სააკაშვილის სკანდალური გუბერნატორობის მოულოდნელი დასასრული - სად წავა მიშა?! - კვირის პალიტრა

სააკაშვილის სკანდალური გუბერნატორობის მოულოდნელი დასასრული - სად წავა მიშა?!

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, ოდესას პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სტუმრობდა, კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიშას გუბერნატორობიდან წასვლის საკითხი სწორედ მაშინ გადაწყდა.

"გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც მიდის წინ, რამდენიც შეუძლია და შემდეგ განაგრძობს გზას, რამდენიც საჭიროა. ვივლი იმდენს, რამდენიც საჭიროა სრული გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ უკრაინა სრულად გავათავისუფლო კორუფციული სიბინძურისგან", - განაცხადა ოდესის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ღია ცის ქვეშ გამართულ ბრიფინგზე. მისივე მტკიცებით, გადადგომის შემდეგ ის ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს.

მისი თქმით, კორუმპირებულმა ძალამ უკრაინული რევოლუციის იდეას უღალატა და მისი ერთადერთი მოტივაცია - გამდიდრება, საკუთარი კლანის გაძლიერება და უკრაინის საბოლოო გაძარცვაა.

"ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით და აუცილებლად დავასრულებთ ამ ბრძოლას უკრაინის სრულ გამარჯვებამდე", - განაცხადა სააკაშვილმა.

მანამდე, მან კრიტიკული განცხადება გააკეთა ოდესის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძის გადადგომასთან დაკავშირებით, რომელსაც, მისი თქმით, ჯერ უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შეუზღუდეს, შემდეგ კი დევნა დაუწყეს.

სააკაშვილის გუბერნატორობის პერიოდი მართლაც რომ სკანადალური იყო, როგორც ყოველთვის მიშა უკრაინაშიც ახერხებდა მუდმივად ყოფილიყო იქაური მასმედიის ყურადღების ცენტრში და არც ტელეეკრანებიდან ჩამოსულიყო.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად 2015 წლის 30 მაისს დანიშნა, წინა დღეს კი საქართველოს ექსპრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, რითაც მან საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა.

უკრაინის ხელისუფლებას ხელი არ შეუშალა იმან, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სხვადასხვა ბრალდებით იძებნებოდა, რასაც აშკარად მოჰყვა ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაციება.

იხილეთ ასევე: "პოროშენკომ ყველაფერი თავის თავს დააბრალოს - დროულად უნდა აელაგმა მასშტაბური კორუფცია და ეკონტროლებინა სააკაშვილიც"

მანამდე სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მრჩეველი და უკრაინის რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე იყო, თუმცა მაშინვე მოახერხა ხელისუფლებისა თუ ბიზნესის რიგ წარმომადგენლებთან დაპირისპირება. უკვე გუბერნატორობის დროს კი, შეიძლება ითქვას, რომ  დაპირისპირებათა მთელი კასკადი ვიხლეთ.

ჯერ იყო და სააკაშვილი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს იაცენიუკს, რასაც საბოლოოდ ამ უკანასკნელის თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვთან დაპირისპირება მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა.

ბოლო სკანდალური კონფლიქტი სააკაშვილს ოდესის მერ გენადი ტრუხანოვთან ჰქონდა.

ქალაქის თავსა და ოლქის ექსგუბერნატორს შორის "არაჩვეულებრივი შეხლა-შემოხლა"ერთ რიგით ოფიციალურ თათბირზე "დაფიქსირდა". სააკაშვილმა მერია ოდესის ერთ-ერთი ისტორიული შენობის დანგრევაში დაადანაშაულა, ბატონმა ტრუხანოვმა კი პირიქით, "შენობის აღების დირექტივა საოლქო ხელმძღვანელობიდან მოდიოდა და მე არაფერ შუაში ვარო", - განაცხადა.

"ვინც ოდესის გუბერნატორად დაგნიშნა იმ ადამიანს ჭკუა ჰქონდა? შენ ხომ არანორმალური, გიჟი და პარანოიდული იდეებით შეპყრობილი ადამიანი ბრძანდები. საკუთარი თავის გარდა დამნაშავეს ყველგან ეძებ. როგორ შეიძლება შენნაირი არაჯანსაღი ფსიქიკის პიროვნება ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდეს", - განუცხადა გენადი ტრუხანოვმა საქართველოდან "ემიგრირებულ" სააკაშვილს.

დიდი რეზონანსი მოჰყვა თავის დროს სააკაშვილის დაპირისპირებას უკრაინელ მილიარდერ კოლომოისკისთან... ამის პარალელურად სააკაშვილს საქართველოდან შლეიფად გაყოლილი თანაგუნდელები ხან ინიშნებოდნენ და ხანაც იხსნებოდნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებიდან.

გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან დავით საყვარელიძის წასვლის შემდეგ, აქტიურად დაიწყო ლაპარაკი, რომ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები უკრაინაში ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებას აპირებდნენ. მით უფრო, რომ იმჟამად სააკაშვილმა კორუფციის წინააღმდეგ აქტიური კამპანია წამოიწყო  და მთელი უკრაინის მასშტაბით დაიწყო შეხვედრების გამართვა. როგორც ჩანს, ეს იდეა კვლავაც ძალაშია, თუმცა რამდენად მისცემენ სააკაშვილს ფრთების გაშლის საშუალებას, ეს რთულად წარმოსადგენია.

ფაქტია, რომ მას სამშობლოში არ ჩამოესვლება, ქვეყნიდან კი არა, ლამის მშობლიური პარტიიდანაც გაისტუმრონ მიშა, ასე, რომ მას დიდი არჩევანი თუ სად გააგრძელებს მოღვაწეობას, არ აქვს.

საინტერესოა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, ოდესას პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სტუმრობდა, კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიშას გუბერნატორობიდან წასვლის საკითხი სწორედ მაშინ გადაწყდა.

მოკლედ, ასე თუ ისე, სააკაშვილის წინ კვლავაც დიდი გამოწვევაა, რას იზამს ამჯერად მიშა და მოახერხებს თუ არა ისევ პროცესების ცენტრში ყოფნას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს...

იხილეთ ასევე: "ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ გამარჯვება იზეიმონ" - როგორ ეხმაურება სააკაშვილი ლორთქიფანიძის გადადგომას

ანა გიორგაძე