"ეს არის უმოწყალო მონტაჟი" - გვარამიას პირველი კომენტარი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - კვირის პალიტრა

"ეს არის უმოწყალო მონტაჟი" - გვარამიას პირველი კომენტარი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემამ Українська революція მორიგი ჩანაწერი გამოაქვეყნა. ამჯერად, პორტალის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.

საუბარი, სავარაუდოდ, "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება. ისმის ორი მოსამართლის გვარი - ალავიძე და ახვლედიანი, საიდანაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ "3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს", ამასთან, ამბობს, რომ "ახვლედიანმა ალავიზეძე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა".

ნიკა გვარამია უკვე გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა მისი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, „უმოწყალო მონტაჟია“.

ძალიან დინამიკურად იმუშავა სუს-მა გუშინდელი ჩვენი სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ქალბატონი ნაზღაიძის მიერ ქრთამის აღებას ეხება. ამის გადაფარვა არ გამოვა, მოგიწევთ პასუხის გაცემა. ეს საუბრები არ არის ჩემი და არის დამონტაჟებული. აღებულია ჩემი ხმა ჩემი რამდენიმე საუბრიდან - რაც ვიცანი, არის 4-5 საუბარი და რაც ვერ ვიცანი, კიდევ სხვა საკითხია. ბატონ ადეიშვილთან ჩემი საუბარი ბუნებაში არ არსებობს ან უფრო სწორად არსებობს. მინიმუმ 2 წელია ჩვენ ტელეფონით არ გვისაუბრია, ჩვენი საუბრები შემდგარია კიევში პირისპირ. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ჩემი კორუფციაში გასვრა, არ გამოვა. რაც შეეხება მამუკა ახვლედიანს, იგი არასდროს წარმოადგენდა ჩემს ინტერესს, მას არასდროს შეხება არ ჰქონია არც „რუსთავი 2“-ის და არც ჩემს საქმესთან... რაც შეეხება ამ ჩანაწერს, ეს არ არის ჩემი და ადეიშვილის საუბარი. ეს არის ჩემი საუბრების კომპილაცია სხვადასხვა ადამიანებთან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა, მე ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, მაგრამ თუ არის, ისიც აღებულია, როგორც ჩანს, სხვადასხვა ადამიანებთან მისი საუბრებიდან. შეუიარაღებელი ყურისთვისაც გასაგებია, რომ ეს არის უმოწყალო მონტაჟი და როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს სტუდიაში ახალი ექსპერიმენტების ჩატარება უკვე სატელეფონო საუბრების აწყობა და ამას მაყურებელი იხილავს“, - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, მსგავსი სიბინძურეების გავრცელებას, მათ შორის პირადი ხასიათისას, უახლოეს დღეებში კიდევ ელოდება.

„არ გამოვა, რაც გინდა ის გამოაქვეყნეთ“, - დასძინა გვარამიამ.

იხილეთ ასევე: მორიგი აუდიოჩანაწერი - რაზე საუბრობენ სავარაუდოდ ადეიშვილი და გვარამია?!

"ინტერპრესნიუსი"