"პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში" - აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის პირველი კომენტარი ბათუმის მოვლენებზე - კვირის პალიტრა

"პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში" - აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის პირველი კომენტარი ბათუმის მოვლენებზე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კახა ბუხრაძემ ბათუმში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუს“ ექსკლუზიური კომენტარი მისცა.

ბუხრაძე „ცილისწამებას“ უწოდებს ბრალდებას, თითქოს მან აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს „თათრები“ უწოდა.

„საერთოდ ვერ წამომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი. შესაბამისად, ამაზე საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე ახლა კომენტარს და რაღაცნაირად თითქოს თავს ვიმართლებდე. ესაა ცილისმწამებლური განცხადება და გამეორებაც არ მინდა იმ ფრაზის, რაც ითქვა. ვინც მე მიცნობს, წამითაც არ დაუშვებს იმას, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მეთქვა ან გამეფიქრებინა. ამის მოგონება და მერე ამაზე აპელირება, ეს არის ღალატი. სამარცხვინო იყო ამის დაბრალება ჩემთვის“, - განაცხადა კახა ბუხრაძემ.

კითხვაზე, რამდენად არის საფუძვლიანი აჭარის რეგიონის მოსახლეობის ბრალდება იმის თაობაზე, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან ადგილობრივთა დაჯარიმების ფაქტები გახშირდა და მოხდება თუ არა შესწავლა იმის, რამდენად აქვს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, კახა ბუხრაძემ აღნიშნა, რომ „საზოგადოების განწყობა და მოთხოვნაცაა, რომ საპატრულო პოლიცია კანონდარღვევის შემთხვევაში იყოს მაქსიმალურად ქმედითი, სამართლიანი და მოქმედებდეს მკაცრად, თუმცა კანონის სრული დაცვით“.

„საპატრულო პოლიცია მოქმედებს ზედმიწევნით კანონის ფარგლებში. აუცილებელია ყველა მოქალაქემ დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და დაემორჩილოს კანონს. არავინ დგას კანონზე მაღლა და კანონის წინაშე ყველა თანაბრად ვაგებთ პასუხს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების განწყობა და მოთხოვნაცაა, რომ საპატრულო პოლიცია კანონდარღვევის შემთხვევაში იყოს მაქსიმალურად ქმედითი, სამართლიანი და მოქმედებდეს მკაცრად, თუმცა კანონის სრული დაცვით. სწორედ ამ მიზანს ვემსახურებით ჩვენ იმისთვის, რომ დავიცვათ წესრიგი, თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებიც ასეა გახშირებული და რომლის მიზეზი სწორედ საგზაო მოძრაობის წესების უგულვებელყოფაა. ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ კანონი და უზრუნველვყოთ მოქალაქეების მაქსიმალური უსაფრთხოება. ეს შემიძლია გიპასუხოთ“, - განაცხადა კახა ბუხრაძემ.

წაიკითხეთ ასევე: "აჭარას უამრავი ხარბი თვალი უყურებს" - სოციალური აფექტი თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?!

"ინტერპრესნიუსი"