"ვინ გაიმეტა ასეთი სადისტური მკვლელობისთვის, ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს" - ვინ და რატომ მოკლა ნოდარ ცხადაძე და სად არის ბექა კვიციანი?!
ამ დრომდე უცნობია, ვინ და რატომ მოკლა 36 წლის ნოდარ ცხადაძე. მისი ცხედარი გუშინ გვიან ღამით, ექსპერტიზიდან სახლში მიასვენეს.
"ნოდარი მხიარული, ენერგიული და მშრომელი ბიჭი იყო. აქ მასზე ცუდს ვერავინ გეტყვით. ვინ გაიმეტა ასეთი სადისტური მკვლელობისთვის, ამბობენ, რომ ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს. ყველგან ეძებდნენ ეს დღეები, იციან რომ მეგობარ კვიციანთან ერთად იყო, მაგრამ მერე რა მოხდა, არავინ იცის. დაურეკეს ოჯახის წევრებს, რომ ცხედარი იყო ნაპოვნი. დაიბარეს პოლიციაში და მერე ამოსაცნობად წაიყვანეს. განადგურებულები არიან და ჩვენც, მეზობლები განვიცდით მომხდარს. ძალიან კარგი, მშრომელი ოჯახი აქვთ. იმედია, ყველაფერი გაირკვევა, დამნაშავეც დაისჯება, მაგრამ ეს რას უშველის ნოდარს და მის გამწარებულ ოჯახს", - გვითხრა ცხადაძეების მეზობელმა.
როგორც ირკვევა, ნოდარი სადისტურად არის მოკლული, მას ცეცხლსასროლი იარაღით სხეულზე 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. ექსპერტებმა მისი სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს და გაირკვევა, რა იარაღიდან გასროლით მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი.
იმ საბედისწერო დღეს ნოდარ ცხადაძე სახლიდან ჩვეულებრივ სამსახურში წავიდა. მას ისანში მდებარე მანქანების ავტობაზრობაზე მაღაზია ჰქონდა და იქ ავტონაწილებს წლებია ყიდის. იქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ მაღაზიაში არანაირი ჩხუბის ხმა არ გაუგიათ და არც ის იციან, ვისთან ერთად წავიდა ნოდარ ცხადაძე. ერთი ვერსიით, ნოდარს სამსახურში მისმა მეგობარმა და შვილის ნათლიამ, ბექა კვიციანმა მიაკითხა და ისინი ისნიდან ერთად წავიდნენ. ამის შემდეგ იკარგება მათი კვალი და ოჯახები ორივეს 2 დღე-ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
საქმეში პოლიციაც ჩაერთო. სამართალდამცავებმა 12 ნოემბერს ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკლული იპოვეს. ერთი ვერსიით, ნოდარი თბილისის ზღვაზე საქმის გასარჩევად აიყვანეს, რასაც მკვლელობა მოყვა. მეორე ვერსიით კი, მოკლულის ცხედარი შემდეგ აიტანა დამნაშავემ თბილისის ზღვაზე და იქ დატოვა.
შემთხვევის ადგილზე თითქმის მთელი დღე მუშაობდნენ სამართალდამცავები და მათ იმის გარკვევა არ გაუჭირდებათ დანაშაული იქ არის ჩადენილი, თუ არა. ამ დრომდე ეძებენ ბექა კვიციანს, თუმცა ჯერჯერობით მის კვალს ვერსად მიაგნეს. მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ მეგობრებს შორის კარგი ურთიერთობა იყო, მათ შორის არსებულ კონფლიქტზე მათ არაფერი იციან, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ რომ მკვლელობა ბექა კვიციანს ჩაედენა ან ამ დანაშაულში იყოს გარეული.
რატომ უნდა მოეკლა ბექა კვიციანს უახლოესი მეგობარი, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ მოკლულის ახლობლებს. ერთ-ერთი ვერსიით, მათ შორის დაპირისპირება არსებობდა. ბექა ბიზნესში ჩართულ მეგობარს ე.წ. ობშიაკის ფულის გადახდას სთხოვდა და შესაძლოა ეს გახდა ამ დანაშაულის მიზეზიც. რამდენად არის ეს ვერსია სარწმუნო და არის თუ არა ამ სასტიკი მკვლელობის ჩამდენი ბექა კვიციანი, ეს სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ. ამ დრომდე მომხდარზე განმარტებას პოლიცია არ აკეთებს. საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და პოლიციამ მოწმის სტატუსით ბევრი ადამიანი დაკითხა. მათ შორის ბექა კვიციანის მამა, რომელიც პოლიციაში რამდენჯერმე დაიბარეს. თუმცა ჯერ უცნობია რა კითხვები ჰქონდა მათთან გამოძიებას.
ბექა კვიცანის ბიძა, დეპუტატი ემზარ კვიციანი გამორიცხავს ცხადაძის მკვლელობაში მისი ძმისშვილის მონაწილეობას. თუმცა ადასტურებს, რომ იმ დღეს ისინი ერთად ნახეს და რომ ამის შემდეგ მათი კვალი ერთად იკარგება.
"ბექას და ნოდარს ერთმანეთთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, მოკლულ ცხადაძესთან ერთად ნახეს ბოლოს ბექა. მას მერე ორივეს ეძებდნენ, ნოდარი მოინახა და ბექა არ არის ამ დრომდე ნაპოვნი. ისინი ნათესავები და მეგობრები, ერთად გაზრდილები. ჩემი ძმისშვილი მისი შვილის ნათლიაა. რა მოხდა, არაფერი ვიცით", - ამბობს ემზარ კვიციანი. ბექას მამიდა ნორა კვიციანი ამბობს, რომ მისი ძმისშვილი სახლიდან შორტებით არის გასული და თან მობილური ტელეფონიც კი არ წაუღია. ისიც გამორიცხავს მკვლელობაში მისი ძმისშვილის მონაწილეობას და ელოდება, როდის იპოვიან სამართალდამცავები ბექას. ამბობს, რომ ბექას მანქანა არ ჰყავს, ამიტომ უცნობია რა მანქანით გადაადგილდებოდნენ ისინი. კვიციანების ახლობლები არ გამორიცხავენ საქმეში სხვა პირის მონაწილეობას და იმასაც, რომ ბექაც მსხვერპლი იყოს ვიღაცის.
რა მოხდა რეალურად და რას შეეწირა 36 წლის ბიჭის სიცოცხლე, ეს ძალოვნებმა უნდა გაარკვიონ. დანაშაულის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი ინფორმაცია გაგვეგო ბექა კვიციანზე, მაგრამ ემზარ კვიციანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სამართალდამცავები ბექა კვიციანის ძებნას და საქმის გამოძიებას განაგრძობენ.
სტატია გამოქვეყნებული იყო, როცა ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა ბექა კვიციანი დააკავეს
(სპეციალურად საიტისთვის)