სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა - როდის დატოვებს საპატიმროს თბილისის ექს-მერი?! - კვირის პალიტრა

სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა - როდის დატოვებს საპატიმროს თბილისის ექს-მერი?!

გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე ლაპარაკი მას შემდეგ გახდა საფუძვლიანი, როდესაც 4 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. "თბილსერვისის" საქმის განხილვა დაასრულა, პროცესზე კი თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. (იხილეთ: "უგულავას გამოშვებას და მისი ხელით "ნაცმოძრაობის" უფრო სწრაფ დაშლას გეგმავენ" - უგულავა თბილისის მერობის კანდიდატად?!)

თუმცა უგულავას შესაძლო გათავისუფლებამ დიდად არ გაახარა "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული ნაწილი. "ნაცმოძრაობის" იმ ფრთის წარმომადგენლები, რომლის ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილი რჩება, მიიჩნევენ, რომ: "ხელისუფლება უგულავას გამოშვებას და მისი ხელით "ნაცმოძრაობის" უფრო სწრაფ და საფუძვლიან დაშლას გეგმავს".

"ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერდა:

"ღმერთმა ყველა პოლიტ ან უბრალოდ პატიმარს მოუმართოს ხელი, მაგრამ ეს ბრძენი კაცი რას არ იზამს, ოღონდაც "ნაცმოძრაობა" დაანგრიოს - ცოტა ხნის წინ ციხეში ერთ დღეში უკან შებრუნებულ გიგი უგულავასაც კი გამოშვებას უპირებსო.

ვნახოთ, წინაა ყველაფერი, ერთი კი ვიცი, რომ ვერც "ნაცმოძრაობას" დაანგრევს ვინმეს ხელით და ვერც მიშას ვერ ჩამოაშორებს პარტიას, რაც ერთი და იგივეა დღევანდელი მოცემულობით, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" უპირველესყოვლისა ის ხალხია, ვინც ამ პარტიას მხარს უჭერს".

6 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით სასჯელი კიდევ უფრო შეუმცირდა და საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კი კვლავ გამართლებული დარჩა.

გიგი უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება. ამ ვადის გათვალისწინებით, უგულავა საპატიმროდან 9 იანვარს უნდა გათავისუფლდეს.

ამასთან, თბილისის ყოფილი მერის ადვოკატი ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღესვე უნდა დატოვოს, ვინაიდან მისი ინფორმაციით, „პატიმრობის კოდექსში“ არსებული ჩანაწერით, თუ სასჯელის მოხდის ვადის წინა დღე უქმე დღეა, პირის გათავისუფლება უფრო ადრე, სამუშაო დღეს უნდა მოხდეს. შესაბამისად, ადვოკატი უგულავას გათავისუფლებას დღესვე ითხოვს.

რას იზავს პატიმრობიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ მას თბილისის მერობის კანდიდატად ვიხილავთ.

"ინტერპრესნიუსი"