რას იზამს "ნაციონალური მოძრაობა" - ბოკერია სააკაშვილის წინააღმდეგ?!
"მიშას პოლიტიკიდან შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ და არაფერზე უკან არ დამიხევია. მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ჩემი გული და ჩემი მებრძოლი სული"
"ამ დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა"
"ნაციონალურ მოძრაობაში" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აზრი კვლავ ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიამ უარი უნდა თქვას პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე, რადგან არ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დარღვევებით ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია.
პარტიის ლიდერების მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მოპოვებული მანდატები უნდა მიიღონ, რადგან ბოიკოტი პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
პარლამენტში შესვლის მომხრეთა შორის აღმოჩნდა გივი თარგამაძეც, რომელმაც "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა:
"დღევანდელ სიტუაციაში თვითიზოლაციის ორგანიზება თვითლიკვიდაციის ტოლფასია. პარლამენტში შესვლაზე, მეორე ტურებში ბრძოლაზე უარის თქმა კი სწორედ თვითიზოლაციის ორგანიზებაა. იმ სიტუაციაში კი, როდესაც ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" იქცა ქვეყანაში ერთადერთ პროდასავლურ ძალად, თვითიზოლაცია ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო ქმედებად მიმაჩნია. ეს ორი საყრდენი კი ჩემი ცხოვრების ფუნდამენტია. მე ყველაფერი გავაკეთე პარტიის ერთიანობისთვის. შეგნებულად გავედი საარჩევნო სიიდან. და ვფიქრობ, დავამტკიცე, რომ გაწეულ მდგომარეობაში, ჩემზე, ჩემს ოჯახზე უკიდურესი ზეწოლის, მკვლელობის მცდელობის პირობებშიც არ შემისუსტებია ბრძოლა, არ დამიკლია ძალისხმევა გამარჯვებისთვის. მაგრამ დღეს, როდესაც შეგვიძლია მოვიპოვოთ დასავლელი პარტნიორების, აწ დაშლილი პროდასავლური პარტიების მხარდამჭერების მაქსიმალური მხარდაჭერა, ვიქცეთ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის მთავარი გარანტად, პოლიტიკური ბრძოლით ავაცილოთ ქვეყანას ყველაზე შავბნელ წარსულში დაბრუნება, მივიყვანოთ სიტუაცია დანაშაულებრივი ხელისუფლების ბუნებრივ ჩამოშლამდე, ემოციების, ან პერსონალური სურვილების გამო ამ ყველაფერზე უარის თქმას კატეგორიულად შევებრძოლები. ნურავინ მეტყვის, რომ ჩემზე კარგად ესმის სიტუაცია ქვეყანაში.
30 წელიწადია ამ ბრძოლაში ვარ. ჩემი ოჯახი შექმნის დღიდან უკიდურესი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ შეგნებულად მიდგას გვერდში. მიშას პოლიტიკიდან შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ და არაფერზე უკან არ დამიხევია. მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ჩემი გული და ჩემი მებრძოლი სული. ამიტომ, მხოლოდ იმ მიმართულებას დავუჭერ მხარს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ესაა სწორი. ამაზეც ნუ დამძრახავთ. ჩემთვის მთავარია სამშობლო და ქართული სახელმწიფო. ამისთვის, თუ საჭიროა, ჩემს გადარჩენილ სიცოცხლეს უყოყმანოდ გავწირავ".
აი რას წერს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი:
"1. ვთვლი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში, ვინაიდან "ქართული ოცნება" გამოიყენებს გაყალბების ანალოგიურ მეთოდებს და შესაბამისად, ოფიციალური შედეგები არ იქნება რეალური. ამიტომ არ ღირს დროის, ენერგიის და რესურსის ფუჭი ხარჯვა. ასეთი ტიპის გაყალბების შესაკავებლად სხვა ტიპის საარჩევნო მომზადებაა საჭირო. ორ კვირაში ვერ მოვასწრებთ, თუმცა შემდგომი არჩევნებისთვის გავითვალისწინებთ.
2. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ უნდა შევიდნენ პარლამენტში". ადგილი ქონდა ფართომასშტაბიან და მრავალფეროვან გაყალბებას (ელცინის პერიოდის გაყალბების სტილში). არჩევნების შედეგები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. ამის თუნდაც ერთი მაგალითია 25 ათასი ბათილი საარჩევნო ბიულეტინი აჭარაში. პარლამენტში ჩვენი შესვლით არ უნდა მოვახდინოთ ამ მაქინაციების ლეგიტიმაცია. მეორეს მხრივ, არ შესვლით ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს ხმამაღალ საპროტესტო პოზიციას, რომ ქვეყანაში შეიქმნა განსაკუთრებული ვითარება, რომელიც საჭიროებს არაორდინალურ საპასუხო ნაბიჯებს ( ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში) ეს ნაბიჯიც თავისთავად აქტიური პოლიტიკური პოზიცია. ეს სვლა იქნება ძალიან რეზონანსული, რომელიც გამოიწვევს მაღალ საერთაშორისო ყურადღებას, ასევე ჩვენი მოსახლეობის და ამომრჩევლის ფოკუსირებას ამ მასობრივ დარღვევებზე. ამავე დროს პარლამენტში არ შესვლა არ ნიშნავს მხოლოდ ე.წ. ქუჩის პოლიტიკაზე გადასვლას. არის ბევრი სხვა პოლიტიკური ბერკეტი და მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც პარტია იქნება ყურადღების ცენტრში. ეს მიდგომა არათუ არ დაასუსტებს, არამედ გააძლიერებს პარტიის რენომეს, ძალას და სტატუსს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას გამოცხადებული ქონდა ბოიკოტი, მაგრამ ამან არ შეასუსტა პარტიის აქტივობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა (არ ვამბობ მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ სამართლიანი არჩევნების პირობებში სწორედ "ოცნება" იქნებოდა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი)"
ამ საკითხს სოციალურ ქსელშივე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი:
"თუ ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ მეორე ტურებში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მცდელობის გარეშე მივუგდეთ ბიძინას საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ როდესაც მართალია თეორიული, მაგრამ შანსია, რომ უმრავლესობაც კი მოვიპოვოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ბიძინას მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმებიც კი არ აქვს ჯერ - როგორც ვვარაუდობდით.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი "არა"-ს თქმის შემდეგ შვილებისთვის იმის სწავლება მგონია, რომ "უნდა სცადონ მაინც" და თუ ამ ჯერზე არ გამოვა, ვიტყვით, რომ ჩვენ ვცადეთ - შემდეგ ჯერზე შევძლებთ. ამასთან, ერთადერთი პროდასავლური პარტია ვიქნებით პარლამენტში. ხვდებით, ეს რას ნიშნავს"?
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საყვარელიძემ განუცხადა, ქართულ პოლიტიკაში იშვიათობაა, როდესაც გუნდის წევრები ლიდერს უპირისპირდებიან. იგი მიიჩნევს, უმჯობესია, "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური და ლიბერალური ფრთის გზები გაიყოს, ვიდრე ერთ დღეს სააკაშვილის ლოზუნგი ისმოდეს, მეორე დღეს - ბაქრაძის.
"ამ დაპირისპირებაში ყოველთვის არის პროგრესული ელემენტი და თუ ლიდერი დროზე ვერ მიხვდა, რომ ამ ტენდენციაში სიმართლის მარცვალია, მერე უკვე თვითონ იქნება მსხვერპლი. ამ შემთხვევაშიც სიმართლე დაპირისპირებულების მხარეს დევს. ჩვენ გვინახავს პარტიები, რომლებიც ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და ამით მხოლოდ თავის თავს ავნეს, ვინაიდან პარლამენტს არ აჩერებს ასეთი ბოიკოტი, თუკი კვორუმი გროვდება. მეორე მხრივ, ბოიკოტიდან ერთი ნაბიჯია საპროტესტო აქციებამდე და უფრო ღრმა დესტაბილიზაციამდე, აბა, ქუჩაში მეტი რა უნდა გააკეთოს პარტიამ?! ამის მხარდამჭერი მოსახლეობა ნამდვილად არ არის. ასე რომ, პრაქტიკულად განწირულია მარგინალიზაციისკენ ის გზა, რომელიც ამ შემთხვევაში სააკაშვილს სურს. სააკაშვილი ყოველთვის რადიკალი იყო და ეს რადიკალობა საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა მთლიანობაში. ახლა თავისი პოლიტიკური ძალისგან ითხოვს რადიკალობას და ამ გუნდსაც ძვირად დაუჯდება, თუ აჰყვა სააკაშვილს", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" ის ფრთა, რომელიც პარლამენტში შესვლას ემხრობა, უფრო რეალისტურად აზროვნებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი.
"ამ დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა, როგორც ხმები ამბობენ, ამიტომ ვერ დავყავი ასე - ახალი და ძველი სახეები - დროის ნიშნით არ იყოფა, პოზიციის ნიშნით მეტ-ნაკლებად იყოფა. ახალი სახე სანდრა რულოვსია, როგორც პოლიტიკაში შესული პიროვნება, მაგრამ ისეთივე რადიკალური პოზიცია უკავია, როგორც მის მეუღლეს. ასე რომ, საკითხი ისმის სამომავლო პერსპეტივებზე. რა თქმა უნდა, ქარიზმატული ლიდერის გარეშე ამ გუნდს საკმაოდ გაუჭირდება, თუმცა მაშინ უბრალოდ თვითონ მოუწევს იმ პოლიტიკური მუხტის დაგროვება, რომლითაც მიიზიდავს ამომრჩეველს. სჯობს გაიყოს გზები და სააკაშვილთან ერთად დადგნენ რადიკალიზმის მომხრეები და ცალკე დანარჩენები, ვიდრე ისევ გაუგებრობა იყოს და ერთ დღეს რადიკალური იყოს პარტია, მეორე დღეს - კონსტრუქციული, ერთ დღეს სააკაშვილის ლოზუნგი ისმოდეს, მეორე დღეს - ბაქრაძის. გაურკვევლობას რამდენადაც მალე მოევლება და დაიწმინდება როგორც ერთი, ისე მეორე ნაწილის პოლიტიკური სახე, იმდენად მალე მიიღებს როგორც ერთი, ისე მეორე ნაწილი საზოგადოებისგან ლოგიკურ რეაქციას. სანამ ასეთი გაუგებრებობაა, სტრატეგიაც გაუგებარია და საზოგადოება ვერ გარკვეულა, რაც ჩანს კიდევ არჩევნების შედეგებში", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
იხილეთ: თამარ ჩერგოლეიშვილი: "მიხეილ სააკაშვილმა ვიღაც გიჟები მოგვიქსია"