მრევლი და მესია, ანუ "მიშას მოწმეები" და ბოკერიას "კარტინკა" - ვინ როგორ აფასებს "ნაცმოძრაობის" გაყოფას?! - კვირის პალიტრა

მრევლი და მესია, ანუ "მიშას მოწმეები" და ბოკერიას "კარტინკა" - ვინ როგორ აფასებს "ნაცმოძრაობის" გაყოფას?!

"არჩევნებამდე რატო არ წავიდნენ? რეალურად ამ კითხვაზე პასუხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მიიღება პასუხი, რომ ცდილობდნენ ერთიანობას, ასე რომ ყოფილიყო, გიგი წერეთლის მამას პარტიას არ დაარეგისტრირებინებდნენ"

არ წყდება გამოხმაურებები "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, 12 იანვარს ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. (იხილეთ: "ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს" - ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა)

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს ამ თემაზე:

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა ძალიან უცნაური პრინციპით მოხდა, ვინაიდან პარტიიდან პოლიტიკური მენეჯმენტის განმახორციელებლები წავიდნენ. თავიდან ყველაფერი დაიწყო კონცეპტუალური დაპირისპირებით. რევოლუციურ გზასა და გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესის აპოლოგეტებს შორის მოხდა კონფლიქტი, მაგრამ რაციონალური ლოგიკით მხარეებს უნდა გამოეძებნათ თანაცხოვრების რაღაც ფორმულა, მაგრამ ყველაფერი განვითარდა ემოციებზე და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. საერთო ჯამში ეს ფაქტი საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში, მგონი, ბევრს არაფერს ცვლის. უბრალოდ ამ პარტიისთვის ბევრი რამ იცვლება. გაყოფა მოხდა ძალიან უცნაური პრინციპით. ერთ მხარეს დარჩა მთელი პოლიტიკური ელიტა, თავისი საპარლამენტო ელიტის ჩათვლით, ანუ ძირითადი მოტორი, რომელმაც პოლიტიკური პროცესი უნდა წარმართოს და მეორე მხარეს დარჩა არაფორმალური ლიდერი და მისი მრევლი. მე ასეთი წინადადებაც მქონდა დღეს, რომ იქნებ ხელმეორე რეგისტრაცია გაიაროს "ნაციონალურმა მოძრაობამ", დარეგისტრირდეს როგორც რელიგიური ორგანიზაცია, რადგან იქ მარტო მრევლი და მესია დარჩა და დაირქვან "მიშას მოწმეები". იქ პოლიტიკოსები, ვინც პოლიტიკური მენეჯმენტი უნდა განახორციელონ, პრაქტიკულად აღარ არიან. შესაბამისად, მათი პოლიტიკური პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია". (წყარო)

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ერთადერთი კითხვა მაქვს: არჩევნებამდე რატო არ წავიდნენ? რეალურად ამ კითხვაზე პასუხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მიიღება პასუხი, რომ ცდილობდნენ ერთიანობას, ასე რომ ყოფილიყო, გიგი წერეთლის მამას პარტიას არ დაარეგისტრირებინებდნენ. ის, რომ ბოკერიამ ამ "კარტინკისთვის" დაწერა გამსვლელთა სია, ეგეც გასაგებია. ფაქტია, ემზადებოდნენ გაყრისთვის, უბრალოდ, არჩევნებამდე რატომ არ წავიდნენ, თუ საკუთარ ძალებში იყვნენ დარწმუნებულები? აი, ესაა საინტერესოა, კიდევ იქნება არჩევნები ამ ქვეყანაში, არაერთი თან, თორემ მიშა რომ ჯართია და გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, მიშ მაჭი, გიგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი, ღვინიაშვილი, ჭიაბერაშვილი ახალი სახეები, - გასაგებია"!

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა "ნაციოალურმა მოძრაობამ" და დარჩა "ერთიანი"; უფრო სწორად, "ის ერთი და სხვა მრავალი".

პაატა ქურდაძე, მწერალი, ესეისტი:

"ნაციონალების" ელიტაში ერთი თავმოყვარე არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც კი არ "გაიყოფებოდა" ან დარჩებოდა, არამედ , მიაფურთხებდა ყველაფერს, სულ გაარიდებდა თავს ჯერ კიდევ ამ ერთიან ნაციონალურ უთავმოყვარეობას - წავიდოდა პარტიიდან. არც ერთი არ აღმოჩნდა - არც ქალი, არც კაცი".

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე ერთიანად მოიშორა ერთმანეთზე არასასურველი სახეები, რომ თან მთელი მორალური უპირატესობა სააკაშვილს დაუტოვა, თუ რამ შეიძლება ჰქონოდა. თავის მხრივ, სააკაშვილს მიეცა თეორიული შანსი რეალურად განახლდეს პარტია, ისე რომ სავაჭრო ნიშანი, კვალიფიციური პარტიის სტატუსი და კვოტები დარჩა, ხოლო სიახლის პერსპექტივა გაეზარდა, თან ისე რომ თითქმის ნახევარ მილიონიანი ელექტორატი შეინარჩუნა.

რაც შეეხება უგულავას, მას აქვს თეორიული შანსი ნაციონალების ელექტორატის დატაცების, მაგრამ არა იმ გუნდით რომელშიც აღმოჩნდა".

იხილეთ ასევე: "მიშა თუ ჯართია, მაშინ უგულავა თვითონ ვინაა"?! - რას წერენ "ნაცმოძრაობაში" დარჩენილები წასულებზე?!