"ოპერაცია ენვერი": სად დაიგეგმა და ვის ინტერესებში იყო ჯაშუშობის ბრალდებით ქართველი მფრინავების დაპატიმრება? - კვირის პალიტრა

"ოპერაცია ენვერი": სად დაიგეგმა და ვის ინტერესებში იყო ჯაშუშობის ბრალდებით ქართველი მფრინავების დაპატიმრება?

ჩვენს ქვეყანაში მოვლენები იმდენად დინამიკურად ვითარდება, რომ შესაძლოა, ბევრს გადაავიწყდა "მიშას სპეცსამსახურების" "ძლევამოსილი" ოპერაცია", "ენვერი" და რუსეთის "გე-ერ-უს" ჯაშუშთა ქსელის "საკვირველი" აღმოჩენა და "განეიტრალება" ქართული კონტრდაზვერვის მიერ. ერთად გავიხსენოთ თერთმეტი წლის წინ განვითარებული მოვლენები, რომლებიც მაშინდელი ხელისუფლებისთვის მორიგი პიარაქცია იყო, ხოლო "ჯაშუშობისთვის" დაპატიმრებულ-გასამართლებულთა და მათი ოჯახებისთვის - უდიდესი ტრაგედია.

2010 წლის 29 ოქტომბერს, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოთხწლიანი დაძაბული ოპერატიულ-ტექნიკური სპეცოპერაციების შედეგად მათ გამოავლინეს და დააკავეს საქართველოში მოქმედი რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გე-ერ-უ) აგენტურული ქსელი. დაკავებული 13 პიროვნებიდან ცხრა - საქართველოს, ხოლო ოთხი - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. ისინი ვითომდა გე-ერ-უს გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ში სხვადასხვა კომპანიასთან დადებული საიდუმლო შესყიდვების ხელშეკრულებების, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანთა პირადი მონაცემების შესახებ. ხოლო დაკავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავები, ვითომდა, გე-ერ-უს გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენების განრიგების, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების და ა.შ. შესახებ. ერთი დაკავებული კავშირგაბმულობის ოფიცერი კი, ვითომდა, გე-ერ-უს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას სამხედრო კავშირგაბმულობისა და რადიოსახმისების შესახებ. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე კი გე-ერ-უს მეკავშირედ დასახელდა. ზემოაღნიშნულ პირებს ბრალდებოდათ "აგვისტოს ომის" დროს მტრისთვის საიდუმლო ინფორმაციის რეგულარული მიწოდება, რამაც, "ნაცბელადების" მტკიცებით, ომში დამარცხება გამოიწვია. ყველასათვის ცნობილია, თუ რა გალაღებულად მოქმედებენ რუსეთის სპეცსამსახურები ჩვენს ქვეყანაში და ჯაშუშების გამოვლენის ინფორმაციამ საზოგადოებაში თავდაპირველად დიდი კმაყოფილება გამოიწვია, შემდეგ კი - ჯერ იმედგაცრუება დადგა, ბოლოს კი - სამართლიანი აღშფოთება.

სპეცოპერაცია "ენვერის" საქმეს თავიდანვე საიდუმლოების გრიფი დაედო და იძულებულნი ვიყავით ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დავჯერებოდით. "ენვერი" რომ საექსპორტო პიარაქციად იყო ჩაფიქრებული, მალევე გაირკვა. 2010 წლის 29 ოქტომბერს სააგენტო "როიტერმა", ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, მთელ მსოფლიოში გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს შსს-ს მიერ რუსეთის ჯაშუშების დაკავების შესახებ. შემდეგ კი უკვე ქართული მედია "ჩაერთო საქმეში". თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს "სენსაციური სპეცოპერაცია", უპირველესად, უცხოურ მასმედიაზე იყო გათვლილი, ამიტომაც მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შსს-მ "როიტერს" და არა - "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას", თუმცა ამ ოპერაციის "მთავარმა რეჟისორმა" "რუსთავი-2"-ს თავისი ფუნქცია მიუჩინა. ამ ტელევიზიის ჟურნალისტებისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ნაცოდვილარი ფილმი "ენვერი" ნამდვილი პაროდია იყო საქართველოს სპეცსამსახურებზე. ამ ფილმის "დოკუმენტური" კადრებისთვის, უკვე კარგა ხნით ადრე დაკავებულ "ჯაშუშებს" ქუჩაში... უშვებდნენ და შემდეგ ხელმეორედ აკავებდნენ და რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ჟურნალისტები უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. სასაცილო იყო ისიც, რომ ამ ფილმში "ჯაშუშების" დასაკავებლად ოპერატიულ ავტომანქანებს კი არ იყენებდნენ, არამედ - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების სამსახურებრივ, უკანასკნელი მოდელის "ტოიოტას" მარკის ლიმუზინებს, და ასე ასეირნებდნენ "რუსეთის ჯაშუშებს" წინ და უკან.

წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა მალევე გააჩინა მრავალი კითხვა: ჯაშუშობის მოტივაცია, გადაბირების დრო და ადგილი, კავშირის ფორმები, გე-ერ-უსთვის, ვითომდა, გადაცემული ინფორმაციის შესაძლო გავლენა "აგვისტოს ომზე" და კიდევ ბევრი სხვა დეტალი, ან დადგენილი არ იყო, ან კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ უაღრესად არადამაჯერებლად იყო "დასაბუთებული".

2010 წლის შემოდგომაზე, სასამართლომდე რვა თვით ადრე (!!!), "ნაცრეჟიმის" ლიდერები დაკავებულებს უკვე დამნაშავეებად და "რუსეთის ჯაშუშებად" მოიხსენიებდნენ. მაშინ რატომღაც არ ახსოვდათ უდანაშაულობის პრეზუმპცია!

ამის შემდეგ სასამართლოსაც სხვა რა გზა ჰქონდა დარჩენილი? 2011 წლის 6 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ 9 პიროვნება ცნო. ბრალდების მიხედვით განსასჯელები რუსეთის ფედერაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების, სამხედრო ავიაციის, შეიარაღებისა და ქვეყანაში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. მათ 9-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სასამართლოს დადგენილება დღესაც კურიოზულად ჟღერს: "გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსასჯელები გამოძიებით დაუდგენელ დროს და ვითარებაში გადაბირებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ და აგენტურულ კავშირზე იმყოფებოდნენ მათთან".

ბრალდებულებიდან ორმა (ერთმა სამხედრომ და ერთმა ბიზნესმენმა) აღიარეს ჯაშუშობა, რის შემდეგაც მათთან გააფორმდა საპროცესო შეთანხმება და ისინი მალევე გაათავისუფლეს. დანარჩენებმა კი, დანაშაული არ აღიარეს და მათ სასამართლომ, თითქმის, მაქსიმალური სასჯელი - 11-დან 14 წელი შუფარდა. თუმცა ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა ამ სხვადასხვა პროფესიის, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანების "ჯაშუშობის" მოტივაცია და გე-ერ-უს მიერ გადაბირების ფაქტი. ეს "წვრილმანები" ხელისუფლებას არც აინტერესებდა.

"ოპერაცია ენვერის" ავტორებმა და შემსრულებლებმა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის მადლობა და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები, ბევრმა ვადაზე ადრე მაღალ სამხედრო წოდებასაც გამოჰკრა ხელი. მაშინ ეს ოპერაცია ხელისუფლების და მასთან დაახლოებული ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების "მთავარი მონსტრის" - გე-ერ-უს დამარცხება. კიდევ ერთხელ გახმოვანდა "ნაცრეჟიმის" საკრალური ოცნება მათი მმართველობის განსაკუთრებულობის შესახებ, როდესაც სპეცოპერაცია " ენვერის " შემდეგ საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყება ამცნეს მსოფლიოს. ვერაფერს იტყვი, მართლაც რომ "თავმდაბლური" განცხადებაა. ფილმში გამჟღავნდა ქართველი კონტრმზვერავების "წარმატების" მთავარი საიდუმლო. საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, თურმე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გე-ერ-უში ჩანერგა აგენტი "ენვერი": საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდობა მოიპოვა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ მუშაობა დაიწყო. ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად მას გადასცეს სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაშიფრვა ხდებოდა. აღნიშნულმა პიროვნებამ ეს აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცა, რის შემდგომაც მათი მუშაობის სპეციფიკის შესწავლა გახდა შესაძლებელიო. მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სპეცსამსახური ოცნებობდა ამაზე, თუმცა "მიშას სპეცსამსახურები" ხომ ყველაზე მაგარი "იყო": ისინი უკვე ტრაბახობდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვა იმდენად დასუსტდა, დროა, ქართული სპეცსამსახურებისგან ისწავლოს ოპერატიული მუშაობაო. "ნაცრეჟიმის" ლიდერები მაშინ აცხადებდნენ: მითი რუსეთის სპეცსამსახურების უძლეველობაზე, ამ ე.წ. "სპეცოპერაციის" შემდეგ, დაიმსხვრაო და ქართულ კონტრდაზვერვას დიდ წარმატებას ულოცავდნენ. მართლაც, როგორ დასუსტებულა ერთ დროს უძლეველი გე-ერ-უ: ორმაგი აგენტი შევუგზავნეთ, ინფორმაცია გამოვიტანეთ, ოპერატიული კავშირები გავშიფრეთ, მათი ჯაშუშები გამოვავლინეთ და სამაგალითოდ დავსაჯეთ! ყოჩაღ, ჩაუქო კონტრმზვერავებო! მართლაც რომ ჯაშუშობის უმაღლესი პილოტაჟია, სიმართლესთან ოდნავ ახლოს რომ იდგეს!

"ნაცრეჟიმმა" განსაკუთრებით ბიზნესის წართმევისთვის იპოვა "მშვენიერი" გამოსავალი - ჯაშუშობის მუხლით გასამართლება: საქმეს გაასაიდუმლოებ, კანონიერ მეპატრონეს მრავალწლიან "სროკზე" გაუშვებ, აბეზარი ჟურნალისტები კითხვებს ვერ დასვამენ, ადვოკატებსაც პირი ექნებათ "ამოკერილი" და სხვისი ბიზნესი შეგრჩა ხახვივით! აი, ეს იყო მათი ფილოსოფია!

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადასტურდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შსს-ს მიერ "რუსეთის მზვერავებად" შერაცხული პიროვნებებისთვის ბრალეულობის დამტკიცება მხოლოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებულ თვითაღიარებას ემყარებოდა. ოპერაცია "ენვერის" ერთ-ერთი "კოლორიტული" პერსონაჟი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი (რომელმაც ჯაშუშობა "აღიარა") იმით გახდა "პოპულარული", რომ თავისივე ვერსიით, გე-ერ-უს კურატორს საქართველოს შეიარაღებული ძალების ვერტმფრენების შესახებ ინფორმაციას კოდირებული სიტყვებით აწვდიდა. ვერტმფრენი "თუთიყურში" იყო, "გალიიდან ორი თუთიყურში გამოფრინდა" ნიშნავდა, რომ ორმა სამხედრო ვერტმფრენმა ბაზა დატოვა და გაფრინდა. საინტერესოა, სულ რამდენი თუთიყურში ჰყავდა გალიაში ჩვენს კონტრდაზვერვას?

სამწუხაროდ, დღემდე არაა დადგენილი, თუ რეალურად ვინ იდგა "ოპერაცია ენვერის" უკან. ის კი კარგადაა ცნობილი, თუ ვინ იხეირა ამ ოპერაციით, კონკრეტულმა პიროვნებებმა: მათ, ვინც პიარის შედეგად დაწინაურება, ჯილდოები და წოდებები მიიღო; მათ, ვინც ბიზნესმენებს ბიზნესი წაართვა და მათ, ვინც საბრძოლო გამოცდილების მქონე საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავები მრავალი წლით საპყრობილეში გამოკეტა! მათი ინტერესების სრული თანხვედრა გვაფიქრებინებს, რომ ეს ოპერაცია თბილისში კი არ დაიგეგმა, არამედ - უფრო ჩრდილოეთით, თოვლიან მოსკოვში. ამ "სპეცოპერაციის" შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, "ენვერი" ჩვენი კონტრდაზვერვის შეგზავნილი აგენტი კი არ იყო, არამედ - რუსეთის გე-ერ-უს მიერ ჩვენს სპეცსამსახურებში ჩანერგილი კიდევ ერთი ჯაშუში.

"ნაცრეჟიმის" მმართველობის ცხრაწლიანი "ჯაშუშომანიის ისტერია" კარგად გამიზნული ქმედებები იყო რუსეთის რეალური აგენტურის შესანიღბად. ეს ჩემი მოსაზრებაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ, თუნდაც "ოპერაცია ენვერის" ფიგურანტები მართლაც ჯაშუშები იყვნენ, კეთილი ინებოს და მათი დანაშაულის დამამტკიცებელი უფრო მყარი მტკიცებულებები წარმოადგინოს! 2012 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს "ამნისტიის შესახებ", მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა ვეტო დაადო. პარლამენტის დადგენილება, "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე", შეეხო ოპერაცია "ენვერის" ფიგურანტებსაც. ამ ფაქტმა მ. სააკაშვილი მდგომარეობიდან გამოიყვანა და 2012 წლის 27 დეკემბერს მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა: "მოღალატეს, ჯაშუშს რომ უშვებ, ეს არის ჩვენი მტრებისთვის სიგნალის მიცემა, რომ საქართველო დაუცველია და მიდით, ბოლომდე დაჯიჯგნეთ და გაანადგურეთ. ამას სხვა არაფერი ჰქვია. ეს ყველაფერი კი საქართველოს მიერ არჩეული პარლამენტის ხელით კეთდება. 1920 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ რუსეთის მთელი აგენტები გამოუშვა და ის მთავრობა ერთ წელიწადში დაემხო". მაშინდელი პრეზიდენტი და მისი "ნაცგუნდი" ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე კი არ ზრუნავდა, არამედ - გარდაუვალი პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას ცდილობდა. სამწუხაროდ, დღემდე ამას მიაღწიეს. ოპერაცია "ენვერის" დასრულებას "ნაცრეჟიმის" სპეცსამსახურებმა არანაკლებ სენსაციური - "ჯაშუში ფოტორეპორტიორების საქმე" მოაყოლეს.

გაგრძელება

პ.ს. გუშინ ყოფილმა კოლეგამ დამირეკა. გავიხსენეთ უშიშროების სამინისტროში მუშაობის წლები, მათ შორის -  2004 წლის თებერვალში მ. სააკაშვილის მიერ მინისტრად ზ. ადეიშვილის წარდგენა. საუბარში ზუსტად აღვიდგინე ის სიტყვები, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა წარმოთქვა ახალდანიშნულ მინისტრზე: ზურას ასე ნუ უყურებთ, ძალზე საშიში არსება არისო. არც მანამდე და არც შემდეგ მ. სააკაშვილს ამგვარი სიმართლე არ უთქვამს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს