როგორ გაატაცებინა ყოფილმა პოლიციელმა კრიმინალებს საკუთარი მამა - 2 გატაცება 17-წლიანი შუალედით და საერთო ბრალდებულით
23 წლის ბიჭის გატაცების სკანდალური დეტალები
რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცავებმა ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებულმა პირებმა ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის 23 წლის ვაჟი გიორგი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაიტაცეს. გამტაცებლებმა ბიზნესმენს გამოსასყიდად 3 მილიონი ლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილის მოკვლით დაემუქრნენ. ამირან დეკანოიძე რესტორნების, სასტუმროსა და ბენზინგასამართი სადგურის მფლობელია…
გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ „კვირის პალიტრის“ სტატიიდან:
საქალაქო სასამართლომ ათიდან ხუთს: მამუკა ესაძეს, კალისტრატე ერქვაიას, მამუკა მარგველაშვილს, გოჩა ჩეჩელაშვილსა და თემურ კენჭაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ცნობით, გიორგი დეკანოიძის გატაცება რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ორგანიზატორებად ცოლ-ქმარი მარინა და მამუკა ესაძეები მიიჩნეოდნენ, რომლებიც გატაცებამდე ერთი კვირით ადრე მოსკოვიდან ჩამოვიდნენ.
მამუკა ესაძე ადამიანის გატაცების მუხლით ადრეც იყო გასამართლებული, მისი სახელი უკავშირდება როსტევან ბ.-ს გატაცების საქმეს. ეს იყო შეკვეთილი დანაშაული - ყოფილმა პოლიციელმა პაატა ბ.-მ, რომელიც მანამდე სხეულის დაზიანებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის იყო ნასამართლევი, კრიმინალებს მამა, როსტევან ბ. გაატაცებინა, რომელიც ასევე ყოფილი პოლიციელი გახლდათ."2001 წლის 1-ლ ივლისს სახლიდან გასული როსტევანი უკან არ დაბრუნებულა. გამტაცებლებმა მის ოჯახში დარეკეს და 100 ათასი დოლარი მოითხოვეს. ოჯახმა მათ 80 ათასი დოლარი გადასცა, თუმცა მათ მძევალი არ გაუთავისუფლებიათ. ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, სამართალდამცველებისთვის მიემართათ. პაატა ბ.-ს მოწმის სახით დაკითხვისას გამოძიება მისი მონათხრობით დაინტერესდა და როგორც ეჭვმიტანილი, სამი თვით დააკავა. პაატა ბ.-ს მამასთან კონფლიქტი ბავშვობიდან ჰქონდა, ბოლოს კი ოჯახის უფროსმა ის სახლიდან გააგდო. უფულოდ დარჩენილმა შეძლებული მამის შვილმა ფულის გამოძალვის მიზნით მამის გატაცება დაგეგმა და იმ პირებს დაუკავშირდა, ვინც დაეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც პაატა ბ.-მ გამტაცებლებს 80 ათასი დოლარი გადასცა, მას გამტაცებლები აღარ უნახავს და თავისი წილი ფულიც არ მიუღია. გატაცებული როსტევან ბ. სავარაუდოდ მოკლეს, მაგრამ ცხედარი ვერ იპოვეს. დაკავებულები ამის შესახებ არაფერს ამბობდნენ...
ამ გახმაურებული საქმის ორგანიზატორმა, ამჟამად დეკანოიძის საქმის მთავარმა ფიგურანტმა მამუკა ესაძემ, ამ დანაშაულისთვის 14-წლიანი სასჯელი მოიხადა.