ლევან ყიფიანიც ბრუტუს?! - სად მიდიან მინისტრები?! - კვირის პალიტრა

ლევან ყიფიანიც ბრუტუს?! - სად მიდიან მინისტრები?!

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ თანამდებობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც ტოვებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს, 12.00 საათზე, ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავს. რა იქნება პრესკონფერენციის თემა, ამას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

როგორც ცნობილია, გუშინწინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე, ელგუჯა ხოკრიშვილის გარდა, ლევან ყიფიანზეც იყო ლაპარაკი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრეტენზიებზე, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მისამართით აქვს.

არსებული ინფორმაციით, სხდომაზე ყიფიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა და ითქვა, რომ თუკი კომიტეტის პრეტენზიები და უკმაყოფილების მიზეზები ობიექტურია, ის უნდა გამოსწორდეს, ან მინისტრმა დაასაბუთოს, რომ ხარვეზები, რომელთა თაობაზეც პარლამენტის კომიტეტი საუბრობს, არ არსებობს.

ლევან ყიფიანის გადადგომის შემთხვევაში, ის იქნება მეშვიდე მინისტრი, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, თუკი მთავრობაში ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა გარდაუვალია, მთავარია, ეს ცუდი ფორმით არ მოხდეს"