"ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა გარდაუვალია, მთავარია, ეს ცუდი ფორმით არ მოხდეს" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა გარდაუვალია, მთავარია, ეს ცუდი ფორმით არ მოხდეს"

ღარიბაშვილს სერგეენკო შეცვლის?!

"ფაქტია, რომ ქვეყნის ლიდერად ღარიბაშვილმა განვითრება და ჩამოყალიბება ვერ მოახერხა. ქვეყნის მართვა, ლიდერობა ძალიან მძიმე ტვირთია... როდის და რა ფორმით მოხდება მისი თანამდებობიდან წასვლა, ეს ტექნიკური საკითხია. ვფიქრობ, მის ინტერესებშიც უნდა იყოს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის რკალი თანდათან ვიწროვდება. მას შემდეგ, რაც მთავრობის შუა რგოლის სტრუქტურები ე.წ. ჯანყარაშვილის კლანისგან გასუფთავდა, ჯერი მინისტრებზე მიდგა. გასულს კვირას ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური მართვის მინისტრის პოსტი ღარიბაშვილის კადრად მიჩნეულმა შავლიაშვილმა დატოვა და ის ივანიშვილის ფავორიტმა ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავა. ახლა უკვე გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გამოემშვიდობა პოსტს. ოფიციალურად მან თანამდებობა საკუთარი სურვილით და დატოვა და მის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამ ნაბიჯს კოალიციის გადაწყვეტილებას უკავშირებს. ამასთანავე, ექსპერტთა და პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი კიდევ ერთი მინისტრის წასვლას და დღის წესრიგში მთავრობის ნდობის ხელახლა დაყენებას ვარაუდობს, ნაწილი თავად პრემიერის პოსტიდან წასვლასაც პროგნოზირებს.. "პრემიერ ღარიბაშვილის წასვლა გარდაუვალია, მთავარია ეს ცუდი ფორმით არ მოხდეს," - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ გაუმკლავდა.

ფაქტია, რომ ღარიბაშვილის გარშემო პოლიტიკური რყევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ივანიშვილი-ჯანყარაშვილის ინტერესთა გადაკვეთა მოხდა. ასევე, გვახსოვს ივანიშვილის მიერ ღიად გამოხატული უკმაყოფილება საჯარო სამსახურებში პრემიერის ცოლის ნათესავებით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, ივანიშვილის ამ განცხადებების შემდეგ, პოლიტიკურ ასპარეზზე გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. კულუარებში გამუდმებით ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ყოფილი პრემიერი მთავრობის ზოგიერთი წევრის მუშაობით უკმაყოფილოა და მოქმედი ჩინოსნების ჩანაცვლება დაიწყო, არ გამორცხავენ, რომ შემდეგი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც იყოს...

ექსპერტთა ნაწილი, რომელიც ღარიბაშვილის წავლას არ გამორცხავს მის სავარაუდო შემცვლელად ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ასახელებს.

ხოკრიშვილის წასვლამდე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო გაიმართა, სავარაუდოდ, ხელისუფლებისთვის რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ ამ სხდომას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომაზე განიხილეს ხორკიშვილის საკითხი, ასევე იყო ლაპარაკი სპორტისა და ახალგზარდობის მინისტრის ლევან ყიფიანის მოსალოდნელი გათავისუფლების თაოაბზეც. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის იქნება შემდეგი მინისტრი, რომელიც თანამდებობას დატოვებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მისი და პარლამენტის სპორტისა და ახალგზარდობის კომიტეტის წევრებთან დაპირისპირებაა. თუმცა, "კვირის პალიტრას" ეს ინფორმაცია პოლიტსაბჭოს სხდომის მონაწილეებმა არ დაუდასტურეს.

"რესპუბლიკელების" წევრი ხათუნა სამნიძე, რომელიც პოლიტსაბჭოს ესწრებოდა ამბობს, რომ სხდომაზე მომავალი საპარლამენტო სესიების შესახებ იმსჯელეს, ასევე მხოლოდ ელგუჯა ხოკრიშვილის თანამდებობიდან წასვლის საკითხი განიხილეს.

ხათუნა სამნიძე:

- სხვა მინისტრების საკითხის განხილვა არც მანამდე ყოფილა და არც გუშინდელ სხდომაზე. რაც შეეხება ელგუჯა ხოკრიშვილის, ჩვენ ვიცოდით მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა, ეს არ დაგვიანონსებია, რაც სწორად მიმაჩნია. მისი თანამდებობიდან წასვლა კოალიციის გადაწყვეტილებას არ უკავშირდება, ეს თვითონ გადაწყვიტა..

რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ პრემიერს უახლოესი გარემოცვა ნელ-ნელა ეცლება და თანამდებობიდან მისი წასვლის ვარაუდზე, ეს ინფორამცია სამნიძემ არ დაგვიდასტურა:"ეს ხელოვნურად წარმოქმნილი თემებია. ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. ამაზე პოლიტსაბჭოზე არავის ულაპარაკია." - დასძინა სამნიძემ. მისივე მტკიცებით, პოლიტსაბჭოზე ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა.

თუმცა, ექსპერტი გია ხუხაშვილი გარდაუვალ ფაქტად მიიჩნევს ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან წასვლა და დასძენს, რომ ეს რაც უფრო მალე მოხდება, უკეთესია.

გია ხუხაშვილი:

- ის რომ, სხვა მინისტრების გათავისუფლების საკითხიც მწიფდება ჩემი აზრით არაპერსონალური საკითხებიდან გამომდინარეობს, არამედ პოლიტიკური პროცესებიდან. ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა, რომელსაც მთლიანობაში მთავრობა ვერ პასუხობს. მაღალი სოციალურ-ეკონომიკური, რისკები, საგარეო კრიზისია და ამ დროს შიდა გუნდური კრიზისი იწყება, რომლის გადალახვა სტანდარტული, მარტივი მეთოდებით ვერ ხერხდება; იწყება ქირურგია, რომლის დასასრულიც მთავრობის სისტემური ცვლილებებია და არა რომელი კონკრეტული პერსონის.

ჩემი აზრით, პრემიერ ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლა გარდაუვალია, თუმცა ჩემთვის ღარიბაშვილის მომავალი სულერთი არ არის. ფაქტია, რომ ქვეყნის ლიდერად ღარიბაშვილმა განვითრება და ჩამოყალიბება ვერ მოახერხა. ქვეყნის მართვა, ლიდერობა ძალიან მძიმე ტვირთია... როდის და რა ფორმით მოხდება მისი თანამდებობიდან წასვლა, ეს ტექნიკური საკითხია. ვფიქრობ, მის ინტერესებშიც უნდა იყოს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და ბოლოს და ბოლოს გათავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთისგან. ყველა კრიზისს უნდა ჰყავდეს თავისი განტევების ვაცი. თუ დღეს ვერ მოხდა გადახალისება, ხვალ შეიძება გვიანი იყოს. დარწმუნებული ვარ ირაკლი ღარიბაშვილი მაქსიმალურად მონდომებულია, 24 საათი მუშაობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ლიდერობა ყველას არ შეუძლია. რატომ არის მუდმივად იმაზე ლაპარაკი, რომ ღარიბაშვილის ნაცვლად გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს?- ირაკლი ღარიბაშვილის პიროვნებიდან გამომდინარე, რასაც ადამიანები ხედავენ, არავის სჯერა, რომ მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნია. სწორედ ამიტომ აქცენტი ბიძინა ივანიშვილზე გადადის, რადგან ღარიბაშვილს ნაციონალურ ლიდერად არ აღიქვამენ. პირობითად რომ ვთქვათ, სერგეენკო პრემიერი რომ იყოს, ეს საკითხი არ დადგებოდა, რადგან მას აქვს იმიჯი, რომ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი აქვს. თუმცა, ღარიბაშვილის წასვლა რბილად უნდა მოხდეს, ის არ იმსახურებს ცუდ დამოკიდებულებას.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)

წაიკითხეთ ასევე: ლევან ყიფიანიც ბრუტუს?! - სად მიდიან მინისტრები?!