"ბესიკი 4 შვილთან ერთად, ძმისშვილებსაც საკუთარივით ზრდიდა, სწორედ მათ დაცვას შეეწირა"
რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, სადაც დაპირისპირებისას, ერთი ადამიანი - ბესიკ ომიაძე დაიღუპა, ძმები ლევან და შალვა ბუზიაშვილები კი სხეულის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ბუზიაშვილების ოჯახის წევრების მტკიცებით, მათ თავს დაესხა დაჭრილი ძმებიდან ერთ-ერთის - ლევან ბუზიაშვილის ცოლის, ნინო ამყოლაძის ყოფილი მაზლი, რამდენიმე პირთან ერთად.
ამყოლაძის მტკიცებით, მაზლი მას მეორედ გათხოვების გამო ემუქრებოდა, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ბესიკ ომიაძის ახლობლები.
მათი თქმით, ბესიკ ომიაძე საუკეთესო ადამიანი იყო და საკუთარ ოთხ შვილთან ერთად, 3 ძმიშვილსაც ზრდიდა, რომელიც დედამ მიატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართლადმაცავებმა მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი - 1984 წელს დაბადებული ლევან ბუზიაშვილი ხაშურის "ახალ კლინიკაში" დააკავეს.
ბრალდებული სამკურნალო დაწესებულებაში რჩება, თუმცა მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში უწევენ.
შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ: "ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1980 წელს დაბადებულ ნინო ამყოლაძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მისი ყოფილი ქმრის ძმა - 1973 წელს დაბადებული ბესიკ ომიაძე ორ პირთან ერთად მივიდა, რასაც საცხოვრებელ სახლში მყოფ პირებსა და მისულებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
აღნიშნული ქმედება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მხარეებმა, რკინის ხელჯოხისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რა დროსაც ამყოლაძის მეუღლის - 1984 წელს დაბადებული ლევან ბუზიაშვილის მიერ ბესიკ ომიაძისთვის დანით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ლევან ბუზიაშვილის ძმამაც, 1982 წელს დაბადებულმა შალვა ბუზიაშვილმაც.
მომხდარის გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".
მკვლელობის დღეს, ომიაძემ ყოფილ რძალს მიაკითხა. რატომ მივიდა მასთან, მანამდე ჰქონდათ თუ არა ომიაძეს და მის ყოფილ რძალს ნინო ამყოლაძეს კონტაქტი და რა გახდა მკვლელობის რეალური მიზეზი? - ამაზე კომენტარი ომიაძეების ოჯახის მეგობარს - ელისო ღვინიაშვილს ვთხოვეთ:
- სიმართლე ისაა, რომ ლევან ომიაძის და ნინო ამყოლაძის ოჯახი არერთხელ იდგა დანგრევის პირას. ლევან ომიაძე ბოლო წლები წასული იყო ისრაელში სამუშოდ და იქიდან ინახავდა ოჯახს. ამ ხნის განმავლობაში ნინო ამყოლაძე ეწეოდა უწესო ცხოვრებას და მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად იყვნენ უმეთვალყურეოდ სახლში მარტო დატოვებული, უჭმელ-უსმელი, ავადმყოფი. შემდგომ, ნინო ამყოლაძემ მოინდომა ქმართან ისრაელში ჩასვლა და ორი მცდელობის შემდეგ, შეძლო უკანონოდ გადაეკვეთა საზღვარი.
იქ გაიცნო ლევან ბუზიაშვილი, რომელთანაც ქმრის ზურგს უკან რომანი გააბა. მას ქმართან გაყრა არც უნდოდა. ერთდროულად უნდოდა ჰყოლოდა ქმარიც და საყვარელიც. თუმცა ვერ შეძლო დიდხანს ამ თამაშის გაგრძელება, რადგან ქმარმა შეიტყო ყველაფერი. ამას მოჰყვა ის, რომ ბუზიაშვილმა ისრაელს თავშეფარებულ კრიმინალებს ლევან ომიაძე სასტიკად აცემინა.
საქმეში ჩაერია პოლიცია და ნინო იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო. საქართველოში დაბრუნდა ლევან ომიაძეც, რომელიც ცემის შემდეგ მიღებული ტვინის შერყევის გამო, მკურნალობას აქ გადიოდა.
ნინომ თავი ნაცნობებს შეაფარა. მამამ და ძმამაც კი უარი თქვეს მის მიღებაზე. ამის შემდეგ თვეში ერთხელ ჰქონდა კონტაქტი შვილებთან და ამაში ხელს არავინ უშლიდა. ბავშვებს ამ პერიოდის განმავლობაში პატრონობდნენ გარდაცვლილი ბიძა და ბიცოლა.
ნინო ამყოლაძემ რამდენჯერმე გაყალბებული საბუთებით კვლავ სცადა ისრაელში დაბრუნება, ამჯერად უკვე ლევან ბუზიაშვილთან თანაცხოვრების გასაგრძელებლად. ამ ხნის განმავლობაში, ნინო ამყოლაძეს არ უზრუნია შვილებზე, ვინაიდან იცოდა, რომ მათ მზრუნველი ბიძა და ბიცოლა მიხედავდნენ. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისრაელში ბუზიაშვილთან დაბრუნება და არა შვილებზე ზრუნვა.
- ბესიკ ომიაძეს, მანამდე თუ ჰქონია ყოფილ რძალთან კონტაქტი?
- ბესიკს რძალთან არასდროს ჰქონია კონტაქტი. არც მუქარის ზარები განუხორციელებია ოდესმე და ამას გამოძიება ადვილად დაადგენს.
- მკველობაში ეჭვმიტანლი და გარდაცვლილი თუ იცნობდნენ ერთმანეთს?
- ეჭვმიტანილი ისრაელში ცხოვრობს მრავალი წელია. იქ ჩაიდინა დანაშაული - ბანკიდან გამოსულ ადამიანს თავს დაესხა და დანა ყელში გამოუსვა და გაძარცვა. ამის მერე ისრაელში მოიხადა სასჯელი. საქართველოში არ ყოფილა დიდი ხანია. ჩამოვიდა 1 თვის უკან და ამ ხნის განმავლობაში არც სატელეფონო ან პირადი კონტაქტი ერთმანეთთან არ ჰქონიათ. ბესიკ ომიაძეს არასდროს ჰქონია პრეტენზია ყოფილ რძალთან მის გათხოვებასთან დაკავშირებით.
პირიქით, ის თავისი უწესო ცხოვრებით იმდენ წელს აყენებდა შეურაცხყოფას ოჯახს, რომ ყოფილი მაზლს არც ჰქონდა სურვილი ნინო ამყოლაძეს მისი ძმის ცოლის სტატუსი ჰქონოდა. შესაბამისად, მას არ ჰქონია კონტაქტი ან შელაპარაკება ბუზიაშვილთან იმის თაობაზე, თუ რატომ მოიყვანა მან ცოლად ნინო ამყოლაძე.
- თავად ბესოს ძმას ანუ ნინო ამყოლაძის ყოფილს მეუღლეს თუ ჰქონდა ყოფილს ცოლთან რაიმე კონტაქტი?
- ნინო ამყოლაძეს და მის ყოფილ მეუღლეს იშვიათად, მაგრამ ჰქონდათ კონტაქტი და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა დედა შვილების ნახვის სურვილს გამოთქვამდა.
- რატომ მივიდა გარდაცვლილი ყოფილი რძლის ოჯახში
- როგორც მოგახსენეთ, ბესიკი ომიაძე, თავის 4 შვილთან ერთად, ზრდიდა დედისაგან მიტოვებულ 3 ძმისშვილს. ის ყველაზე კარგად ამჩნევდა დედის მიერ მიტოვებული მცირეწლოვანი ბავშვების მძიმე ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. განსაკუთრებით, მას მერე, რაც ნინო ამყოლაძე და ლევან ბუზიაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთში და ერთად ყოფნის ამსახველ ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებდნენ. თურქეთიდან ჩამოსულმა ნინო ამყოლაძემ მოისურვა შვილებთან შეხვედრა და ამაზე ბუნებრივია მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის თავის შვილებთან პაემანზე ბუზიაშვილთან და ბუზიაშვილის ორ მეგობართან ერთად მივიდოდა. საქმე ისაა, რომ ყოფილი ქმარი არაერთხელ აფიქსირებდა თავის მოთხოვნას, რომ მის შვილებს არ შეხვედროდა კრიმინალური წარსულის მქონე, არაერთგზის ნასამართლევი ლევან ბუზიაშვილი. ლევან ომიაძემ საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რომ ლევან ბუზიაშვილისაგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი (ზემოთ ვახსენეთ ცემის ფაქტი) და მას სურდა შვილები მოსალოდნელი საფრთხისაგან დაეცვა.
დედასთან შეხვედრის შემდეგ შინ დაბრუნებული 9 წლის ვაჟი იყო დათრგუნული, არ ჰქონდა ვინმესთან საუბრის, კონტაქტის სურვილი, უარი განაცხადა სკოლაში წასვლაზე, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში ეძინა. ეს ყველაფერი იმდენად გამოკვეთილი და მძიმე სანახავი იყო, რომ ბესო ომიაძემ და მისმა მეუღლემ კონსულტაციაც კი აიღეს მეგობარი ფსიქოლოგისაგან, როგორ მოქცეულიყვნენ ასეთ დროს და გამოეყვანათ ბავშვი სტრესიდან.
ბესომ ბავშთან საუბრიდან გაარკვია, რომ ისინი შეხვედრიან დედას და დედის ახალ ქმარს და ქმრის მეგობრებს. ამ ფაქტმა გაანერვიულა ბესიკი, გადაწყვიტა პირადად შეხვედროდა ლევან ბუზიაშვილს და მოეთხოვა მისგან, არასდროს ჰქონოდა კონტაქტი მის ძმის შვილებთან.
- კონკრეტულად რის საფუძველზე მოხდა შელაპარაკება, რომელიც ბესო ომიაძის გარდაცვალებით დასრულდა
- სოფელ ალში ჩასვლას წინ რა უძღვოდა, ამაზე უკვე გესაუბრეთ. იქ ადგილზე რა მოხდა, როგორ გადაიზარდა შეხვედრა ხელჩართულ ბრძოლაში, ეს გამოძიების დასადგენია. ოჯახის მოთხოვნა - შეწყდეს მედიაში მიცვალებულ ადამიანზე ცილისწამება და შეურაცხყოფა ყოფილი რძლის მხრიდან. დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის შედეგს. არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ არ ჩატარდება ობიექტური გამოძიება.
ლაშა მაღრაძე (სპეციალურად საიტისთვის)