"მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი... მისმა უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო" - კვირის პალიტრა

"მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი... მისმა უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო"

"ჩვენ, ვისაც "არა"-ს თქმა შეგვეძლო, ყველა რესურსი ამოვწურეთ" - "ნამოძრაობის" გაყოფა გარდაუვალი ხდება

როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფამდე დღეებიღა რჩება და 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობა საბოლოოდ დაუსვამს წერტილს პარტიის ერთობას. სოციალურ ქსელებსა და ტელეკრანებზე დაწყებული დაპირისპირება სერიოზულ პოლიტიკურ პროცესად იქცა.

ამასობაში პარტიის ორი გუნდი ორ განსხვავებულ განცახდებას აქვეყნებს.

"ჩვენ, თბილისის და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან ერთად ვმართავთ უპრცედენტოდ დემოკრატიულ, ევროპული ტიპის მასშტაბურ ყრილობას", - ვკითხულობთ სააკაშვილის მომხრეთა განცახდებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ყრილობის ჩატარებისთვის ხელის შეშლა პარტიის ასიათასობით ამომრჩევლის ნების უგულებელყოფის მცდელობაა, რასაც არ დაუშვებენ.

"სამწუხაროდ, პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა როგორც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, ისე პარტიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მიზნად დაისახა მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი. აღნიშნულმა ჯგუფმა საკუთარი პოზიციების შენარჩუნების მიზნით, გადაწყვიტა განახლების და დემოკრატიული განვითარების პროცესის შეფერხება, ეს ადამიანები უგულებელყოფენ იმ ღირებულებებს, რაზეც მუდამ იდგა ჩვენი მოძრაობა და მიუღებელი მეთოდებით ცდილობენ მხარდამჭერების წინააღმდეგ მოქმედებას. განსაკუთრებით დასანანია, რომ ხსნებული მცირე ჯგუფი მუდმივად საჯაროდ, მათ შორის ოფიციალურ დოკუმენტებში ცდილობს არალეგიტიმურად წარმოაჩინოს ყრილობა და განიხილავს შესაძლებლობას მიმართოს ივანიშვილი-ურთმელიძის სასამართლოს საკუთარი პარტიის წინააღმდეგ", ვკითხულობთ განცახდებაში, რომელი საზოგადოებას ნიკა მელიამ გააცნო მის ხელმომწერებს შორის კი არიან:  ნიკა რურუა, ლაშა იმერლიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გია როინიშვილი, ლილე ლიპარტელიანი, გიორგი ონიანი, ირაკლი ნადირაძე, შოთა გრიგოლია, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ლერი დემეტრაშვილი, მამუკა გუგეშაშვილი, მურმან თხელიძე, ალეკო ჩაფიჩაძე, გიორგი ბარამიძე, გარსევან ბიხნიკაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ლევან ბაღაშვილი, გურამ კაკალაშვილი, ნუგზარ წიკლაური და სხვები.

განცახდება გაავრცელა ე.წ. ბოკერაის ჯგუფმაც, რომელშიც ვკითხულობთ:

"მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევით შექმნილი საორგანიზაციო კომისიისა და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება". განცახდებას ხელს აწერენ: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე, აკმამედ იმამკულიევი, დათო ჟღენტი, ტარიელ ლონდარიძე, დავით ნაფეტვარიძე, ბესიკ კვიციანი, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ვაჟა ჩიტაშვილი, გიორგი ხახნელიძე, ზაზა კედელაშვილი, გიორგი ვაჟბედაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჯიბუხია და სხვები.

შექმნილ ვითარებას "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:

"არაერთი წელია ვხედავ, რომ მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.

არაერთი წელია ვთვლი, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი - როცა კედელს უკეთებ, უკან იხევს და უფსკრულს შორდება.

თუ კედელში სუსტი რგოლი იპოვა, ჯეგავს და კვლავინდებურად უფსკრულისკენ მიიწევს.

ბავშვივითაა - იქამდე ტირის, სადამდეც გასდის.

ვისაც მიშას კარგად ყოფნა გსურდათ, მისთვის "არა"-ს თქმა უნდა გესწავლათ.

ზოგმა ეს ვერც ფიზიკურად შეძლო - დიდი ბიჭისთვის "არა"-ს თქმას მყარი ხერხემალი უნდა.

გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მიშას ამ მდგომარეობით  სარგებლობა გადაწყვიტა - მიშას "კარზე" ადგილი გამოთავისუფლდაო და მოჩვენებითი ძალაუფლების "15 წუთით" ტკბებიან (ძალიან ხანმოკლეა მათი ტკბობა).

ჩვენ, ვისაც "არა"-ს თქმა შეგვეძლო, ყველა რესურსი ამოვწურეთ.

მიშას უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

მას ახლა კაციშვილი აღარ ჰყავს გარშემო, ვინც გააჩერებს - მაგალითად აუხსნის, რომ გიგი უგულავას ცილისწამების კამპანია მხოლოდ მისთვისაა დამღუპველი.

ახლა, მიშას მემკვიდრეობის (ეს სიტყვა არ უყვარს) გულშემატკივრებს იმედად სარეცხის თოკებიღა გვაქვს, ეგებ თოკებს დაეცეს.

ძალიან, ძალიან ტრაგიკული ამბავია, მაგრამ იოლად პროგნოზირებადი იყო მათთვის, ვინც მიშას და ვითარებას კარგად იცნობდა.

ლიდერებო - მორჩილი ხალხის გეშინოდეთ! ურჩებს მოევლება"!

იხილეთ ასევე: უგულავას გამოშვებას და მისი ხელით "ნაცმოძრაობის" უფრო სწრაფ დაშლას გეგმავენ" - უგულავა თბილისის მერობის კანდიდატად?!