"ვიდრე ასლანი ციხეში იყო, "ლავას ოღლიმ" ნახევარი ბათუმი ხელში აიღო" - ახალი კონფლიქტები "ქურდულ სამყაროში"
სააგენტო "პრაიმ კრაიმის" მთავარი რედაქტორი ვიქტორია გეფტერი ქურდული სამყაროს წარმომადგენელს ესაუბრა, რომლის ვინაობაც გამოცემამ არ დაასახელა. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას.
- რა შეიცვალა ქურდულ სამყაროში შაქრო კალაშოვისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ?
- შეიცვალა ის, რომ თუ წინათ ოზმანოვები მბრძანებლობდნენ (შაქროს ტიტულოვანი ნათესავები) ახლა უკვე მათი შევიწროება დაიწყეს, რაც ადრე არ ხდებოდა. ბოლო, რომელმაც გადაწყვიტა "არმიის" წინ წაწევა, ედიკ ასატრიანია, მაგრამ შაქროს დაკავების შემდეგ მას აღარ უსმენს არც ჯანგველაძე, არც შუშანაშვილი და არც "გული". (იხილეთ: "კანონიერ ქურდს" თავის დახსნა 800 000 ევრო დაუჯდა, რა ელის ამჯერად? - სალონიკში ლაშა შუშანაშვილი დააკავეს)
- თქვენ ახლა ქურდული სამყაროს სამეული ჩამოთვალეთ?
- ბოლო დრომდე თავისუფლებაზე იყვნენ მერაბ ჯანგველაძე, "გული" (ნადირ სალიფოვი) და ლაშა შუშანაშვილი. ისინი, ვინც არიან მიმთითებლები. შუშანაშვილის დაკავების შემდეგ, დარჩნენ "გული" და მერაბი.
- მერაბი და ლაშა ერთმანეთს არ აღიარებენ?
- დიახ.
- არც ხვდებიან და არც ურთიერთობენ?
- არა, რა თქმა უნდა.
- და "გული" ორივეს ხვდება?
- დიახ, თუმცა დისტანციას იჭერს.
- და ორივეს აღიარებს "ქურდებად"?
- დიახ.
- გამოდის, რომ ერთადერთი, რომელსაც ყველა აღიარებს "ქურდად" არის "გული"?
- დიახ, მაგრამ "გული" ის ადამიანი არ არის, რომელსაც მოუსმენენ. ახლა, ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველა მოუსმენს, არ არის. ერთადერთი ვისაც ეს შეეძლო, შაქროა. რადგან ის ძლიერია კავშირებითაც და ფულითაც. მაგრამ ახლა შაქრო ციხიდან ვერაფერს იზამს.
- რა უნდა მერაბს?
- მერაბს უნდა, რომ ლაშა მასთან მივიდეს და ბოდიში მოუხადოს, ისევე, როგორც მოიხადეს ბოდიში "დედ ჰასანთან" რუბიკას მკვლელობის გამო, როდესაც მათი მომავალი მის ხელში იყო.
- რამდენად შესაძლებელია, რომ ლაშამ თავად "გაიჩალიჩა" ციხე, რათა მერაბთან შეხვედრა გადადებულიყო?
- არა მგონია.
- რაც შეეხება მინდია გორაძეს ("ლავას ოღლი"), ამბობენ რომ ასლან ქობულაძემ მასში სერიოზული მეტოქე დაინახა.
- დიახ, შესაძლოა ასეცაა. სანამ ასლან ქობულაძე ციხეში იყო, "ლავას ოღლიმ" ნახევარი ბათუმი ხელში აიღო. იქ ხალხს მინდია უყვარს. თუმცა ჩვენი კანონების მიხედვით, როდესაც საკითხი წყდება, შენ უნდა დაგახასიათოს "კანონიერმა ქურდმა" შენივე ქალაქიდან. მინდიასთან ჭურაძე მივიდა ბათუმელების გარეშე, რისი უფლებაც არ ჰქონდა. როდესაც ასლანი გაათავისუფლეს, პრეტენზია გამოთქვა.
"ლავას ოღლი" ვალდებულია შეხვედრა მოაწყოს და ასლანს დაუძახოს...
- საერთოდ ვინ ქმნის ამინდს მოსკოვში?
- მოსკოვში და ზოგადად რუსეთში ამინდს კახა პარპალია ქმნის. მის ხელშია მოქცეული მთელი რუსული "ობშიაკი". საკუთარი წრე შექმნა. დაიახლოვა "კვეჟოვიჩი" (გურამ ჩიხლაძე) და გუჯა თურქაძე, გადაწყვიტა, რომ მათთვის ხელი არავის ეხლო.
- რა ურთიერთობა აქვს ედიკ ასატრიანს კახა პარპალიასთან?
- თავდაპირველად ვერ ლაგდებოდნენ. მეტიც, კახა რაღაც პერიოდი მოსკოვიდან ჩეჩნეთშიც გადავიდა იმიტომ, რომ ედიკამ მას პოლიციელის მკვლელობა შეუკვეთა. მაგრამ შემდეგ შერიგდნენ და კახა დაბრუნდა.
- "მოსკოველებიდან" (პარპალია, ბადრი, ასატრიანი, ოზმანოვი, ვაგიფი) რომელთან შეიძლება "გულის" ინტერესი გადაიკვეთოს?
- ჩამოთვლილთაგან "გულის" მხოლოდ ვაგიფთან აქვს ნორმალური ურთიერთობა. დანარჩენებთან შესაძლებელია კონფლიქტი წარმოიშვას. "გული" ძალიან ამბიციურია და არავის არაფერს უთმობს.
- რას იტყვით, ზოგადად დღევანდელ განწყობაზე?
- მშვიდობის სურვილი დიდია. (წყარო)
მოამზადა ნიკა გულუამ