იხილეთ პირველი ნაწილი

2004-2008 წლებში ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი, ცნობილი პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც "ნაცხელისუფლებამ" საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის I ნაწილით (ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე) და 314-ე მუხლის II ნაწილით (ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თორმეტიდან ოც წლამდე) გაასამართლა. 2010 წლის 29 იანვარს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ. მაისაიას ოცი წლით (!!!) თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თავად ვ. მაისაიამ სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა რა: თითქმის ოთხი წელი გაატარა ვ. მაისაიამ ციხეში და მხოლოდ 2013 წლის იანვარში, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. რას ედავებოდნენ მას? ვ. მაისაიასა და მის ოჯახს თავსგადახდენილი ტრაგიკული ისტორია იმდენად დაუჯერებელია, რომ შუასაუკუნეების ინკვიზიციის ფანტასმაგორიული დანაშაულების ასოციაციებს იწვევს. საქმე კი ამგვარად "იკერებოდა" - 2009 წლის 5 მაისს ე.წ. "მუხროვანის ამბოხება", უფრო ზუსტად კი - ამბოხის პროვოცირება მოხდა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია ევროპაში. ვ. მაისაიას სლოვაკი კოლეგა-ანალიტიკოსი დაუკავშირდა და "ამბოხების" შესახებ შეკითხვები დაუსვა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და სამხედრო "ტელეშოუ" (ალბათ, გაიხსენეთ ტელეკადრები: მ. სააკაშვილი ჩასისხლიანებული თვალებით ეგზეკუციას რომ უწყობს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს. თუმცა "ორ გვამს" რომ ითხოვს შსს მინისტრი, ის კადრები მაშინ, "რატომღაც" არ უჩვენებიათ) რეალობას. ვ. მაისაიას აზრით, სამხედრო ამბოხებას ადგილი არ ჰქონია და მოუცლელობის გამო სთხოვა თანამოსაუბრეს, ორ საათში დაერეკა უფრო დეტალური ინფორმაციისთვის. ვ. მაისაია უკვე 2008 წლის დასაწყისიდან იყო აყვანილი "კონტროლზე" (ხორციელდებოდა თვალთვალი და ფარული მიყურადება) და ეს საუბარიც ცნობილი გახდა შსს-სთვის. შედეგად, ვ. მაისაია 2009 წლის 5 მაისს, საღამოს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. "ნაცრეჟიმმა" ეს ფაქტი დიდ პიარად აქცია.

უკვე მეორე დღეს, 6 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასაკვირი ოპერატიულობით გაავრცელა შემდეგი განცხადება: "ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მაისაიას კავშირი დადგინდა... მათგან მიღებული დავალებების შესაბამისად, ვახტანგ მაისაია ამზადებდა და დაშიფრული სახით, ელექტრონული ფოსტით აგზავნიდა სხვადასხვა ინფორმაციას, რომლის ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა. მათ შორის - ინფორმაციას საქართველოში არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების, სამთავრობო ცვლილებების და ქვეყნის მიერ შეძენილი შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის შესახებ". ვახტანგ მაისაია პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ

საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმაც კვლავ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია და სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, დაკავებული დამნაშავედ ცნო და სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი: "აგვისტოს ომის დროს, ყოველ ორ საათში თუ საათ-ნახევარში ერთხელ - გამოძიება ადგენს, მაგრამ ეს დადგენილია უკვე და ისიც (მაისაია) ადასტურებს, რომ ის გადასცემდა საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა... რანაირი მორალის და ზნეობის მატარებელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ღიად მუშაობს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ემუშავება გაცნობიერებულად მისი ქვეყნის მოწინააღმდეგეს, არამედ ღია სამხედრო დაპირისპირების დროს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ჯარი განადგურდეს, ჩვენი დედაქალაქი დაიბომბოს იმიტომ, რომ თბილისიდან აწვდიდა პოზიციებს და ეს გამოყენებული იქნა შემდეგ სამიზნეების შესარჩევად და ყველაფერ ამას აკეთებდა ფულის გულისთვის". როგორ ფიქრობთ, ვისთვის და რა ტექნიკური საშუალებებით უნდა გადაეცა ვ. მაისაიას ინფორმაცია თბილისის დასაბომბი სამიზნეების შესახებ ისე ოპერატიულად, რომ რუსეთის ავიაციას ინფორმაცია მიეღო, გაეანალიზებინა და იერიში განეხორციელებინა? მაშინ ქართველი პროფესორი პირდაპირ კავშირზე უნდა ყოფილიყო რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურებთან და პირადად ვ. პუტინთან! ალბათ, სააკაშვილის "ცერბერებს" ფანტაზიის უნარი არ ეყოთ, ამგვარი "სუპერსენსაციისთვის"! თბილისში მყოფი ვ. მაისაია როგორ ახერხებდა გორისა და ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ განვითარებული საომარი მოვლენების პოზიციების დანახვასა და ანალიზს? ის იქნებ უნიკალური ტელეპათიური ნიჭითაა დაჯილდოებული? მაშინ ციხეში კი არ უნდა ჩაესვათ, არამედ - ხელისგულზე უნდა ეტარებინათ! "აგვისტოს ომის" დროს ქართული ტელეარხები და მედიასაშუალებები უწყვეტ რეჟიმში გადასცემდნენ ინფორმაციას ქართული ჯარების გადაადგილების, აღებული თუ დატოვებული სოფლების, რეზერვისტების განლაგებისა და გადაადგილების შესახებ. თუმცა შეიძლება საქართველოს "ჯაშუშთმმუსვრელ" პრეზიდენტს ეგონა, რომ მტერი ქართულ არხებს არ უყურებდა და ამის იმედად იყო (ისე, არც ესაა გამორიცხული). თბილისში კი ის სამიზნეები, რომელზეც მტერმა იერიში მიიტანა, რუსეთს წლების წინ შერჩეული და შეფასებული ჰქონდა და ვინმეს მიერ ცეცხლის კორექტირების იმედად არ იქნებოდა.

ჩემი აზრით, ვ. მაისაიაც ჩვენსავით ტელევიზორს იყო მიჯაჭვული და ქართული სამხედრო შენაერთების უკანდახევით გამწარებული ბოღმას გულში იკლავდა.

ვ. მაისაიას ჯაშუშობის ბრალდება მ. სააკაშვილს იმიტომ სჭირდებოდა, რომ "აგვისტოს ომში" დამარცხების "განტევების ვაცი" ეპოვა (ერთერთად ვ. მაისაია შეარჩიეს) და "ჯაშუშების გამოვლენის" სენსაციური განცხადებებით "მუხროვანის ამბოხი" გადაეფარა!

2009 წლის 6 მაისს შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც სამინისტროს განმარტებით, ვახტანგ მაისაიას აღიარებით ჩვენებას ასახავდა. ის სატელევიზიო ეკრანზე საკმაოდ შეცბუნებული და აღელვებული ჩანდა. სახეზე დიდი ნერვიულობა ეტყობოდა. წინასწარ დაწერილ ტექსტს მონიტორზე კითხულობდა და მისი პასუხები მექანიკური იყო. ფაქტია, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარდა, მისი აღიარებითი ჩვენების მოპოვების სხვა მტკიცებულება სპეცსამსახურებს არ გააჩნდათ. ამ დროს ზემოქმედების ყველაზე ნაცადი ხერხი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის "შემთხვევითი" ხსენებაა, მით უფრო, ვ. მაისაიას თვალწინ კონტრდაზვერვის თანამშრომლების საუბარი მისი მეუღლის დაკავებისა და "უბედური შემთხვევის" ინსცენირებით ლიკვიდაციის შესაძლებლობაზე. ვინ გაუძლებს ამას?

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ვახტანგ მაისაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2009 წლის 5 მაისს, დაკავების შემდეგ "მოდულის" შენობაში, ერთ-ერთ კაბინეტში აიყვანეს, სადაც დახვრეტის იმიტაცია მოუწყვეს და დაემუქრნენ, რომ თუ არ აღიარებდა ჯაშუშობას, იმავე კაბინეტში მოკლავდნენ და გაითამაშებდნენ ინსცენირებას, რომ ვითომ მან მძევლად აიყვანა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი და გაქცევის მცდელობისას მოხდა მისი ლიკვიდაცია. კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ისიც მითხრეს, ე.წ. "მუხროვანის ამბოხის" ორგანიზატორების საქმე გადაწყვეტილია, ისინი ლიკვიდირებულნი იქნებიან და, თუ არ გინდა, შენც მათი ბედი გაიზიარო, აღიარებითი ჩვენება მოგვეციო. სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობა იძულებით ვაღიარე, რადგან ფიზიკური ლიკვიდაციით და დედაჩემისა და მეუღლის დაპატიმრებითა და ლიკვიდაციით მემუქრებოდნენო - განაცხადა მაშინ ვ. მაისაიამ.

საქართველოს კონტრდაზვერვამ ამ "აღიარების" საფუძველზე შემდეგი "ლოგიკური" სქემა ააგო: ვითომდა ვ. მაისაია ნატოს წევრი ქვეყნის, სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვას გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას (ანალიტიკური ცნობების სახით) საქართველოს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, შემდეგ კი ეს ინფორმაცია ნატოს სადაზვერვო დანაყოფში იყრიდა თავს. ამ შეთითხნილი საქმის მიხედვით გამოდიოდა, რომ ვ. მაისაია სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა გადასცეს "სამართავად" თავიანთ ამერიკელ კოლეგებს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან. მაგრამ ნატო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ბრალდების ეს ვერსია სერიოზულად მოიკოჭლებდა: სააკაშვილი იმით ხომ ვერ იტრაბახებდა, ნატოს ჯაშუში დავაკავეთო?! ამიტომ ჩვენმა "შტირლიცებმა" შექმნეს შემდეგი, საკმაოდ ჩახლართული ვერსია: სლოვაკეთის მოქალაქები, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის ორი ანალიტიკოსი (სწორედ ერთ-ერთმა დაურეკა "ამბოხების" დღეს), რომელთაც ვ. მაისაია ინტერნეტით ანალიტიკურ მასალას უგზავნიდა და რომლებიც (ჩვენი კონტრდაზვერვის მტკიცებით) თან სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ, რეალურად "რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის" (ასეთი სპეცსამსახური კი ბუნებაში არ არსებობს!)... აგენტები ყოფილან. იმედია არ დაიბენით! ასე ირიბად დაუკავშირეს ვ. მაისაია რუსეთის სპეცსამსახურებს! ქართულმა მხარემ სასწრაფოდ აცნობა სლოვაკეთის სპეცსამსახურებს, რომ მაისაია რუსეთის აგენტია და თქვენი მოქალაქეებიც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობენო! მათაც თავში ხელი შემოირტყეს, "ეს რა მოგვსვლიაო" და ორივე ანალიტიკოსი დააკავეს, დაჰკითხეს და... სახლში გაუშვეს. აქ, ნორმალურ ქვეყანაში, წერტილს დაუსვამდნენ და ვ. მაისაიას გაათავისუფლებდნენ, რადგანაც: ლოგიკურად, თუ სლოვაკები რუსეთის აგენტები არ აღმოჩნდნენ, მაშინ თავად ვ. მაისაიაც არ ყოფილა მითიური "რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის" (როგორც სასამართლოს განაჩენშია ჩაწერილი) მიერ გადაბირებული ჯაშუში. ნატოს სადაზვერვო საქმიანობის "შიდა სამზარეულოს" საქმეები კი ცალკე, დელიკატურად და პარტნიორულად განიხილებოდა.

თუმცა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მისთვის ჩვეული, სკანდალებისა და "მოდელირებული სენსაციების" გზა აირჩია. პარალელურად, მ. სააკაშვილის რეჟიმს ვ. მაისაიას საქმის გამოყენება "შიდა პრობლემების" მოსაგვარებლადაც სურდა.

ვ. მაისაიას აიძულებდნენ, ჯაშუშობაში თანამონაწილედ ის ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები, სამხედროები, ჟურნალისტები და ექსპერტები დაესახელებინა, რომლებიც ოპოზიციურად იყვნენ განწყობილი სააკაშვილის რეჟიმის მიმართ. ვ. მაისაია რამდენჯერმე სასტიკად აწამეს: ხელფეხშეკრულს თავზე ცელოფნის პარკი ჩამოაცვეს და გონების დაკარგვამდე მიჰყავდათ. 2010 წლის აგვისტოში კი ისე დაუნდობლად სცემეს, რომ თავის მძიმე ტრამვა მიიღო. თუმცა ვ. მაისაიამ გაუძლო და ადამიანური სახე ბოლომდე შეინარჩუნა. იქნებ "მიშას ფან-კლუბს" აინტერესებს, თუ როგორ აიძულებდნენ საკვების მიღებას მოშიმშილე პატიმრებს? ვ. მაისაია იხსენებს, რომ მის თანასაკნელებს გლდანის ციხის ადმინისტრაცია სასტიკად სცემდა იმ მიზეზით, რომ მან შიმშილობა დაიწყო და ასე გაგრძელდებოდა, თუ შიმშილობას არ შეწყვეტდა. ამით ცდილობდნენ დაპირისპირება გამოეწვიათ მაისაიასა და თანასაკნელებს შორის. ბოლოს კი, უნდა ითქვას, რომ ვ. მაისაიას საქმის გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება :ვითომდა უცხო ქვეყნების "სპეცსამსახურების თანამშრომლებთან" კონტაქტისა და მათთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ფაქტები მტკიცებულებებით გამყარებილი არაა და ეს "ჯაშუშობის" საქმე "თეთრი ძაფითაა ნაკერი".

ვ. მაისაიას დაკავებას და გასამართლებას "ნაციონალური" ხელისუფლების დიდი ჟივილ-ხივილი და "ქვეყნისთვის თავდადებული სპეცსამსახურების" საქებარი "პიარ-აქციები" მოჰყვა. მერე და მერე კი სააკაშვილის რეჟიმს მადა გაეხსნა და საქართველოში შიდა პრობლემების "გადასაფარად" იმრავლა "აგენტების" დაკავების ფაქტებმა. გავიხსენოთ: ე.წ. ოპერაცია "ენვერი", "ფოტოგრაფების საქმე", "კოჭოია ტერორისტები", პოლკოვნიკ ს. თეთრაძის ტრაგედია და სხვ. საოცარი ერი ვართ ქართველები, ბოროტებასა და არაადამიანურ სისასტიკეს ისე სწრაფად ვივიწყებთ, თითქოს, ჩვენს თავს არ ტრიალებდა ცოდვის ქარ-ბორბალა. თითქოს, ვიღაც უცხოპლანეტელებს უჩეხავდნენ თავს ან წამებით აიძულებდნენ, "ეღიარებინათ" სხვადასხვა კაბინეტებში შეთხზული ჯაშუშობის ბრალდებები. უკვე დაავიწყდათ: ასეულ ათასობით პრობაციონერი შიშით სახლიდან ვერ გამოდიოდა და მხოლოდ მორიგი არჩევნების დღეს, "რეჟიმის ცერბერების" მეთვალყურეობით, მწყობრი ნაბიჯით მიემართებოდა "დემოკრატიის შემომქმედისთვის" ხმის მისაცემად. საარჩევნო ყუთებთან კი "ცერბერთა" სხვა ჯგუფი აკონტროლებდა და აღრიცხავდა, თუ ვინ გამოცხადდა და ვის მისცა ხმა - განა ასე არ იყო? უკვე ითქვა და მეც დავეთანხმები: პატიება და მიტევება აუცილებელი დიდსულოვნებაა, თუმცა ვინც არ აღიარებს ჩადენილ ბოროტებასა და დანაშაულს, კვლავ გულში იმავეს ფიქრობს და ისევ ბოროტების გაკეთებით იქადნის - მას, როგორ უნდა აპატიო და მიუტევო?

კიდევ იმიტომ ვართ საოცარი ერი, რომ ბოროტებისა და სიკეთის გარჩევა გვიჭირს, თანაც სიკეთეს ბოროტებაზე სწრაფად ვივიწყებთ. განა რომელი თანამდებობა ღირს იმად, რომ შენი პოლიტიკური კარიერისთვის უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება-წამება-ცემა დაგეგმო და დავალება გასცე? სასამართლომდე თავად გამოუტანო განაჩენი ეჭვმიტანილს და ჯაშუშობის ბრალდებებით ტელევიზორის ეკრანიდან იკეკლუცო? ათასობით ოჯახები გაწირო და ბოროტებისა და არაკაცობის უმძიმესი ლოდი, სატარებლად შენს ჯიშ-ჯილაგს, შენს შთამომავლობას აჰკიდო სამარადჟამოდ? ფიქრობენ კი ამაზე მ. სააკაშვილი და მისი მაშინდელი რეჟიმის დიდ-პატარა ჯალათები? - მეეჭვება. მაშინ მათ უსწრაფესად მოირგეს მაღალი თანამდებობები და "ცოდვის კალო" დაატრიალეს. ახლაც იმავეს გაიმეორებენ, რომ მიუშვა. "თანამედროვე დოქსოპულოებისთვის" ყოველთვის ასეა: უკონტროლო ძალაუფლება ბოროტების სათავე ხდება.

გაგრძელება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს