A321 - ის ბორტზე ბომბი შესაძლოა ერთ-ერთი მგზავრის ან აეროპორტის თანამშრომლის დახმარებით აიტანეს - კვირის პალიტრა

A321 - ის ბორტზე ბომბი შესაძლოა ერთ-ერთი მგზავრის ან აეროპორტის თანამშრომლის დახმარებით აიტანეს

ბრიტანული და ამერიკული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტემბა რუსული თვითმფრინავის A321-ს ბორტზე, შესაძლოა ბომბი ერთ-ერთი მგზავრის ბარგით აიტანეს.

ამის შესახებ, სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით მასალა ბრიტანულმა The Times-მა გამოაქვეყნა.

(იხილეთ ასევე:  Stratfor: А321-ის ავიაკატასტროფა ბორტზე ატანილმა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ გამოიწვია?!)

ამერიკულმა და ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად თანამგზავრის საშუალებით დაიჭირეს ბოევიკთა ელექტრონული კავშირი სინაისა და სირიას შორის. საუბრის ტონმა და შემადგენელმა საკითხმა ანალიტიკოსები დაარწმუნა, რომ რუსული ავიაკომპანიის "Когалымавиа" -ს ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე, შარმ-ელ -შეიხის აეროპორტში, ბომბი ან ერთ-ერთი მგზავრის, ან აეროპორტის თანამშრომლის დახმარებით აიტანეს.

გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეტენზიები აეროპორტში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბოლო 10 თვის განმავლობაში ისმოდა, გასული წლის ბოლოს კი აეროპორტს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ბრიტანელი ექსპერტები ეწვივნენ, აღსანიშნავია, რომ კურორტი აეროპორტის ახლოსაა განთავსებული.

სახლისკენ ბარგის გარეშე

უსაფრთხოების დაცვის მზნით, პარასკევს შესრულდება სპეციალური ფრენები, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან 20 ათას ბრიტანელ ტურისტს დააბრუნებს სამშობლოში, მათ საშუალება ექნებათ ბორტზე მხოლოდ ხელჩანთა აიტანონ, ხოლო დანარჩენი ბარგის გადასაზიდად, ბრიტანული სპეცსამსახურების განცხადებით, სპეციალური რეისები შესრულდება.

რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავი , რომელიც შარმ-ელ შეიხიდან სანკტ - პეტერბურგში მიფრინავდა , სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა. ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა აიღეს, თუმცა არც რუსეთის და არც ეგვიპტის მტთავრობა არ აღიარებს ტერაქტის ფაქტს, მიუხედავად ამისა კი შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ტერაქტის ვერსიას განიხილავენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო