"რა მნიშვნელობა აქვს, ნარკორეალიზატორი რას წარმოადგენს, ან ვისი შვილია?!" - ელიტური "ბარიგების" ინსტიტუტი?!
"ნარკოტიკების მოხმარებით გარდაცვლილთა რაოდენობა გახშირდა. ნარკობაზარზე ახალი, განსაკუთრებით საშიში ფორმულების ნივთიერებები გამოჩნდა"
"ახლობელმა მითხრა, თავი ანაკლიაში კი არა, კოლუმბიაში მეგონაო. ყველამ იცოდა, რომ ფესტივალზე რამდენიმე პირს ჩანთა სავსე ჰქონდა და ნარკოტიკებს ყიდდა, თუმცა, რეაგირებაზე არავის უფიქრია"
არის თუ არა დღეს ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე გვესაუბრება:
"ნარკორეალიზატორი სიკვდილს ყიდის"
- ნარკოტიკების მოხმარებით გარდაცვლილთა რაოდენობა გახშირდა. მზარდი ტენდენციის მთავარი მიზეზი ნარკობაზარზე ახალი, განსაკუთრებით საშიში ფორმულების გამოჩენაა. ნარკორეალიზატორები ცვლიან ნივთიერებების სტრუქტურას და მომხმარებელმა არ იცის, რას იღებს. ახალ ნარკოტიკებს შეფუთვასაც უცვლიან.
გაიოლდა საზღვარგარეთიდან მისი შემოტანა - ყველაზე აპრობირებული გზაა ინტერნეტით გამოწერა. იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული ინტერნეტსაიტები დაიხურა, შექმნილ ვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა - ახალი საიტები ყოველწამიერად იხსნება. შესაბამისად, ბიონარკოტიკების ნაკადი საზღვარგარეთიდან ზოგს მცირე პარტიად შემოაქვს, ზოგიც ინტერნეტით იწერს. ოპერატიული ინფორმაციის გარეშე რთულია თითოეული მგზავრის შემოწმება, ამიტომ რეალიზატორების უმრავლესობას დაუბრკოლებლად შემოაქვს.
- თუ საბაჟოზე ან ინტერნეტით ძნელია რეალიზატორის დადგენა, რატომ ვერ ხერხდება მათი გამოვლენა კლუბსა თუ ფესტივალებზე?
- ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია, რომელიც წელიწადში ასზე მეტ ახალ ნარკონივთიერებას ამზადებს. მათ კავშირი აქვთ როგორც პოლიტიკურ, ისე კრიმინალურ სამყაროსთან. ზოგიერთი იმის პროპაგანდასაც ეწევა, რომ ნარკოტიკები თავისუფლების სიმბოლოა. განსაკუთრებით საშიშია მიდგომა, რომ კლუბური ნარკოტიკები არ არის საშიში, ძლიერი ნარკოტიკები კი საშიშია. ნებისმიერი ტიპის ნარკორეალიზატორი სიკვდილს ყიდის.
არაერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ნარკორეალიზაციის გამო დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. რა მნიშვნელობა აქვს, რას წარმოადგენს, ან ვისი შვილია, თუ სხვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ისინი ხომ ჩვენი შვილების სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდებიან?! მათ უნდა დაესვათ სამარცხვინო დაღი, რომ ადამიანებს სასიკვდილოდ წირავენ.
"გორი ნარკოტიკების გავრცელების ცენტრად იქცა"
მამუკა არეშიძე, ექსპერტი:
- ნარკოტიკების შემოსატანად რამდენიმე გზა არსებობს - აზერბაიჯანის საზღვარი, ოკუპირებული ტერიტორიები, ევროპა და ინტერნეტი. საქართველოში მოძლიერდა ე.წ. ელიტური ბარიგების კასტა, რომლებსაც დიდი ალბათობით მაღალჩინოსნები და გავლენიანი პირები მფარველობენ. პარალელურად, აიწია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნის ხარისხმა როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო სექტორში. ესეც ნარკორეალიზატორების გეგმის ნაწილია. გამოძიება თავად ვაწარმოე - გორი ნარკოტიკების გავრცელების ცენტრად იქცა, სადაც "ბარიგები" თავხედურად იქცევიან.
ცნობილი ნარკობარიგის გვარიც ვიცი, რომელიც გორის ცენტრში ცხოვრობს და სახლიდან ყიდის ნარკოტიკს.
მისი სახელი პოლიციისთვისაც ცნობილია, თუმცა, მე არ დავაკონკრეტებ. ის ერთ-ერთი ადგილობრივი სტრუქტურის ხელმძღვანელთან კაბინეტში მიდის ნარკონივთიერებით. მას იმდენად გავლენიანი მფარველები ჰყავს, რომ გორის პოლიციის ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ბედავს. გორში რამდენიმე წლის წინ ბარიგები დაიჭირეს, თუმცა, მათი ნაწილი დღეს გარეთაა და თავისუფლად "საქმიანობს". ცოტა ხნის წინ საპატიმროდან გამოვიდა ცნობილი ბარიგა, რომელსაც ჰყავს წვრილი გამსაღებლები და მათი საშუალებითაც სხვა ბარიგებს აწვდის წამალს - აქ იკვეთება გორის საქალაქო პოლიციის თანამშრომლისა და მისი ძმის მფარველობა.ეს ჯგუფი ისე ჩქარობს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, სხვა უფრო დიდი მფარველი არ ჰყავს, ამიტომ მოსწრებაზეა...
გორში ნარკოტიკები ცხინვალიდან შედის. ელიტური ბარიგების ნაწილი მათგან იღებს ნარკოტიკს. ნარკოტიკი აზერბაიჯანიდან ან სომხეთიდან ტრანსპორტით შემოაქვთ. ნაწილი თურქეთიდან შემოდის. სარფის გამშვებ პუნქტთან ათასობით მანქანა გადის, ნარკორეალიზატორებმა კი იმდენად დახვეწეს ტექნოლოგიები, რომ ინფორმაციის გარეშე ვერ მიაგნებ, სად შეიძლება იყოს დამალული ნარკონივთიერება. ხშირად რუსი სამხედროებიც არიან ჩართული ნარკორეალიზებაში - ყველა მათგანთან ელიტურ ბარიგებს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აკავშირებთ. კლუბებში ბარმენები და მიმტანები ყიდიან ნარკოტიკებს, თუმცა, ისინი ხელშეუხებელი არიან, რადგან კლუბების მეპატრონეები ავტორიტეტული ფიგურები არიან, რომლებსაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ წრეებზე აქვთ გავლენა. ანაკლიის ფესტივალმა თვალნათლივ დაგვანახა, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში. ახლობელმა მითხრა, თავი ანაკლიაში კი არა, კოლუმბიაში მეგონაო. ყველამ იცოდა, რომ ფესტივალზე რამდენიმე პირს ჩანთა სავსე ჰქონდა და ნარკოტიკებს ყიდდა, რეაგირებაზე კი არავის უფიქრია, სანამ 23 წლის გოგონას გარდაცვალება არ გახმაურდა.
ე.წ. ელიტური ბარიგა, რომელიც შოუბიზნესის წარმომადგენელია, ფესტივალში აქტიურად იყო ჩართული - ის იმდენჯერ ფიგურირებდა ამ დანაშაულში, ეჭვიც არ მეპარება, ფესტივალზეც "წარმატებით საქმიანობდა".
იხილეთ ასევე: "პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი "ფესტივალის" ბილეთი" - რას წერს ანაკლიაში გარდაცვლილი გოგონას დედა
რუსუდან შელია