"გაქცეულ პატიმარს ხელში არანაირი პლასტელინის"ხელყუმბარა" არ ჰქონია" - კვირის პალიტრა

"გაქცეულ პატიმარს ხელში არანაირი პლასტელინის"ხელყუმბარა" არ ჰქონია"

31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. მოგვიანებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მისი ვინაობა დაასახელა და ფოტოც გამოაქვეყნა.

გაქცეული პატიმარი ოთარ ვარამაშვილია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის, ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდეს სატელეფონო ნომრებზე - 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაცდელი დარბაზიდან გაქცეულ პატიმარს, საძერწი მასალისგან - სავარაუდოდ, ე.წ. პლასტილინისგან დამზადებული "ხელყუმბარა" ჰქონდა.

დაუზუსტებელი ცნობით, სწორედ პლასტილინის "ხელყუმბარის" საშუალებით მოახერხა პატიმარმა სასამართლოში გამოძახებული სამედიცინო ბრიგადისა და ბადრაგის დაშინება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, პატიმარი ჯერ სასამართლოს მოსაცდელი ოთახის ფანჯრიდან, შემდეგ კი ღობიდან გადახტა.

კიდევ ერთი დაუზუსტებელი ინფორმაციით, პატიმარს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა ელოდებოდა.

გაქცეული პატიმრის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ოთარ ვარამაშვილი 1 წლის უკან ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტზე, რუსთავში დაიჭირეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რუსთავის მე-6-ე პენიტენციალურ დაწესებულებაში, არაადამიანურ პირობებში იხდიდა სასჯელს. ციხის დირექტორის უშუალო ბრძანებით ვარამაშვილს 1 თვით სატელეფონო საუბრები აეკრძალა, ამის შესახებ სახალხო დამცველს მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით დირექტორის ბრძანება გავასაჩივრეთ, სასამართლოში სწორედ ამ საჩივრის განხილვა მიმდინარეობდა. გაქცეულ პატიმარს ხელში არანაირი ხელყუმბარის მსგავსი ნივთი არ ჰქონია".

იხილეთ ასევე: პატიმარი სასამართლოს მოსაცდელი დარბაზიდან პლასტილინის "ხელყუმბარის" საშუალებით გაიქცა?!

გიორგი მოსაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)