"ამხანაგო სტალინ, ნება მომეცით და თურქეთს 24 საათში დავიკავებ"
რა წერილები მისწერეს ქართველმა მეცნიერებმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ თურქებს?
(გაგრძელება. იხილეთ დასაწყისი)
მოსკოვში თავიანთი ტერიტორიული მოთხოვნები გაგზავნეს სომხეთის ხელმძღვანელებმაც კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის, გრიგოლ არუთინოვის ძალისხმევით. სერგო ქავთარაძეს, რომელიც იმ ხანებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, გ. არუთინოვის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვისთვის მიუწერია, რომ იმ ტერიტორიებიდან (დაახლოებით 25 ათასი კვკმ), რომლებიც თურქეთმა საბჭოთა კავშირს უნდა დაუბრუნოს, 20,5 ათასი კვკმ უნდა მიჰკუთვნებოდა სომხეთს, ხოლო 5,5 ათასი კვკმ - საქართველოს (ანუ ართვინისა და არტაანის გამოკლებით). ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კიკნაძე ლავრენტი ბერიასთვის გაგზავნილ წერილში წერს, სერგო ქავთარაძე შეცდა, საქართველოს მეტი ეკუთვნისო.
რა არგუმენტებით იყო დასაბუთებული საქართველოს ისტორიული ტერიტორიების შემოერთების აუცილებლობა და საზღვრების ანატოლიის სიღრმეში გადაწევა საბჭოთა კავშირის მიერ? ამ კითხვაზე პასუხი ძირითადად პოტსდამის კონფერენციაზე გაეცა.
ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ქართველებმა მხოლოდ ყურმოკვრით იციან თურქეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობის გაუარესების თაობაზე, პოტსდამის კონფერენციის ის მასალები კი, რომლებიც თურქეთისთვის წაყენებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს ეხებოდა, ჯერჯერობით გასაიდუმლოებული იყო. და აი, დადგა 1945 წლის დეკემბერიც.
ქართველი მეცნიერების წერილი
1945 წლის 14-20 დეკემბერს ცენტრალურ ქართულ და რუსულ გაზეთებში: "კომუნისტი",„"ზარია ვოსტოკა", "პრავდა" და„"იზვესტია" გამოქვეყნდა ქართველი მეცნიერ-აკადემიკოსების სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილი "თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ". პუბლიკაციაში ნათქვამია:
"განმათავისუფლებელი ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ გამარჯვებული დემოკრატია მშვიდობიანობისა და უსაფრთხოების დასაყრდენად ირაზმება... თავისუფლების მოყვარე ხალხებს სურთ დაიკავონ მათი შესაფერისი ადგილი. ქართველმა ხალხმა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის განადგურების საქმეში, უფლება მოიპოვა წარადგინოს თავისი კანონიერი მოთხოვნები.
მივმართავთ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს თურქეთის მიერ წართმეული ჩვენი ძველისძველი მიწა-წყლის შესახებ. საქმე ეხება არა უმნიშვნელო ტერიტორიულ შევიწროებას, არამედ ჩვენი ხალხის ინდივიდუალობის აკვანს, ჩვენგან მიტაცებულს - დანაშაულს, რომელმაც ორად გაკვეთა ეროვნული სხეული. საქმე ეხება ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ბრძოლის საგანს - ჩვენი უძველესი მიწა-წყლის დაბრუნებას"...
წერილი მთავრდება მოთხოვნით: "ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს თავისი მიწა-წყალი, რომელზეც არასოდეს უთქვამს უარი და ვერც იტყვის".
ამ პუბლიკაციას ზედიზედ მოჰყვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, აჭარის ყადის რასიხ ბერიძის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სხვათა წერილები. განსაკუთრებით საინტერესოა კათოლიკოს-პატრიარქის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული წერილი: "თურქული ფეოდალიზმი სულშემხუთავ ძალად დააწვა შეუდარებლად უფრო წინმდგომ ქართულ საზოგადოებას დაპყრობილ ოლქებში... წინსვლა შეჩერდა. ქრისტიანობა, ქართული ეროვნული კანონები და ქართული ენა ცეცხლითა და მახვილით იდევნებოდა. ოდესღაც აყვავებულ ქვეყანაში უკულტურობამ დაისადგურა. სასოებით და სიყვარულით ნაგები ტაძრები, ხელოვნების შესანიშნავი ძეგლები თანდათან დაიცალა, დაყრუვდა. თანდათან გაქრა ანჩას თუ ხახულს ოპიზართა მიერ ნაჭედი წმინდა ხატები, წყაროსთავს მოხატული საღრმთო წიგნები, შატბერდს ნათქვამი სიბრძნე, ოშკს შეთხზული საგალობლები... მათი დიდი უმრავლესობა დაიღუპა, ჩაქრა განათლების კერები, შეწყდა ყოველგვარი მშენებლობა. მთელს ამ ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც სავსეა ქართველობის დროის დიდებული არქიტექტურული ძეგლებით, დღემდე არც ერთი სასახლე, არც ერთი ტაძარი აღარ აშენებულა..." (ამ სტრიქონების წაკითხვისას მკითხველს, ალბათ, გაახსენდება ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თურქეთის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ლაპარაკია თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების კუთვნილებისა და დაცვის საკითხებზე).
დასასრულ, პროცესში ჩაერთო ოფიციოზიც: 1946 წლის თებერვალში "კომუნისტსა" და "პრავდაში" დაიბეჭდა საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის სტატია, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმულია ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ოცნების - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილი. "ქართველმა ხალხმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო როგორც უძველესი, ასევე მეოცე საუკუნის ბარბაროსების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომაც მას აქვს უფლება დაიკმაყოფილოს თავისი კანონიერი მოთხოვნები", - ნათქვამია კ. ჩარკვიანის სტატიაში.
თურქების პასუხი ქართველ მეცნიერებს
რასაკვირველია, ქართველი მეცნიერების წერილი თურქებს მხედველობიდან არ გამოჰპარვიათ. მალე თურქული პრესა საპასუხო სტატიებისა და კომენტარების ნიაღვარმა წალეკა. ბუნებრივია, ანკარაში საბჭოთა კავშირის საელჩოც გულდასმით შეუდგა ადგილობრივი გაზეთების მიმოხილვას. გავეცნოთ რამდენიმე ამონარიდს:
გაზეთ "თასვირში" 1945 წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "ჩვენც უნდა მოვითხოვოთ ბათუმი, ბაქო და თბილისი"
"საკუთარ ტერიტორიას მსხვერპლად ვერავის შევწირავთ - იმ ტერიტორიას, რომლის საზღვრები კონსტიტუციით და კანონითაა განმტკიცებული. თურქეთს არ შეუძლია ამ ტერიტორიებზე მცხოვრები საკუთარი მოქალაქეები უცხოეთის ჩექმის ქვეშ მიატოვოს. ჩვენ 20 მილიონი ვართ, ის ხალხი კი, რომელსაც ეს აკადემიკოსები მიეკუთვნებიან - 200 მილიონი, მაგრამ არ გვჭირდება მათი ძალის გამოთვლა, რადგან ჩვენი იდეალი ცნობილია - ვიცხოვროთ მშვიდად ჩვენს ეროვნულ საზღვრებში ან დავიხოცოთ მისთვის!.. ტერიტორია, რომელიც მათ სურთ მიიერთონ, თურქულია! ეს აღიარეს რუსებმა მოსკოვის ხელშეკრულებით და თვით ქართველებმაც. არ ღირს ამაზე პოლემიკა, მაგრამ თუ ეს პრობლემა მაინც წარმოჩენილი იქნება, მაშინ აკადემიკოსებს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ ერევანი, თბილისი და ბაქო თურქულად არ ითვლებიან და კავკასია მხოლოდ რუსეთია. ნუთუ აკადემიკოსებმა არ იციან, რომ საზღვრები ძალადობით აღარ განისაზღვრება?!".
გაზეთი "ვათანი": "ქართველები არასწორად ასახავენ ისტორიას, მათი პოზიცია ლეგენდაა და ისინი ზემოდან მიცემულ მითითებებს ასრულებენ".
გაზეთი "ტანინი": "ჩვენ მხოლოდ გავახსენებთ რუს ბოლშევიკებს, რომ ისინი მოლიპულ გზას დაადგნენ... თუ ისინი, ქართველებს ამოფარებულნი, ისტორიული მოვლენების შესახებ ლაპარაკობენ, ისიც უნდა იცოდნენ, რომ ამით საკუთარ თავს აყენებენ ზიანს... მაშინ დაე, რუსებმაც დატოვონ ციმბირი, კავკასია და ყველა თურქული ქვეყანა" (იგულისხმება ცენტრალური აზიის რესპუბლიკები. - ს. კ.).
გაზეთი "ისტანბული" წერდა, რომ ფინეთის შემდეგ თურქეთი რჩება საბჭოთა კავშირის ერთადერთ მეზობლად, რომელიც მას არ დაემორჩილება. იზმირის გაზეთებმა კატეგორიულად მოითხოვეს კლიმენტი ვოროშილოვს საპატიო მოქალაქის წოდება ჩამოერთმეოდა და ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას მისი სახელი გადარქმეოდა.
ანატოლიის საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი ჯიჰან ბაბანი წერდა: "ჩვენ ბოლშევიკები ბრალს გვდებენ, რომ გერმანიასთან თანამშრომლობდითო. განა თვითონ საბჭოთა კავშირმა არ მოაწერა ხელი გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტს? სწორედ მაშინ თურქეთმა საფრანგეთთან და ინგლისთან მსგავსი შეთანხმებები გააფორმა და ანტიჰიტლერული კოალიცის წევრი გახდა. მაშ რატომ გვდებენ ბრალს ქართველი აკადემიკოსები გერმანიისადმი დახმარებაში? დაე, მათ საკუთარი ნამოქმედარი გაიხსენონ".
საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების თაობაზე თურქეთ-საბჭოთა კავშირის პრობლემატიკას ამერიკული და დასავლეთევროპული პრესაც აშუქებდა: მასალები გამოქვეყნდა ბრიტანულ "თაიმსში", "ვორლდ რევიუში", ამერიკულ "ნიუ-იორკ თაიმსში", ფრანგულ "პოპიულერში"... ცხადია, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული და თურქეთის მხარდამჭერი პათოსი გააჩნდა.
საბჭოთა პრეტენზიების საკითხზე თურქეთის პარლამენტში - დიდ ეროვნულ კრებაშიც იმსჯელეს. 1945 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე დეპუტატმა ქიაზიმ ყარაბექირმა (რომელმაც ხელი მოაწერა ყარსის ხელშეკრულებას. - ს. კ.) განაცხადა: "თურქეთი ხელშეკრულების დადების მომენტში ძლიერი სახელმწიფო არ იყო, ჩვენ ეს მიწები მივიღეთ არა ძალის გამოყენებით, არამედ მეგობრული ურთიერთობით... ჩვენ არ გვსურს ცარიზმის დროს არსებული მტრობის გახსენება, მაგრამ თუ ომი დაიწყება, ეს ომი ორივე ქვეყნისთვის საზარელი იქნება... სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, უკანასკნელ ქონებას დავთმობთ და არმიას მოვახმართ".
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა შუქრი სარაჯოღლუმ 1946 წლის 6 იანვარს პრესკონფერენცია გამართა და ბათუმის, ართვინ-არტაანისა და ყარსის ოლქების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ტერიტორიები 1878 წელს ოსმალეთმა რუსეთს ფულადი რეპარაციის (1 მილიარდ 410 მილიონი რუბლის) ნაცვლად გადასცა: "რუსი იმპერატორი, რომელმაც ჩვენი ფადიშაჰის ფინანსური სიძნელეები გაითვალისწინა, დათანხმდა, რომ ხსენებული მიწები ფულის სანაცვლოდ მიეღო. მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, თურქეთმა ეს ტერიტორიები დაიბრუნა და პლებისციტი ჩაატარა, რის შედეგად მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გადაწყვიტა თურქეთის ქვეშევრდომი გამხდარიყო. შემდეგ დაიდო ყარსის ხელშეკრულება, დადგინდა საზღვარი და ორივე მხარემ ეთნოგრაფიული სამართლიანობის აღდგენა დაადასტურა". იმავე ხანებში შ. სარაჯოღლუ ჩავიდა ყარსში, ტრაპიზონსა და სხვა ქალაქებში, სადაც მოსახლეობას მრავალათასიან მიტინგებზე შეხვდა - აშკარა იყო, რომ თურქი ხალხი საბჭოთა კავშირის შესაძლო აგრესიას, ყველაფერთან ერთად, ეროვნულ-პატრიოტული თვითშეგნების მაღალ დონესაც დაუპირისპირებდა.
ანკარა-მოსკოვის დაპირისპირების საკითხი მსჯელობის საგანი გახდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაშიც. 1946 წლის 21 თებერვალს მოხსენებით გამოსვლის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნსტ ბევინმა განაცხადა: "როგორც ვიცი და როგორც წამიკითხავს, რუსეთ-თურქეთის საზღვარი თავის დროზე დადგინდა არა როგორც დამპყრობელსა და დამარცხებულს შორის, არამედ როგორც განადგურებულ თურქეთსა და უბედურ რუსეთს შორის. ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თავს მოხვეული, იძულებითი საზღვარი. რუსეთ-თურქეთის საზღვარი 1921 წელს თვითონ გენერალისიმუსმა მოხაზა, ამიტომ ძალზე სამწუხაროა, რომ დღეს ის საკამათოდ იქცა".
თურქეთისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, მოსკოვი ანტითურქულ კამპანიას განაგრძობდა, თუმცა არა მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით - პრობლემის გადაჭრაში საბჭოთა შეიარაღებული ძალების ჩარევაც დაიგეგმა.
ჩვენმა მკითხველმა წინა პუბლიკაციიდან უკვე იცის, რომ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის (ლაზისტანის) ოკუპაციას საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ 1941 წლის მეორე ნახევარში გეგმავდა. მართალია, იმ დროს ჯარების შეყვანა არ მოხერხდა, მაგრამ გეგმა მაინც ძალაში დარჩა. 1942 წლის გაზაფხულზე ამიერკავკასიის ფრონტის ტერიტორიაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) საბჭოთა ჯარების რაოდენობამ თითქმის 25 დივიზიას მიაღწია. იმავე ხანებში გამოიცვალა ფრონტის სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი კოზლოვი სხვაგან გადაიყვანეს და მის ადგილზე დაინიშნა არმიის გენერალი ივან ტიულენევი, რომლის დაქვემდებარებაში ირანის ჩრდილოეთში დისლოცირებული საბჭოთა სამხედრო შენაერთებიც გადავიდა. 1942 წლის 12 მარტის თათბირზე, რომელსაც სამივე რესპუბლიკის ლიდერები - ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრები - კანდიდ ჩარკვიანი, მირ-ჯაფარ ბაგიროვი და გრიგორი არუთინოვი ესწრებოდნენ, გადაწყდა სამხედრო წვრთნების ჩატარება, რომლის დროსაც საბჭოთა არმიის პირობითი მოწინააღმდეგე თურქეთის არმია იქნებოდა. გეგმის თანახმად, საბჭოთა შენაერთებს უნდა გადაელახათ თურქეთის საზღვარი და ოლთისი, სარიყამიში, ტრაპიზონი და ერზერუმი დაეკავებინა.
მოგვიანებით შეიქმნა და დამტკიცდა დოკუმენტი სახელწოდებით "ზოგიერთი მოსაზრება ამიერკავკასიის ფრონტის ოპერაციათა დაგეგმვის შესახებ", რომელიც ძალზე საინტერესო მასალაა: საბჭოთა არმია შედიოდა თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში, ტრაპიზონ-ბაიბურთისა და ყარს-ერზერუმის მიმართულებით. პირველ ეტაპზე (10-დღიანი ვადით) ანადგურებდა თურქეთის არმიის დაჯგუფებას ყარსისა და პაზარ-ართვინის რაიონებში, შტურმით იღებდა ტრაპიზონს, მეორე ეტაპზე (6-დღიანი ვადით) ანადგურებდა ოლთის-სარიყამიშის დაჯგუფებას, გადიოდა ისპირ-თორთუმის ხაზზე და საბოლოოდ, მესამე ეტაპზე (ოპერაციის დაწყებიდან მე-20 დღეს) იკავებდა ერზერუმს.
1942 წლის 25 აპრილს ივან ტიულენევი იოსებ სტალინმა მიიღო. შეხვედრას ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი და გენშტაბის უფროსი ბორის შაპოშნიკოვი ესწრებოდნენ. სიტუაციის განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ ამიერკავკასიის ფრონტი უნდა გაძლიერებულიყო. გენშტაბის დირექტივის თანახმად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში განლაგებულ საბჭოთა ჯარებს (45-ე და 46-ე არმიებს) დაემატა ერთი მსროლელი და საკავალერიო დივიზია, ერთი სატანკო კორპუსი, ექვსი საავიაციო პოლკი, ექვსი საარტილერიო პოლკი, ექვსი ჯავშნიანი მატარებელი და ასი სამხედრო ავტომანქანა. უკვე 5 მაისისათვის 45-ე და 46-ე არმიების სარდლებმა მიიღეს დირექტივა, მზად ყოფილიყვნენ თურქეთის ტერიტორიაზე შესასვლელად.
როგორი იყო თურქეთის არმიის შემადგენლობა მოსალოდნელი სამხედრო თეატრის ამ სექტორში? ამიერკავკასიის ფრონტის დაზვერვის ცნობით, 1942 წლის 29 ივლისს, საბჭოთა საზღვართან თურქებს თავმოყრილი ჰყავდათ მხოლოდ ორი მსროლელი დივიზია, 16 ქვეითი და 2 საკავალერიო კორპუსი, ერთი მოტორიზებული პოლკი.
როგორც ვხედავთ, თურქეთის სამხედრო ძალები, საბჭოთა კავშირთან შედარებით, საკმაოდ სუსტი იყო. ომის დაწყების შემთხვევაში საბჭოთა არმიის ნაწილები იოლად დასძლევდნენ თურქების წინააღმდეგობას, მაგრამ... იმის გამო, რომ გერმანელებმა 1942 წლის აგვისტოში საბჭოთა ფრონტის ხაზი გაარღვიეს და კავკასიისაკენ დაიძრნენ, ამიერკავკასიის ფრონტს მთავარი საფრთხე ჩრდილოეთიდან დაემუქრა, შესაბამისად, თურქეთში შეჭრის საკითხი კვლავ გადაიდო.
სიტუაცია სრულიად შეიცვალა 1944 წლისათვის, როცა საბჭოთა არმია ბულგარეთის ტერიტორიაზე შევიდა და უშუალოდ მიადგა თურქეთის საზღვარს. სამხედრო ჰორიზონტზე ბოსფორ-დარდანელის სრუტეების კონტურები გამოჩნდა, რუსული არმია, უკვე მეორედ (1878 წლის შემდეგ), სანატრელ ცარგრად–კონსტანტინოპოლს, "მეორე რომს" მიუახლოვდა. უკრაინის მესამე ფრონტის ჯარებს იმ ხანებში არმიის გენერალი ფიოდორ ტოლბუხინი სარდლობდა. აი, რას წერს თავის მემუარებში საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი აკაკი მგელაძე: "როცა ტოლბუხინის სარდლობით საბჭოთა ჯარები ბულგარეთში შევიდნენ, ფიოდორ ტოლბუხინმა იოსებ სტალინს დაურეკა და მოახსენა, რომ შეუძლია თურქეთის შემადგენლობაში არსებული ქართული მიწები გაათავისუფლოს. სტალინმა უთხრა, რომ ჯერჯერობით, პოლიტიკური მოსაზრებით, ამის გაკეთების დრო არ მოსულა. ტოლბუხინს ეს საკითხი დიდხანს აწვალებდა და ფიქრობდა, რომ იქნებ როგორმე ამხანაგ სტალინს გადავათქმევინოო და მოგვიანებით ისევ დაურეკა. სტალინმა ცოტა მკაცრად უპასუხა: მოეშვი მაგაზე ფიქრს, ეს პოლიტიკური ავანტიურა იქნებაო. ჩემთვის რომ უმაღლეს მხედართმთავარს ნება მოეცა, თურქეთში ქართულ მიწებს 24 საათში გავათავისუფლებდი, მაგრამ, რასაკვირველია, სიტუაციის პერსპექტივას სტალინი უკეთ ხედავდა", - უთქვამს ტოლბუხინს აკაკი მგელაძისათვის პირადი საუბრის დროს.
არც არის გასაკვირი, რომ ტოლბუხინის გეგმა განხორციელებულიყო: 1944 წლის სექტემბრისათვის ბულგარეთში თავმოყრილი იყო 300 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი, ოთხი ათასამდე ქვემეხი, 400 ტანკი და 1200 თვითმფრინავი! ეს იყო საუკეთესო, ბრძოლისუნარიანი და ომში გამობრძმედილი სამხედრო ნაწილები. თურქები იმ დროს ვერაფერს დაუპირისპირებდნენ უკრაინის მესამე ფრონტის ჯარებს.
უნდა ითქვას, რომ ქართული მიწების გათავისუფლება-დაბრუნების საკითხით მოსკოვში ყველაზე მეტად ლავრენტი ბერია იყო დაინტერესებული. როგორც სერგო ბერია იხსენებს:„"ლავრენტი პავლოვიჩს მიაჩნდა, რომ თურქეთს საქართველოს წინაშე ვალი ჰქონდა გადასახდელი. მას სურდა საქართველოსთვის (და სომხეთისთვის) ისტორიული მიწები დაებრუნებინა და თურქეთში ლაზები ჩაესახლებინა, რომლებიც„ოსმალოებმა საუკუნეების წინ მშობლიური ადგილებიდან განდევნეს, მათი შთამომავლები კი საქართველოს მთებს იყვნენ შეფარებული..."
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
სიმონ კილაძე