"გვითხრეს, ყაჩაღობა იაშვილმა შეუკვეთაო" - როგორ აღმოჩნდა ასლან აბაშიძის სახლში ნაყაჩაღარი ნახატი?
"სლავინსკის სურათიც გვქონდა სახლში, მას ივანე მრისხანეს შვილი ყავდა დახატული, ამ ნახატს ყიდდა მამა. მახსოვს, ვიღაცამ სახლში მოიყვანა ზვიად გამსახურდია, რომ ეს სურათი შეეძინა. ერთი შეხედა ამ სურათს ზვიადმა და მერე მიაჩერდა მურილიოს, გაშეშდა მურილიოს სურათის დანახვაზე, ამას არ ყიდითო, იკითხა, არაო უთხრა მამამ, იყიდა ის მეორე სურათი, მაგრამ აღფრთოვანებული იყო ამ ნახატით და ეს სახეზე აღებეჭდა"
ერთი ძველი ყაჩაღობის ამბავი უნდა გიამბოთ, რომელიც ბევრ სხვა, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩადენილ დანაშაულთან ერთად, დღემდე გაუხსნელია.
მართალია მომხდარზე იმჟამად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ გაუხსნელი, ობმოკიდებული ტომები მხოლოდ პროკურატურის თაროებს შემორჩა.
90-იან წლებში თბილისში საკმაოდ გახმაურებული იყო ცნობილი ექიმების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა. ბინიდან მე-17 საუკუნის, უდიდესი ესპანელი ფერმწერის, მურილიოს ნახატი და უამრავი ძვირფასეულობა წაიღეს, სიკვდილს სასწაულად გადაურჩა ოჯახის უფროსი, ცნობილი ექიმი ლევან თარაშვილი. განიცდიდა უძვირფასესი ნამუშევრის დაკარგვას. არადა, თურმე ჰყავდა ეჭვმიტანილი, რომელსაც პირდაპირ ამხელდა. უფრო მეტიც, ოჯახმა მოგვიანებით ისიც შეიტყო, რომ მათი სახლიდან წაღებული ნამუშევარი ასლან აბაშიძის სახლში ეკიდა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ აღმოჩნდა აჭარის მეთაურის სახლში ნაყაჩაღარი ნახატი.
ცნობილი ექიმების ქალიშვილი, ქალბატონი ნანა ცეკვაშვილი გვიამბობს მის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს.
ნანა ცეკვაშვილი:
- თბილისში, კეკელიძეზე ვცხოვრობდით. ძალიან შეძლებული ოჯახი გვქონდა, დედა, მეგი ფერაძე ცნობილი უროლოგი იყო, მამა, ლევან თარაშვილი რადიოლოგი გახლდათ. ჩემს მშობლებს უძვირფასესი ნივთების და ნახატების კოლექცია ჰქონდათ და სახლში მოსული სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ, თავი მუზეუმში ეგონათ. ორივეს ერთნაირი ინტერესები გააჩნდა და ყიდულობდნენ საინტერესო ნამუშევრებს.
ცნობილი ესპანელი მხატვრის, მურილიოს ნახატი ჩვენს ოჯახში 1962 წელს გაჩნდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მამამ მოიტანა და ძალიან ბედნიერი იყო. ეს ნახატი ჩამოტანილი იყო რუსეთიდან, ვინც მიყიდა მამას ის კაცი ამბობდა, რომ სურათი ჟუკოვის ცოლმა გაყიდა.
ამ სურათს ერმიტაჟის ლუქი ედო, ეტყობა საცავიდან იყო გამოტანილი. კუთხეში ჰქონდა პატარა დაზიანება, ხიშტით იყო დაზიანებული. მახსოვს, რომ მოიტანეს სურათი სულ შავი იყო, გამურულივით. თბილისში ცხოვრობდა ეროვნებით სომეხი კაცი, შავ კოლიას ეძახდნენ და უძვირფასეს ნივთებს ის ყიდდა, მისგან იყიდა მამამ ეს ნახატი და კარგად მახსოვს, როგორ სათუთად წმენდდა ეს კაცი ტილოს.
თავიდან დაბურული იყო, გაჭვარტლულივით, ომგამოვლილი სურათი და ნელ ნელა გამოჩნდა სახეები. კოლიამ არაერთხელ თქვა, რომ მარშალ ჟუკოვის ცოლისგან იყიდა.
- რა იყო გამოსახული სურათზე?
- ეს არ იყო სურათი, ეს, ფაქტობრივად, იყო ხატი, ნახატზე გამოსახული იყო პატარა ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი, ხელში ჯვარი ეჭირა. გვერდით იყო ცხვარი, რომელიც ცაში იყურება და ზევიდან, უფლის მხარეს ორი ანგელოზი მოფრინავს. ძირს ეყარა ვაშლები და მდელოზე წითელი ტილო იყო ზევიდან გადაფარებული. უკანა მხარეს მიწებებული იყო სხვა ტილო, ეტყობა გაიცრიცა და ამიტომ მიაკრეს.
ღია ჭრილობასავით ჰქონდა კუთხეში ის დაზიანება, რომელიც ხიშტით იყო დაზიანებული მართლაც საოცრად შთამბეჭდავი, უძვირფასესი ნამუშევარი იყო. ეს სურათი ეკიდა ჩვენს ოჯახში და იქ მოსული ყველა ადამიანი აღფრთოვანებული იყო ამის ხილვით. ჩვენს სახლში სულ სტუმრიანობა იყო და ბევრ ადამიანს უნახავს ეს ხატი. კარგად მახსოვს, ერთ დღეს მამა ძალიან გაბრაზებული მოვიდა სამსახურიდან, ერთ მის კოლეგაზე იყო ნაწყენი. ეს კაცი გადამეკიდა, ვეუბნები არ ვყიდი ამ ნახატს, რადგან ეს ჩემი ოჯახის ხატია, მაინც არ მეშვება და მეუბნება მომყიდეო.
- ვის უნდოდა ამის შეძენა?
- ექიმი იყო, გვარად იაშვილი, დედაჩემთან ერთად მუშაობდა და მურილიოს ამ ნახატში 2 მილიონს სთავაზობდა.
სამწუხაროდ ჩემი მშობლების ძალიან ახლობელი ადამიანი იყო, უკვე გარდაცვლილია. მამამ ეს კაცი ვერ მოიშორა, ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად მან სახლში უცხოელი ხელოვნებათმცოდნე მოიყვანა ამ ნახატის შესაფასებლად. რუსეთიდან ჩამოიყვანა. ამ ფაქტმა მამა ძალიან გააბრაზა, უთხრა, - რატომ მომიყვანე ეს კაცი, ხომ გითხარი, რომ ამას არ ვყიდიო. ხელოვნებათმცოდნემ დაათვალიერა, სინჯიც აიღო და თქვა, რომ ეს არ იყო ორიგინალი. ეს სპეციალურად იყო გაკეთებული იმისთვის, რომ როგორმე მამაჩემი დაეთანხმებინათ. მამამ კარგად იცოდა რა ჰქონდა სახლში და უთხრა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა არის, ეს არის ჩემი ოჯახის ხატი და არასოდეს ეს არ გაიყიდებაო.
მაშინ მილიონებზე ვერ ილაპარაკებდი, ის კი 2 მილიონ დოლარს აძლევდა. რომც გაეყიდა მამას, ვინ შეარჩენდა იმ ორმილიონს, მაშინ 2000 მანეთის გამო კლავდნენ ადამიანებს. ამ შემოთავაზებიდან 6 თვეში ჩვენს სახლში ყაჩაღობა მოხდა.
- იქნებ ეს დღე გაიხსენოთ?
- მე და ჩემი და გათხოვილები ვიყავით, ცალკე ვცხოვრობდით. სახლში ჩემი მშობლები იყვნენ. ახალი ნამშობიარევი ვიყავი იმ დღეებში და დედა ჩემთან იყო. დედას წინაპრები ჰეპატიტის წამლებს აკეთებდნენ და ამ საგვარეულო რეცეპტით დედაც ამზადებდა წამლებს, ამიტომ მოდიოდნენ ხოლმე წამლის შესაძენადაც.
წინა დღეს სახლში ორი ბიჭი მივიდა და მამას უთხრა, რომ ჰეპატიტის წამალი უნდოდათ. მამამ ისინი მეორე დღეს, 5 საათზე დაიბარა. მეორე დღეს, 2 საათზე თურმე ისევ გაისმა ზარი, მამამ სათვალთვალოდან გაიხედა და დაინახა, რომ ისევ ის ბიჭები იყვნენ, თამამად გააღო კარი და უთხრა, ხომ გითხარით 5 საათზე მოსულიყავით, ჯერ ჩემი მეუღლე სახლში არ არისო. წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, თავში იარაღის კონდახი რომ ჩაარტყეს.
სასტიკად იყო ნაცემი, შებოჭეს, ცხვირიდან სისხლი სდიოდა და ამ დროს პირში ჩაჩარეს ნაჭერი რომ არ ეყვირა, კინაღამ გაგუდეს კაცი, ახლაც მიკვირს როგორ გადაურჩა სიკვდილს. გადაახვიეს რაღაცაში და კუთხეში მიაგდეს. პირველი რაც გაიტანეს სახლიდან მურილიოს ნახატი იყო. შესასვლელში ეკიდა დიდი ჩარჩოთი. მივიდნენ და ჩარჩოდან ამოჭრეს ეს ნახატი, გადაახვიეს და ისე წაიღეს, ამასთან ერთად სახლიდან ძვირფასეულობა და უამრავი ანტიკვარული ნივთი იყო წაღებული. სხვა ნახატები არ წაუღიათ, კონკრეტულად ამის წასაღებად იყვნენ მოსულები.
მერე მამამ ძლივს მოახერხა გაენთავისუფლებინა ხელები, მიხოხდა კართან და შველა ითხოვა. დიდხანს იწვა საავადმყოფოში და მკურნალობდა. მამა იმას ტიროდა და გოდებდა რანაირად გააფუჭეს ეს ხატი, მისი ამოჭრა, გადახვევა და ასე უდიერად მოქცევა როგორ შეიძლებოდაო. რაც ძვირფასი იყო ყველაფერი მოხვეტეს სახლიდან, საბედნიეროდ სხვადასხვა მხატვრის კიდევ უძვირფასესი სურათების ნაწილი ჩემთან, ნაწილი ჩემს დასთან იყო. მშობლებმა ქალიშვილებს გაგვინაწილეს და ისინი გადაურჩა ყაჩაღებს. ცარიელი ჩარჩო დიდხანს ეკიდა სახლში, იმ ჩარჩოში სხვა ფოტოს ჩასმა არც მოგვსვლია აზრად, შეიძლება ხატი ამოიღო და ის სურათის ჩარჩოდ გამოიყენო?
მამა იმდენად სტრესულ მდგომარეობაში იყო სამსახურშიც დიდხანს არ უვლია და მთელი ცხოვრება ტრავმირებული დადიოდა, სულ იმის შიში ჰქონდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა.
- საქმე ალბათ აღიძრა, დამნაშავის კვალს ვერ მიაგნო პოლიციამ?
- საქმე აღიძრა და ამ ნახატზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მამას კარგი სანაცნობო და სამეგობრო ყავდა. კა-გე-ბე, პოლიცია ჩართული იყო, მაგრამ ამ გზით ვერაფერს გახდა, მერე ე.წ. კანონიერი ქურდებიც ჩართო, გავიგეთ ქურდებისგან, რომ ეს ყაჩაღობა სწორედ იმ კაცის შეკვეთილი იყო, ვინც მამას სთოვდა ნახატი მიეყიდა - სურათი იაშვილმა შეუკვეთაო, - პირდაპირ დაადეს მას ხელი, მამაც ამხელდა მას პოლიციასთან, მაგრამ მაინც არ დააკავეს. ყაჩაღობიდან 2 თვეში ანტიკვარიატით სავსე გემი დააკავეს ბათუმში. ეს გემი სწორედ იაშვილს ჰქონდა დატვირთული და იქ აღმოჩნდა ეს სურათიც, მაგრამ მალე გაქრა სურათი. საზღვარგარეთ რომ გაეტანა მილიონებში გაყიდდა. მაშინ ამბობდნენ, 2 მილიონი გადაიხადა რომ არ დაეჭირათო, ის არ დაუჭერიათ.
- სამართალდამცავებს არ ამოუღიათ ბათუმიდან თქვენი ნახატი?
- არა, ითქვა, რომ იპოვეს და მერე გაქრა. ვეღარაფერი ვეღარ გავიგეთ. მოგვიანებით დედაჩემის მეგობრისგან შევიტყვეთ, რომ ეს ნახატი ასლან აბაშიძის სახლში ეკიდა.
- იქ როგორ აღმოჩნდა?
- ამაზე პასუხი არ მაქვს. დედას მეგობარი და მეჯვარე იყო თამარ დობორჯგინიძე, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ოჯახთან. მისი მეუღლე ალიოშა გობრონიძე ბათუმის შსს-ს ყოფილი მინისტრი იყო, იმ დროს უკვე გარდაცვლილი გახლდათ. თამარ დეიდა ასლან აბაშიძის მეუღლის, ქალბატონი მაგული გოგიტიძის მკურნალი ექიმი იყო. მათ სახლში დადიოდა და იქ აღმოაჩინა ჩვენი სახლიდან წაღებული ნახატი. დედამ ჰკითხა, ხომ არ გეშლებაო, არა, რას ამბობ, ეს როგორ შემეშლებაო. ასლანის მეუღლეს ცალკე სახლი ჰქონდა, სადაც მთელი გალერეა იყო სურათების და იქ ეკიდა ჩვენი სახლიდან წაღებული მურილიოს ნახატი.
- არ გიცდიათ გარკვევა ასლანის ოჯახთან?
- არა, ძალიან რთული პერიოდი იყო, ვინ გაუბედავდა ასლანს, რომ ეთქვათ შენს სახლში მოპარული ნივთიაო, მერე იყო სამოქალაქო ომი, უბედურება და აღარავის აღარ ეცალა ამ სურათისთვის. ჩვენ ველოდებოდით გამოძიებას, მაგრამ უშედეგოდ. მამა სიკვდილის ბოლომდე განიცდიდა ამ ამბავს, ვერ შეეგუა დაკარგვას, ძალიან ტრავმირებული იყო. საშინელი შიშები გაუჩნდა, თუ კარზე ზარი გაისმოდა, სულ გვეუბნებოდა კარი არ გააღოთ, ისევ ქურდები არიანო, ასეთ სტრესში იყო. მერე გული აიცრუა და აღარ აგროვებდა ნამუშევრებს, პირიქით, ბევრი ნივთი გაყიდა სახლიდან.
- დღესაც აბაშიძეების სახლშია ეს ნახატი?
- ასლანი წავიდა რუსეთში და არ ვიცი სად წავიდა ეს სურათი. ერთი ფაქტია, ჩვენს ოჯახს ეს ნივთი არ დაბრუნებია და არ უცდია ძალოვნებს ამ საქმის გამოძიება. 2004 წელს გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ, მაგრამ არც ამას მოყოლია გამოხმაურება. აწი მითუმეტეს ვის ვებრძოლო და როგორ დავამტკიცო, რომ ეს ჩემს ოჯახში იყო, მე კი მაქვს ჩემს სახლში გადაღებული სურათები, მაგრამ როგორ დავამტკიცო რომ ჩემია?
1991 წლიდან მოყოლებული ეს საქმე დარჩა გაუხსნელი. მაშინ მამას უძვირფასესი ბეჭედი ეკეთა ხელზე, პირდაღებული ლომი, ლალის ორი თვალი ჰქონდა. ეს იყო საგვარეულო ბეჭედი, მამას ლევანი ერქვა და მე რომ მეორე ბიჭი გამიჩნდა, მამას სახელი დავარქვი, უხაროდა და ამბობდა ეს ბეჭედი ჩემგან ექნება ჩემს შვილიშვილსო, ესეც წაიღეს ყაჩაღებმა, თურმე მამა ეუბნებოდა, ეს მაინც არ წაიღოთ, ჩემი შვილიშვილისთვის მინდაო. წლების მერე ინტერნეტში ვნახეთ ფოტო ვიღაც მხედრიონელს ეკეთა ხელზე ეს ძვირფასი ბეჭედი.
- გაქვთ ეჭვი რომ მხედრიონელები დაგესხნენ მაშინ?
- არ ვიცი, იმასთან როგორ მოხვდა მამაჩემის ბეჭედი. ნამდვილად არ ვიცით ვინ დაგვესხა თავს, ვიცით, რომ ეს იყო შეკვეთილი ყაჩაღობა. იმ ნახატისთვის იყვნენ შემოსულები და შეკვეთა იმაზე იყო მიცემული, მერე რაც შეხვდათ მოხვეტეს და წაიღეს, ოქროული დიდი რაოდენობით და ანტიკვარული ნივთები. მე არ ვიცი როგორ აღმოჩდა ასლანთან ეს ნახატი, არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ აჩუქა. მამა ამხელდა დამნაშავეს, მაგრამ არავის გამოუძიებია ეს საქმე.
- დედათქვენის მეგობარს, ასლანის მეუღლისთვის არაფერი უკითხავს?
- არა, ხმა არ ამოუღია, მერე მალე გარდაიცვალა ასლანის მეუღლეც. უბრალოდ დედას დაურეკა და უთხრა, ეს იყო და ეს. მე ერმიტაჟში ვნახე მურილიოს სხვადასხვა კოპიოები. ჩვეულებრივი ამბავია დიდი მხატვრების, ერთდროულად რამდენიმე ეგზემპლარად ხატავენ. ეს იყო განსხვავებული იმისგან, რაც ერმიტაჟში ვნახე. იქ არსებულ სურათზე ბალახზე მწვანე იყო გადაფარებული. ფერებში იყო განსხვავება, პეიზაჟი და სიუჟეტი აბსოლუტურად ერთნაირი იყო. ძალიან ცუდი განცდა იყო, ვუყურებდი ჩემს სურათს, რომელიც ჩვენი ოჯახის ხატი იყო და წაგვართვეს. გაჭირვების დროს მეც გავყიდე სახლიდან სურათი, 50 000 მანეთად, რაღაც პერიოდის შემდეგ მაჩვენეს ფოტო და მითხრეს, გესმის შენ ნახატები და ნახე რა სურათი იყიდებაო. ვხედავ, ჩემი გაყიდული სურათი იყიდება 15 მილიონ დოლარად. შეთანხმება ასეთი იყო, თუ ამ სურათს ჩაიტანდნენ კიევში, მაშინ მასში 30 მილიონს გადაიხდიდნენ და წარმოიდგინეთ რა ღირებულების არის მურილიოს ნამუშევარი. მამა იმდენად გათვიცნობიერებული იყო ხელოვნებაში, რომ ყველას ხელოვნებათმცოდნე ეგონა.
სილამაზის საოცარი განცდა ჰქონდა და თუკი ვინმეს რაიმე ნივთის შეძენა უნდოდა, მამაჩემი დაყავდათ ანტიკვარულ მაღაზიებში. სხვა ნივთებსაც აგროვებდა. ფაიფურსაც, იმ ყაჩაღობის მერე გული გაუტყდა და მიატოვა ყველაფრის შეძენა. სლავინსკის სურათიც გვქონდა სახლში, მას ივანე მრისხანეს შვილი ყავდა დახატული, ამ ნახატს ყიდდა მამა. მახსოვს, ვიღაცამ სახლში მოიყვანა ზვიად გამსახურდია, რომ ეს სურათი შეეძინა. ერთი შეხედა ამ სურათს ზვიადმა და მერე მიაჩერდა მურილიოს, გაშეშდა მურილიოს სურათის დანახვაზე, ამას არ ყიდითო, იკითხა, არაო უთხრა მამამ, იყიდა ის მეორე სურათი, მაგრამ აღფრთოვანებული იყო ამ ნახატით და ეს სახეზე აღებეჭდა. მართლა განძი იყო, რომელიც სამწუხაროდ ჩვენმა ოჯახმა ვერ დაიბრუნა.
- დღეს ისევ ძიებაშია ეს საქმე? ისევ ითხოვთ გამოძიებას?
- აზრი მითხარით, ვის ვუჩივლო, ან ვინ გამოიძიებს ამ საქმეს აწი. ეს ხომ აბსურდია. დარჩა გაუხსნელი ეს საქმე და დაუსჯელი დამნაშავეები. ის იაშვილიც აღარ არის აწი ცოცხალი, არც ჩემი მშობლები არიან ცოცხლები, რომლებიც სულ განიცდიდნენ ამ ამბავს.
პ.ს. საქმესთან დაკავშირებით დეტალების გარკვევა ვცადეთ პროკურატურაში, სადაც დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას მოგვაწვდიან. როგორც კი გვექნება პროკურატურიდან ინფორმაცია, დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნებთ.
იხილეთ ასევე: "საუკუნის ძარცვა": თბილისის ყოფილი პროკურორი დუმილს არღვევს (ექსკლუზივი)
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)