"ის, ვინც ტელევიზია წამართვა, დღეს ოდესაში ზის" - კვირის პალიტრა

"ის, ვინც ტელევიზია წამართვა, დღეს ოდესაში ზის"

"ტელეკომპანიაში შესვლისას არ დაიდგმევა "სპექტაკლი", როგორც ამას ნიკა გვარამია აკეთებდა"

"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ამჟამად დროებით მმართველად დანიშნული დავით დვალის განცხადებით, იმ ორი ადამიანის გარდა, ვისაც უფლებამოსილება აქვს შეჩერებული, "რუსთავი 2"-ს არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს. ეს დვალმა დღეს, სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, არხის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში, ადვოკატი პაატა სალია და დროებითი მმართველი რეზო საყევარიშვილი ესწრებოდნენ.

"თუ ვინმეს უხარია მთავრობაში, რომ ასეთი პროცესები მიდის "რუსთავი 2"-ის ირგვლივ, მინდა გავაფრთხილო, აზრად არავის მოუვიდეს ჩემთან დარეკვა და ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა", - განაცხადა დავით დვალმა.

მანვე მოუწოდა პროკურატურას "რუსთავის 2"-ის საქმის მასალებში არსებული ინფორმაციის გასაჯაროება, რადგან როგორც დვალი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მასალებს გაასაჯაროებს, გამოჩნდება ვინ რა როლი შეასრულა ტელეკომპანიის "გადაფორმების" პროცესში.

"აღმოაჩენთ, რომ ის პირები, რომლებიც ოდესიდან გეგმებს აგზავნიან, მთავარი მონაწილეები არიან და არა ის ვიღაც კარსანიძე, რომელიც შლოპანცებით ზის, საიდანღაც გამოიყვანეს და გადააფორმებინეს. ეს ადამიანი სრულიად არაფერ შუაშია. მე ვთქვა, რომ კარსანიძემ წამართვა ტელევიზია სასაცილო იქნება, "ის, ვინც ტელევიზია წამართვა, დღეს ოდესაში ზის", სამწუხაროდ, ისევ არევას, ბრძანებების გაცემას და თქვენს გამოყენებას ცდილობს,"- მიმართა დავით დვალმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"-სთვის მმართველის დანიშვნის საფუძველი ქართული კანონმდებლობით გამყარებული არ არის"

"რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ჯარჯი აქიმიძის თქმით, "ტელეკომპანიაში შესვლისას არ დაიდგმევა "სპექტაკლი", როგორც ამას ნიკა გვარამია აკეთებდა"

"დღეს არის 6 ნოემბერი, ისეთი რამ, რაც გვარამიამ 2007 წლის 7  ნოემბრის დადგა, უფრო სწორედ გადაიღო კინო, ახლა არ იქნება. არავინ არსად არ აპირებს შევარდნას და არავინ აკეთებს იმას, რაც მათ გააკეთეს,  შემდეგ კი დაარქვეს სახელმწიფო გადატრიალება... თურმე დღეს არიან დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის დამცველები, არადა, ეს ხალხი "დუბინკებით" დასდევდნენ კოლეგებს,"- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

მისივე თქმით, შეთანხმდნენ სამ პუნქტზე, რომელიც განუხრელად, ყველა მხარემ უნდა დაიცვას. ამის შესახებ ჯარჯი აქიმიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ბატონ ქიბართან დავსხედით და შევთანხდმით სამ პუნქტზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ქვაკუთხედი ჩვენი თანამშრომლობის. თუ ამას დავიცავთ, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა შედგება.

პირველი პუნქტი: ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლოს ისე ოპოზიციურს, საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით. ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა იქედან გამომდინარე, რომ დღეს "რუსთავი 2" არ არის პოლიტიკური ძალისგან გათავისუფლებული. დღეს "რუსთავი 2" არის "ნაციონალური მოძრაობის", მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში მყოფი, რომელიც აკეთებს იმას, რაც უნდა სააკაშვილს. ჩვენ გვინდა, "რუსთავი 2" არ იყოს არც სააკაშვილის, არც ივანიშვილის და არც ერთი პარტიის.

მეორე: ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური ვითარებისას, იქნება ობიქტური, ექნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა. იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა.

მესამე: ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიების შემოწირულობით და პოლიტიკური დაკვეთით. აქ არ იგულისხმება ფასიანი პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამა. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება სწორედ მისი დამოუკიდებლობის გარანტი", - განაცხადა აქიმიძემ.

იხილეთ ვიდეო:"ვინც წამართვა ტელევიზია, დღეს ოდესაში ზის" - რაზე ეკამათა დავით დვალი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს