"ბიჭის ცხედარი საძინებელ ოთახში იყო, შესაძლოა ნოდარს ეძინა კიდეც, როცა ესროლეს"
7 თებერვალს, დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობა ჯერ ისევ გაუხსნელია, ამ დრომდე უცნობია მკვლელობის ზუსტი მოტივიც, თუმცა არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე სამართალდამცავებს იდენტიფიცირებული ჰყავთ და ახლა მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.
დოდო გუგეშაშვილს და მის ერთადერთ ვაჟს, 33 წლის ნოდარს, დილის საათებში დაესხნენ თავს.
როცა თავდამსხმელი დედა-შვილის ნაქირავებ ბინაში, მე-13 სართულზე მივიდა, ნოდარი გუგეშაშვილი, სავარაუდოდ, ჯერ ისევ საწოლში იწვა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ერთ-ერთი პიროვნების მონაყოლი, რომელმაც დანაშაულის ადგილი მომხდარიდან მალევე ნახა. ის ამტკიცებს, რომ ნოდარის ცხედარი საწოლ ოთახში იყო და არ არის გამორიცხული, მას მკვლელის მისვლისას, საერთოდაც, ეძინა.
"დოდო იცნობდა მკვლელს და კარიც თვითონ გაუღო. შესაძლოა, ცოტა ხანს ისაუბრეს კიდეც, შემდეგ კი ყველაფერი წამებში მოხდა. მკვლელი პირდაპირ საძინებელ ოთახში შევარდა და საწოლში მყოფ ნოდარს რამდენიმე ტყვია დაახალა. შვილის დაცვა სცადა დედამ, თუმცა მკვლელმა მასაც ერთი ტყვია ესროლა", - გვიყვება ადამიანი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა გვთხოვა.
უკვე ცნობილია, რომ მკვლელის წასვლამდე ბინა დაჭრილმა დოდო გუგეშაშვილმა დატოვა, ის ყვირილით გამოვარდა და მეზობლებს შველას თხოვდა. დაჭრილი ქალი მე-11 სართულამდე ფეხშიშველი ჩავიდა. მას ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება და სასწრაფოც გამოიძახეს... ზოგიერთი მათგანის თქმით, ამ დროს დაინახეს, როგორ ჩამორბოდა კიბეზე მამაკაცი, რომლის დანახვისასაც დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი აყვირდა, - ეს არის მკვლელი, დაიჭირეთო!
სავარაუდო დამნაშავის შეჩერება ვერავინ შეძლო და ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც მკვლელი ნახა, მე-14 სართულზე ცხოვრობს.
ისიც გარეთ ყვირილის ხმაზე გამოსულა და დაუნახავს დოდოს სახლიდან როგორ გამოვიდა შუახნის მამაკაცი, რომლისთვისაც უკითხავს, - რა ამბავია, რა ხდებაო? - მამაკაცსაც კითხვითვე უპასუხია, რა ხდებაო და კიბეზე გაუგრძელებია სირბილით გზა. ის მოწმეც ამბობს, რომ მამაკაცს ხელში ცელოფანი ეჭირა, რომელშიც ყუთი იდო. მისი თქმით, სირბილის დროს მამაკაცმა კედელს მიანარცხა ყუთი და მსხვრევის მაგვარი ხმა გაისმა, თუმცა უცნობია რა იდო ყუთში? მასში იარაღს ინახავდა დამნაშავე თუ გუგეშაშვილების სახლიდან რაიმე სხვა ნივთი მიჰქონდა, ამას, იმედია, გამოძიება დაადგენს.
კიდევ ერთი ინფორმაციით, არსებობს ტრაგედიის მერე გადაღებული კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მეზობელმა გადაიღო. ამ კადრებში აღწერილია დოდო გუგეშაშვილის მე-11 სართულზე ჩასვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები. ეს მასალა მან სამართალდამცავებს გადასცა და ალბათ დაერთვება საქმეს. ჩვენ ვცადეთ ამ პირთან ამ საკითხებზე საუბარი, მაგრამ მან გვითხრა, რომ პროკურატურაში გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი და დეტალებზე საუბარი აუკრძალეს.
როგორც ცნობილია, სასწრაფოს მოსვლამდე მეზობლებმა სცადეს გუგეშაშვილის დახმარება, ამასობაში პოლიცია და სასწრაფოც მოვიდა და დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნებოდა და ფილტვი ჰქონდა დაზიანებული. სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, როგორც მეზობლები ამბობენ, დოდო გუგეშაშვილს სისხლი სდიოდა, თუმცა მას გონება არ დაუკარგავს. არსებული ინფორმაციით, საოპერაციოში შესვლამდე მან სამართალდამცავებს დამნაშავის ვინაობაც უთხრა და ამიტომაც ძალოვნებმა ადვილად შეძლეს დანაშაულის გახსნა და დანაშავის იდენტიფიცირება.
ფაქტის თვითმხილველი მეზობლები მომხდარით შოკირებულები არიან. როგორც გავარკვიეთ, ხმაურის შემდეგ რამდენიმე მეზობელმა გუგეშაშვილების ბინაში შესვლაც შეძლო. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ოთახში არანაირი არეულობა არ იყო, მათ არც მანამდე გაუგიათ სახლიდან ხმაურის და სროლის ხმა. სავარაუდოდ, მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა, თუმცა ვერ ხსნიან რატომ ვერ გაიგეს გუგეშაშვილის მხრიდან საპასუხო გასროლის ხმა თუ მართლაც ესროლა მან მკვლელს.
ერთ-ერთი ვერსიით, დოდო გუგეშაშვილმა დამნაშავე თავისი იარაღით დაჭრა, მაგრამ მისი მეგობრები არ ამბობენ, ჰქონდა თუ არა მას სახლში ცეცხლსასროლი იარაღი. მეზობლების თქმით, როცა კიბეებზე დაჭრილი გუგეშაშვილი ნახეს, მას ხელში იარაღი არ ჰქონია. არც მის საცხოვრებელ სახლში შესულ მეზობლებს უნახავთ ოთახში იარაღი, სამაგიეროდ, ოთახში ნახეს რამდენიმე მასრა.
რაც შეეხება ნოდარ გუგეშაშვილს, როგორც ერთ-ერთმა მეზობელმაც გვითხრა, ნოდარი საძინებელში იყო. "დოდო გაუთავებლად იმეორებდა, ჩემი შვილი როგორ არისო, მეგონა, ისიც დაჭრილი იყო და ბინაში შევედი. მისაღებ ოთახში ვნახე რამდენიმე გასროლილი მასრა, საძინებელი ოთახის კარი შევაღე და... ნოდარის ცხედარი საწოლთან იყო, სისხლში ცურავდა. ამიტომაც, ვვარაუდობ, რომ შესაძლოა მას ეძინა კიდეც, როცა ესროლეს. ალბათ სროლის მერე იყო საწოლიდან გადმოვარდნილი. აშკარად ჩანდა, რომ გარდაცვლილი იყო და ამიტომ ხელით არ შევხებივარ", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
როგორც ირკვევა, მოკლულს ორი ტყვია ესროლა მკვლელმა, ერთი კეფაში, მეორე თავის არეში. ვარაუდობენ, რომ დამნაშავე სახლში ნოდარ გუგეშაშვილთან მივიდა შურისსაძიებლად, თუმცა რა უთანხმოება ჰქონდათ მკვლელსა და მოკლულს ერთმანეთთან, ამაზე ჯერჯერობით არავინ ლაპარაკობს.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ეს ვალებს უკავშირდებოდეს. ამბობენ, რომ დედა-შვილს შემოსავალი არ ჰქონდა. ბოლო დროს ნოდარიც უმუშევარი იყო. ის ადრე ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრში ანიმატორად მუშაობდა, მანამდე კი ვეტერანთა კავშირში ფოტოგრაფი იყო. მეგობრები ამბობენ, რომ ნოდარს მტერი არ ჰყავდა და ის არ იყო კონფლიქტური პიროვნება, თუმცა ვერ აუხსნიათ რატომ შეიძლებოდა ის მოეკლათ.
კიდევ ერთი ვერსიით, მომხდარი პირად ანგარისწორებას უკავშირდება. გავრცელდა ასევე ინფორმაცია და მომხდარი დოდო გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობას დაუკავშირეს, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ მის მეგობრებს. ჩვენი წყაროც ადასტურებს, რომ სამიზნე იყო ნოდარი და არა დოდო. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, რატომ დატოვა მთავარი მოწმე მკვლელმა და მისი ლიკვიდაცია რატომ ვერ შეძლო. დოდო გუგეშაშვილი რომ უცხო ადამიანს კარს არ გაუღებდა ამაზე საუბრობენ მისი მეგობრებიც. მათი თქმით, მას წესად ჰქონდა სათვალთვალოში გახედვა და კითხვა, თუ ვინ იყო კართან და მხოლოდ ამის შემდეგ აღებდა ბინის კარს. სანამ სამართალდამცავები დანაშაულს გახსნიან და მომხდარის დეტალები გახდება ცნობილი გთავაზობთ თვითმხილველი ქალის მონათხრობს.
გუგეშაშვილების მეზობელი ზოია ქაჯაია, რომელმაც ნახა სავარაუდო მკვლელი აი, როგორ აღწერს მას:
"დოდო სკამზე დავსვით, ფეხშიშველი იყო, ამიტომ გეტრები გამოვიტანე და ვაცმევდი, როცა აყვირდა ეს არის მკვლელი, დაიჭირეთო! და ამ დროს ჩაირბინა ჩვენს წინ იმ კაცმა, რომელსაც მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა, სახეს თვალი ვერ მოვკარი, თუმცა ქვედა სართულის მეზობლებმა დაინახეს მისი სახე და მათი ჩვენების საფუძველზე ფოტორობოტიც კი შექმნა პოლიციამ. მამაკაცი იყო საშუალოზე ოდნავ მაღალი, მხარ-ბეჭიანი, როგორც მეზობლები ამბობენ, 3-4 დღის გაუპარსავი ექნებოდა წვერი და ეკეთა სათვალე. თავზე კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული... ხელში ეჭირა ლურჯი პარკი, რომელშიც ედო მუყაოს ყუთი და ჩაირბინა კიბეები. მერე თქვეს, რომ თითქოს ისიც დაჭრილი ყოფილა და სისხლის კვალი იპოვეს ქუჩაში.
იხილეთ ასევე: "ჩემზე დიდი ნადირობა მიდიოდა" - ვინ არის დოდო გუგეშაშვილი?
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)