"ფოტორეპორტიორი ჯაშუშების" ნაჩქარევად "შეკერილი" საქმე აბსურდული ბრალდებებით - კვირის პალიტრა

"ფოტორეპორტიორი ჯაშუშების" ნაჩქარევად "შეკერილი" საქმე აბსურდული ბრალდებებით

იხილეთ მესამე ნაწილი

"ოპერაცია ენვერის" შემდეგ "ჯაშუშთა საქმეების მკერავებმა" მალევე გე-ერ-უს ახალი "ჯაშუშთა ჯგუფი" აღმოაჩინეს, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, იმდენად ჩქარობდნენ, რომ უამრავი შეცდომა დაუშვეს. 2011 წლის 7 ივლისს, გამთენიისას, საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხუთი პირი დააკავეს. ამ ფაქტს სკანდალური ელფერი დაკავებულთა ვინაობამ და მათმა პროფესიამ შესძინა - ხუთივე მათგანი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ფოტორეპორტიორი იყო, კერძოდ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი; მისი მეუღლე - ჟურნალ "პრაიმ-ტაიმის" ფოტორედაქტორი; საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი; ევროპის ფოტოსააგენტოს (ეპა) წარმომადგენელი საქართველოში და "ასოშიეითედ პრესის" ფოტორეპორტიორი (რომელიც იმავე დღეს გაათავისუფლეს). დაკავებულებს ბრალი ედებოდათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებაში.

2011 წლის 9 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "საქართველოში ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტოკორესპონდენტს კავშირი ჰქონდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებთან (2006 წლის სექტემბრიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილ ა.სინიცინთან და ს. ოკროკოვთან), ხოლო დანარჩენი ორი მას მატერიალური ანაზღაურების საფასურად აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას, მათ შორის - პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსურათებს, ინფორმაციას პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტის შესახებ, დეტალებს პრეზიდენტის ვიზიტებისა და შეხვედრების თაობაზე, ასევე, სხვა საიდუმლეობის შემცველი ინფორმაციებს". შსს-ს მტკიცებით "ფოტოეპორტიორი-რეზიდენტი" ამ ინფორმაციას მოსკოვში, გე-ერ-უში აგზავნიდა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, სამივე ფოტოგრაფი რუსულმა დაზვერვამ ცალ-ცალკე გადაიბირა და ისინი მოგვიანებით დაუკავშირა ერთმანეთს.

შსს-მ, ასევე, გამოაქვეყნა ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენების ვიდეოჩანაწერი, სადაც ის აცხადებდა, რომ "რეზიდენტმა" შესთავაზა, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, მისთვის პრეზიდენტის მაღალი რანგის შეხვედრებისა და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების ამსახველი ფოტოები მიეწოდებინა.

"ჯაშუშთა ჯგუფის ხელმძღვანელს", თურმე, საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორიც. არ გაინტერესებთ, თუ როგორ ხდებოდა ანაზღაურების გადახდა? შსს-მ გამოაქვეყნა ფოტორეპორტიორების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, სადაც "გე-ერ-უს ქართველი რეზიდენტი" სთხოვს კავშირზე მყოფ "ჯაშუშებს" საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების ელექტრონული ფოსტით გადაგზავნას, რათა მათ პირდაპირ ფრანკფურტიდან ჩაურიცხონ ფული. საქმის "მკერავებმა" აქ მათთვის საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, რამაც განაპირობა ამ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის მალევე დამთავრება და ვინ იცის, რამდენი პოლიტიკოსი და ექსპერტი გადაურჩა უმძიმეს განსაცდელს. საზოგადოებაში უმალ გაჩნდა ლოგიკური კითხვა: თუ ფოტორეპორტიორები რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე მუშაობდნენ და მოსკოვში გზავნიდნენ საიდუმლო ინფორმაციას, "ჯაშუშობის" ანაზღაურება კი, რაღა მაინცდამაინც გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან უნდა ჩარიცხოდათო? ამ ქალაქში მდებარეობს ევროპის პრესფოტოს სააგენტოს (European Pressphoto Agency (EPA)) სათავო ოფისი, რომლის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელიც საქართველოში იყო "ბატონი რეზიდენტი" - ანუ ვიღებთ ამგვარ მოცემულობას: რადგანაც ქართველი ფოტოგრაფები საკუთარ ფოტონამუშევრებს ("ნაცრეჟიმის" ლიდერების მტკიცებით - საიდუმლო ინფორმაციას) აგზავნიდნენ მოსკოვში, რის თაობაზეც სრული ინფორმაცია ჰქონდა სათავო ოფისს ფრანკფურტში და ფულსაც ის იხდიდა, მაშინ სწორედ ის ყოფილა "ქართველ ჯაშუშთა" პატრონი? ფაქტობრივად, ეს მოსაზრება დაადასტურა მაშინ შსს-ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის "ლაღად მოსაუბრე" ხელმძღვანელმა, როდესაც განაცხადა: ფრანკფურტში განთავსებული სააგენტო EPA-ს დაპატიმრებული ფოტოკორესპონდენტი, "დიდი სტაჟის მქონე აგენტია", რომელმაც სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე კიდევ ორი ფოტოგრაფი გადაიბირა, რათა კონფიდენციალური ინფორმაცია მოეპოვებინაო.

EPA დაარსებულია დასავლეთ ევროპის შვიდი უმსხვილესი ფოტოსააგენტოს მიერ, რომლის ფოტოგრაფები მუშაობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. EPA-ს მთავარმა რედაქტორმა 2011 წლის 7 ივლისს განაცხადა, რომ მათი ფოტოგრაფი არანაირი ჯაშუში არ არის და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სისულელეა. "ისინი ამბობენ, რომ მან მოსკოვში გააგზავნა სურათები. ეს ოფიციალური ფოტოები იყო და ისინი ყველა სააგენტოს მისცეს" - განაცხადა მაშინ მთავარმა რედაქტორმა. ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ქართველი ფოტოგრაფის დაპატიმრებას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გამოეხმაურნენ, მათ შორის: "ასოშიეითედ პრესი", "ბი-ბი-სი", "როიტერი", "გარდიანი", "ფრანს პრესი", "დოიჩე ველე" და სხვა. ისინი ციტირებდნენ შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციას. "მთავარი მკერავების" და მათი "შეგირდების" ბრალდებას, რომ "ჯაშუშები" უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედ ორგანიზაციას აწვდიდნენ საიდუმლო დოკუმენტებს, პირდაპირ EPA-სთან მივყავდით. ეს კი უკვე დიდი საერთაშორისო სკანდალის მომასწავებელი იყო. "მკერავებს" სასწრაფოდ გამოსავალი უნდა მოეძებნათ იმ ხაფანგიდან, სადაც თავისი ავი ზნით გაებნენ. ჩემი აზრით, ეს სცენარი მაშინდელი იუსტიციის მინისტრის (მ. სააკაშვილი მოფერებით "საშიშ არსებას" რომ უწოდებდა) მოფიქრებულია: საქმეს დაედება გრიფი "საიდუმლო" და ადვოკატები საქმის მასალებს ვერ გაასაჯაროებენ, "ფოტოგრაფი ჯაშუშები" ბრალს აღიარებენ ნებისმიერი გზით, მათთან გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და მათ გაათავისუფლებენ. ამ შემთხვევაში სასამართლოში საქმე არსებითი განხილვის გარეშე დაიხურება და საზოგადოებისთვის უცნობი დარჩება ის გარემოება, რომ არანაირი მტკიცებულება, გარდა "აღიარებითი ჩვენებებისა", ამ საქმეში არ იყო.

მართლაც, 2011 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებული ფოტორეპორტიორების მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და დაკავებული ფოტორეპორტიორები სცნო დამნაშავედ, გააფორმა მათთან საპროცესო შეთანხმება და... სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. მანამდე კი, ქალბატონი "ჯაშუში ფოტოგრაფი", გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. ჭირი იქა, ლხინა აქა... "მკერავებმა" ამოისუნთქეს, ვითომდა არაფერი მომხდარაო, ვის აინტერებდა "ჯაშუშებად" ბრალდებულებისა და მათი ოჯახების ტრაგედია?

მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დადასტურდა ის, რასაც მაშინაც ვხვდებოდით: ბრალდებულებს არჩადენილი დანაშაულის აღიარებას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აიძულებდნენ. აღიარებითი ჩვენების მიცემამდე მათ მთელი ღამე "ამუშავებდნენ" კონტრდაზვერვისა და პროკურატურის თანამშრომლები: შვილების სიცოცხლით და ოჯახის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ, ეღიარებინათ გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდება. "მემუქრებოდნენ, რომ ჩემს თვალწინ გააუპატიურებდნენ პატიმრებს და შემდეგ მათთან საკანში ჩამსვამდნენ", - იხსენებდა წლების შემდეგ ერთ-ერთი ფოტორეპორტიორი. მეორე "ჯაშუშმა" კი გაიხსენა: "...მეუბნებოდნენ, რომ თუ ბრალს არ ვაღიარებდი, სახლში ვერასოდეს წავიდოდი, ვერც დედას ვნახავდი და ვერც ვერავის. ასე ხდებოდა არაერთი ღამე. მემუქრებოდნენ, აქ მოკვდებიო... ფსიქოლოგიურად გავტყდი, აღარ შემეძლო უკვე". ფოტორეპორტიორებმა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლეს და გამოგონილი ჯაშუშობა აღიარეს. ამისთვის მკაცრად ნუ განვსჯით მათ.

"ჯაშუშების" ამგვარ "აღიარებით ჩვენებებთან" დაკავშირებით, რომლებიც გასული საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში მრავლად იყო, აკაკი ბაქრაძე წერდა: "... თუ ყველაფერი ეს გადაგიტანია და არ გატეხილხარ, მაშინ გაქვს უფლება, შეხედო სხვას საყვედურიანი და მპატიებელი თვალებით. მაგრამ, როცა არაფერი გემუქრება და თბილ ლოგინში არხეინად ნებივრობ, მაშინ იოლია სხვათა განკითხვა და პატიოსნების თამაში". სამწუხაროდ, რაოდენ მართალია ეს სიტყვები XXI საუკუნეშიც! ფოტორეპორტიორებს გაცილებით გაუმართლად, ვიდრე: სახელმწიფო კანცელარიაში აღმოჩენილ "ჯაშუშს" - სიმონ კილაძეს, "ჯაშუშ" სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას, "ოპერაცია ენვერის" ფიგურანტებს - მათ თვეობით და წლობით მოუხდათ საპატიმროებში ყოფნა "შეკერილი" საქმეების გამო,  ფოტორეპორტიორები კი ორ კვირაში გაათავისუფლეს. ამგვარი "გულჩვილობა" არ იყო "ნაცრეჟიმისთვის" დამახასიათებელი. რა მტკიცება უნდა იმას, რომ ცნობილი ფოტორეპორტიორების, მათ შორის - პირადი ფოტოგრაფის დაკავება მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით მოხდა. ამიტომ იყო, რომ წლების შემდეგ ერთ-ერთი, "დიდი მკერავების პატარა შეგირდი", სოციალურ ქსელში გულმოსული მიმართავდა "სულ მთავარ მკერავს": "ან რას გვაჭერინებდი და, თუ დაგვაჭერინე, მერე რაღას უშვებდიო?" ფოტორეპორტიორების სასტიკად დასჯა 27 მაისს, საღამოს გადაწყდა, მას შემდეგ, რაც მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის უსასტიკესი დარბევის დროს გადაღებული ფოტოები სხვადასხვა ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოებში გაავრცელეს. 26 მაისის აქციის დარბევა

გაცოფებულ მ. სააკაშვილს სურდა, სასწრაფოდ ფოტორეპორტიორების საჩვენებელი დასჯა მოეწყო. ამიტომ აჩქარებდა ჯაშუშობის საქმეების უკვე გამოცდილ "მკერავებს". მხოლოდ დაკავების შემდეგ დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ "გაეპრავებინათ" მათი "ჯაშუშობა". ამ ფაციფუცში "მკერავებმა" და მათმა შეგირდებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს. უმთავრესი კი ის იყო, რომ ვერ გათვალეს პრესფოტოსააგენტო EPA-ს საერთაშორისო ავტორიტეტი და გვიან მიხვდნენ, რომ ამ სააგენტოს გე-ერ-უს საფარ ორგანიზაციად ვერ გაასაღებდნენ. მტკიცებულების უქონლობის გამო, მთელი სცენარი ხუხულასავით თავზე დაენგრათ. გავიდა რამდენიმე წელი, "მკერავებიდან" ზოგი გაიქცა, ზოგი ციხეში მოხვდა, უმრავლესობას კი, როგორც იტყვიან: "შერჩა ხახვივით". ზოგიერთმა შემდეგ "ნიანგის ცრემლებიც" ღვარა (ფოტოგრაფების საქმე იყო ძალიან ცუდი საქმე, მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები აღმკვეთი ღონისძიებისთვისაც კი საკმარისი არ იყოო და ა.შ.). დამეთანხმეთ - ფარისევლობის მწვერვალია! "მთავარი მკერავი" კი ორი წელი პრეზიდენტად დარჩა, შემდეგ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა - ოდესის გუბერნატორობის სანაცვლოდ, პარალელურად, უკრაინა დააწიოკა და დაშალა მარტივ მამრავლებად. ახლა კი, მტრის გასახარად, რაც ჩვენთან ხდება, ამას თქვენც ხედავთ.

გაგრძელება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს