"2-3-თვიანი გასტროლები გვქონდა და რომელი ქართველი კაცი აიტანდა?! ორჯერ დაგვენგრა ოჯახი..." - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე ყოფილ მეუღლეზე
ნანი ბრეგვაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ჰყვება:
"1964 წელი იყო, პარიზში პირველად რომ წავედი კონცერტზე, "ორერამდე". ვითომ კულტურის სამინისტროს თანამშრომელი, სინამდვილეში "კაგებეშნიკი", სულ თან დამდევდა. კონცერტის მერე ჯარი იდგა და უამრავი საჩუქარიც მომიტანეს, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვეკარებოდი. პარიზში ჩემი მეუღლის დეიდა ცხოვრობდა, მარიამ ღოღობერიძე, რომელიც ემიგრაციაში დედა ტერეზას სახელით იყო ცნობილი, ბევრს გაუმართა ხელი. ერთხელ ვთხოვე გოსკონცერტის ხელმძღვანელს და შემახვედრეს. მასთან მერეც ხშირად მიშვებდნენ, იმიტომ, რომ დარწმუნდნენ, არსად დამრჩენი არ ვიყავი. მოგვიანებით შევიტყვე, თურმე რატომ დამდევდნენ ასე გაფაციცებით, ვიღაცას დაუწერია, ნანი საფრანგეთში დარჩებაო. წარმოგიდგენიათ, გათხოვილი ქალი, 3 წლის შვილით, ჭკუას ვკარგავ ოჯახზე, მეგობრებზე, ჩემს თბილისზე და იქ დამრჩენი ვიყავი?
ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, უკვე დიდი ხნის დაშორებული ვიყავით, ის რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო, 2-3-თვიანი გასტროლები გვქონდა და რომელი ქართველი კაცი აიტანდა?! ორჯერ დაგვენგრა ოჯახი - პირველად რომ დავშორდით, მალევე დაიჭირეს რაღაც სისულელეზე... რომ გამოვიდა, შევრიგდით, რადგან ეკას მამა უნდოდა, რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ და..." (იხილეთ სრულად)
"დედიკოს გოგო" როგორც ამბობენ, ნანი ბავშვობიდან ყოველთვის დამჯერი გოგო იყო. ის 1936 წელს, თბილისში მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა, გოგონასაც მუსიკალური ნიჭი და არისტოკრატული მანერები მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ
მკაცრი და ამავე დროს მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან ასწავლა და შეაყვარა გოგონას მუსიკა, ფაქტობრივად, მანვე დაგეგმა ნანის ცხოვრება, იზრუნა მის განათლებასა და კარიერაზე, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ის იყო ნანის უპირველესი კრიტიკოსი.
დედა ნანისთან დაახლოებულ ყველა ყმაწვილს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, მათ შორის იყო მერაბ მამალაძეც. გოგონას მერაბი მოსწონდა, თუმცა ის მერაბში მხოლოდ მეგობარს ხედავდა.
დროთა განმავლობაში, მერაბმა თავისით გამოიჩნა ინიციატივა, სასწავლებლიდან მომავალ გოგონას შინ აცილებდა, იჩენდა დიდ ყურადღებას, საჩუქრებითაც ანებივრებდა. დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო.
ნანის გათხოვება არ სურდა, თუმცა როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია.
გათხოვების შემდეგ ნანის მერაბის მშობლებთან ერთად მოუწია ცხოვრება, სამეცადინოდ წასასვლელად თითქმის მთელი ქალაქი უნდა გაევლო. როცა გაიგო, რომ მისი მონატრების გამო დედა ღამ-ღამობით ტიროდა კიდეც, გოგონამ დაარწმუნა მეუღლე და ისინი ოლგა ალექსანდროვნასთან გადავიდნენ საცხოვრებლად.
დედა ნანის მაქსიმალურდა უწყობდა ხელს, ეკას დაბადების შემდეგ, ბავშვის აღზრდაც საკუთარ თავზე აიღო.
ნანი ყოველთვის მამაკაცების წრეში ტრიალებდა, ანსამბლ "ორერაში" ის ერთადერთი გოგონა იყო, თუმცა ის ბიჭების კიდევ ერთი ძმაკაცი გახლდათ, თურმე მეგობრები ნანის ხუმრობით "შალიკოსაც" კი ეძახდნენ... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი მეუღლე მაინც ეჭვიანობდა.
მერაბი გაწონასწორებული პიროვნება იყო, იმდენად თავდაჭერილი, რომ ნანი ვერ ამჩნევდა მის ეჭვიანობას. მაშინაც კი, როცა მერაბმა მოუხშირა მოულოდნელად, გვიან ღამით იმ სასტუმროს ნომერში გამოცხადებას, სადაც ამა თუ იმ გასტროლისას, ნანი ათევდა ღამეს... ის გაოცებულ ნანის უხსნიდა, რომ ამას მონატრების გამო აკეთებდა. წარმატებულ მომღერალს ეჭვიც არ შეუტანია მეუღლის საქციელში, რადგან მიიჩნევდა, რომ მეუღლე ამას მისი დიდი სიყვარულის გამო აკეთებდა...
თუმცა საბოლოოდ მაინც წაუყენა პირობა მერაბმა,- ან - მე, ან - შენი ანსამბლიო. ნანი მზად იყო ოჯახის შესანარჩუნებლად უარი ეთქვა კარიერაზე, თუმცა ანსამბლის ხელმძღვანელმა დაარწმუნა მერაბი, ბოლოჯერ გაეშვა მეუღლე კონცერტზე...
მორიგი სიმღერის დასრულების შემდეგ, მერაბი მისულა ნანისთან და უთქვამს: "შენ უნდა იმღეროო!"
მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ნანი დაიღალა ეჭვიანობის სცენებით და მათი ქორწინება დასრულდა.
ნანის თავისუფლებით ტკბობა არ დასცალდა... დაშორებიდან მალევე მერაბი დააკავეს...
აღმოჩნდა, რომ მას რაღაც საქმე წამოუწყია და საეჭვო დოკუმენტებზე ჰქონდა ხელი მოწერილი, რის გამოც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის სასჯელის მოსახდელად ესტონეთში გაუშვეს. ნანი ძალიან განიცდიდა მეუღლის დაკავებას, მით უფრო, რომ იცოდა მას ესტონეთში მარტო ძალიან გაუჭირდებოდა...
მეუღლის დაკავებით შეწუხებული ნანი პირდაპირ ედუარდ შევარდნაძესთან წავიდა, რომელსაც მერაბის საქართველოს ციხეში გადმოყვანა სთხოვა. თხოვნა საქართველოს იმჟამინდელმა პირველმა პირმა შეუსრულა. გათავისუფლებულმა მერაბმა ნანის ძველი საქციელის გამო პატიება სთხოვა და ცდილობდა ურთიერთობა გამოესწორებინა. გაგრძელება