"მსხვილ ბიზნესმენებს უკვე მიაკითხეს "ქურდებმა", მაგრამ არა ისეთებს, ზვიგენებად რომ ითვლებიან" - რა ელის "ლავას ოღლის"?
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, "კანონიერ ქურდ" მინდია გორაძეს, იგივე "ლავას ოღლის" კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. ამის შესახებ საბანძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ის საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას. ე.წ. "კანონიერი ქურდი" "ლავასოღლი", საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საზღვარგარეთიდან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მის მიერ მართული ქურდული სამყაროს წევრის ივანე გიგიაძის მეშვეობით, 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ამ უკანასკნელის მიერ ქურდულ სამყაროში თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო ე.წ. "ქურდული გარჩევა". გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, გამოძალვისა და ძალადობის კვალიფიკაციით (სსკ-ის 2231, 2232, 181-ე, 126-ე მუხლებით) მიმდინარეობს", - განაცხადა საბანაძემ. (იხილეთ სრულად)
როგორც ჟურნალისტებთან მინდია გორაძის დამ განაცხადა, მათ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა მისივე თქმით, სამართალდამცველებს არაფერი წაუღიათ.
"ჩხრეკა ჩაატარეს და მორჩა. არაფერი არ ამოუღიათ, წავიდნენ ძალიან ზრდილობიანად. ლამაზად მოვიდნენ და წავიდნენ. ეგ დაკავებულები არ არიან მინდიას მეგობრები, სხვა არფერი ვიცი. ჩემი იურისტი მივა ახლა, გაეცნობა ყველაფერს და შემდეგ გეტყვით ყველაფერს. ბრალი რატო უნდა აღიაროს, არაფერს აღიარებს საერთოდ", - განაცხადა "ლავას ოღლის" დამ.
შეგახსენებთ, რომ მინდია გორაძე "კანონიერ ქურდად" 2013 წელს "აკურთხეს". "ლავას ოღლისა" და სამართალდამცავების გზები პირველად 2006 წელს გადაიკვეთა, როდესაც ის 2006 წელს ბანდიტიზმის მუხლით გასამართლდა. საუბრობდნენ მის გავლენებზე უკრაინასა და საქართველოში, განსაკუთრებით კი ბათუმში.
გორაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა, როგორც ცნობილია, ბათუმელი "ქურდი" ოდესაში ბინის ქურდებს აკონტროლებდა.
მის მიერ კონტროლირებადი ქურდების ძარცვის მეთოდი კი საკმაოდ დახვეწილი იყო, - ისინი სახლებში შეღწევას ალპინისტების მოწყობილებებით ახერხებდნენ. ის უკრაინელმა სამართალდამცავებმა პირველად 2013-ში, მეორედ კი 2014 წელს დააკავეს. დაკავებისას "ლავას ოღლიმ" სამართალდამცავებთან ღიად განაცხადა, რომ ის "კანონიერი ქურდი" იყო.
ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ თურქეთში კანონიერი ქურდების მორიგი "სხადნიაკი" გაიმართა. მას საქართველოში დაბადებული ორი კანონიერი ქურდი - მინდია გორაძე (იგივე ლავას ოღლლავასი) და ნადირ სალიფოვი (იგივე გულუ) ხელმძღვანელობდნენ. გაგიკვირდებათ და, მთავარი სასაუბრო თემა საქართველოში სფეროების გადანაწილება გახლდათ. უფრო კონკრეტულად კი, გორაძესა და სალიფოვს საქართველოს გაყოფა სურთ და გაიყვეს კიდეც - აღმოსავლეთი აზერბაიჯანელ ქურდს ერგო, დასავლეთი - გორაძეს, შესაბამისად, ბიზნესის დატერორება, გარჩევები და ყველა ქურდული დავა სწორედ ამ პრინციპით გადაწყდება - აღმოსავლეთს სალიფოვის ხალხი მიხედავს და მათ გარეშე ბევრი რამ აღარ მოხდება, დასავლეთში კი ისედაც არსებულ გავლენას კიდევ უფრო განიმტკიცებს ლავას ოღლი. (იხილეთ სრულად)
იხილეთ ვიდეო