"უგულავას გამოშვებას და მისი ხელით "ნაცმოძრაობის" უფრო სწრაფ დაშლას გეგმავენ" - უგულავა თბილისის მერობის კანდიდატად?! - კვირის პალიტრა

"უგულავას გამოშვებას და მისი ხელით "ნაცმოძრაობის" უფრო სწრაფ დაშლას გეგმავენ" - უგულავა თბილისის მერობის კანდიდატად?!

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ე.წ. "თბილსერვისის" საქმის განხილვა. სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, თუმცა უცნობია, როდის მიიღებს სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა განხილვის ბოლო დღე მეტად საინტერესო გამოდგა, როემლზეც თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

"არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც კატეგორიულად არ ვიღებ… მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი დავასაქმე. წელიწადზე მეტია, შენობიდან არ გამოვსულვარ და გადავწყვიტე მოვსულიყავი იმიტომ, რომ ამ საქმეში სიცხადე შემეტანა. ვაცნობიერებ იმას, რომ ის, რაც მინდოდა გამოსულიყო კარგად არ გამოვიდა. დასაქმებას ვაღიარებ, მაგრამ ეს არ არის მითვისება და გაფლანგვა. ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებ. ჩემ მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს არ ვიზიარებ", - განაცხადა უგულავამ სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვაში.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების დასაქმებისას არ ჰქონია განზრახვა, რომ ისინი "პარტიულები" ყოფილიყვნენ, თუმცა აღიარა, რომ "თბილსერვის ჯგუფში" დასაქმებულთა ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის იყო.

"მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მითუმეტეს, არც მითვისება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით: "ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. "თბილსერვის ჯგუფი" შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი... არც პირადი მოტივი არ მქონია, არც პირადი სარგებელი არ მიმიღია და მაინც არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო".

უკვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ უგულავას ეს ნაწილობრივი აღიარება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდება.

"ნაცმოძრაობის" იმ ფრთის წარმომადგენლები, რომლის ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილი რჩება, მიიჩნევენ, რომ: "ხელისუფლება უგულავას გამოშვებას და მისი ხელით "ნაცმოძრაობის" უფრო სწრაფ და საფუძვლიან დაშლას გეგმავს".

"ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ღმერთმა ყველა პოლიტ ან უბრალოდ პატიმარს მოუმართოს ხელი, მაგრამ ეს ბრძენი კაცი რას არ იზამს, ოღონდაც "ნაცმოძრაობა" დაანგრიოს - ცოტა ხნის წინ ციხეში ერთ დღეში უკან შებრუნებულ გიგი უგულავასაც კი გამოშვებას უპირებსო.

ვნახოთ, წინაა ყველაფერი, ერთი კი ვიცი რომ ვერც "ნაცმოძრაობას" დაანგრევს ვინმეს ხელით და ვერც მიშას ვერ ჩამოაშორებს პარტიას, რაც ერთი და იგივეა დღევანდელი მოცემულობით, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" უპირველესყოვლისა ის ხალხია, ვინც ამ პარტიას მხარს უჭერს".

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი "ფესიბუკის" პირად გვერდზე წერს:

"უგულავა რომ საკრებულოს წევრად ან სულაც თბილისის მერობის კანდიდატად ვიხილოთ ... და "ნაცებისგან" შემდგარი ორი პარტია რომ დაეჭიდოს ერთმანეთს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გიგის და მიშას ხელმძღვანელობით, ახალ ოპოზიციასაც ძებნა აღარ დასჭირდება, აგერაა გამზადებული.

ერთი შეხედვით, ტრაგიკომედიაა, მაგრამ რეალურად ფილიგრანული ტექნიკით შესრულებული პოლიტიკური დრამა, სცენარის ავტორს და რეჟისორს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

ამ კონფიგურაციაში "რუსთავი 2"-იც აღარ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის თავისტკივილს და ამიტომ, დიდი ალბათობით, ის გააგრძელებს არსებობას;

დასავლეთიც კმაყოფილია (ვისაც შერჩება საქართველოს მიმართ ინტერესი): ერთი მძლავრი აღარა, მაგრამ რამდენიმე საშუალო თუ მცირე ზომის პროდასავლური პარტია გამოჩნდება ადგილობრივი არჩევნებისთვის ბაზარზე - მიშასი, გიგისი, უსუფაშვილის, "გირჩი" და ა.შ.

და რაც მთავარია, კმაყოფილი იქნება ხელისუფლება - კვლავ დანაწევრებულ-დაქსაქსული და ერთმანეთზე წაკიდებული პოლიტიკური ბაზარი მას კარგა ხანს არ შეუქმნის საფრთხეს.

ასეთი მაღალი კლასის პოლიტიკური კომბინაცია ქართულ პოლიტიკას არ ახსოვს: აფერუმ, იდეის ავტორსა და რეჟისორს".

იხილეთ ასევე: "მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი... მისმა უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო"