"ქვეყანას ლტოლვილების ახალი მასის მისაღებად ფიზიკური ძალა არ შესწევს" - მიგრანტთა ბანაკები საქართველოში?! - კვირის პალიტრა

"ქვეყანას ლტოლვილების ახალი მასის მისაღებად ფიზიკური ძალა არ შესწევს" - მიგრანტთა ბანაკები საქართველოში?!

ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის ინიციატივას დევნილების ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მიღების თაობაზე. ის ასეთ ადგილად საქართველოს, ეგვიპტეს ან ბალკანეთის რომელიმე ქვეყანას მიიჩნევს.

ამის შესახებ კურცმა გაზეთ "Bild am Sonntag" - თან ინტერვიუში განაცხადა. ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საკითხი, თუ ევროკავშირის არაწევრ რომელ ქვეყანაში განთავსდება ასეთი ბანაკები, არც ისე მნიშვნელოვანია.

"მთავარია, მათ უზრუნველყონ ამ ადამიანების უსაფრთხოება და ევროპის მიმართულებით დაძრული ლტოლვილები ამ ბანაკებში გადამისამართდნენ", - განაცხადა კურცმა.

ჩვენში ბევრი საკუთარ წარმოდგენაში ძალიან შორს წავიდა და ისიც კი ითქვა, რომ ეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საფასურია. ხელისუფლებას საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე ჯერ არ გაუსაჯაროებია და იმედია, ეს მხოლოდ ერთი მინისტრის იდეაა, რომლსაც განხორციელება არ უწერია.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოს 3 თებერვალს სტუმრობდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ვიზიტის დროს აღნიშნული საკითხი არა თუ არ განხილულა, არც კი უხსენებია ბატონ კურცს.

სებასტიან კურცის ამ მოსაზრებას რუსეთში პირველი კომენტარები უკვე მოყვა, სადაც მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიგრანტების განთავსების იდეა, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. "რია ნოვოსტისთან" კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანც კლინცევიჩმა: "ჯერჯერობით ეს არის საქართველოს რეაქციის შემოწმება, მაგრამ შემდეგ, ამას შესაძლოა, მოჰყვეს უფრო კონკრეტული წინადადებები. ცხადია, ევროკავშირის ქვეყნები ეცდებიან, შეძლებისდაგვარად, სწრაფვას იქითკენ, რომ ჩამოიხსნან საიმიგრაციო კრიზისის ტვირთი და ის სხვას გადააბარონ".

კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი:

- ეს შესაძლოა მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა და არა ზოგადად, ევროკავშირის გადაწყვეტილება... შესაძლოა, უბრალოდ ჟურნალისტებმა ჰკითხეს და ასეთი პასუხი გასცა. თუმცა, ფაქტია, რომ ეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა აიტაცეს, რათა როგორმე საქართველოს მოსახლეობაში ევოკავშირის მიმართ გარკვეული უნდობლობა შექმნან. ახლა, როდესაც ვიზალიბერალაზაციის საქმემ წინ წაიწია, რუსეთისთვის ეს ძალიან მტკივნეულია და ამას ემსახურება მთელი ეს აჟიოტაჟი.

რუსეთს აშფოთებს ჩვენი ევროპასთან დაახლოება, რადგან ამით მხოლოდ საქართველოს კი არა, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიასაც დაშორდეს... რაც შეეხება, კურცს, დიახ, ის 3 თებერვალს იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა არ ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული წინადადებით იყო ჩამოსული. არც იმის ოფიციალური დადასტურება გვაქვს, დათანხმდება თუ არა, ამგვარ წინადადებას საქართველოს ხელისუფლება... შესაძლოა, გარკვეული საუბრები იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა დეტალები განიხილეს, ამიტომ ჯერ ხელისუფლების პოზიციას უნდა დაველოდოთ.

- სომხეთმა მიიღო რამდენიმე ათასი ლტოლვილი სირიიდან. თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ მიიღო ისინი მოსახლეობამ და რამდენად მოხდა მათი ინტეგრაცია?

- დიახ, ისინი, ძირითადად იქაური სომხები იყვნენ და სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში განათავსეს. ზოგი ინტეგრირდა მოსახლეობაში, ზოგს დღემდე უჭირს. მიუხედავად იმისა, ეს ახლახან მოხდა, ამ მხრივ გარკვეული პრობლემები უკვე გამოიკვეთა.

მათ დახმარებას უწევენ როგორც საერთაშორისო, ასევე სომხური ორგანიზაციები და მათი მდგომარეობა მთლიანობაში, მაინც ნორმალურია, რადგან ეთნიკურად სომხები არიან და სხვა თუ არაფერი, სოლიდარობის გრძნობა მათ მიმართ უფრო დიდია, ვიდრე ეს სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ იქნებოდა.

-  კურცის იდეის ხორცშესხმამ რა საფრთხეები შეიძლება გააჩინოს საქართევლოში?

- საგარეო ფაქტორებს, ტერორიზმის საფრთხეს და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანას ასობით ათასი დევნილი ჰყავს, რომლის მოვლა-პატრონობაც გვიჭირს იმ ეკონომიკურ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. დღეს, უბრალოდ, ფიზიკური ძალა არ შეგვწევს ლტოლვილების ახალი მასის მისაღებად. ეს ხელისუფლებასაც კარგად მოეხსენება...

იხილეთ ასევე: რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიგრანტების შესაძლო მიღებაზე?

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)