"უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში სადაზვერვო-დივერსიულ ხანძარს ვუყურებთ. ფაქტობრივად, საქართველოს ცეცხლი "გაუხსნეს"
"სპეცსამსახურები ხანძრების სერიას გეგმავენ მაშინ, როდესაც ობიექტ სახელმწიფოში სახანძრო უსაფრთხოების სისტემას შეისწავლიან - ანუ, თუ ვემხრობით ვერსიას, რომ დივერსია კონკრეტულ სახელმწიფოში დაიგეგმა, იქ კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხანძრების სერიას მოუმზადებელი შეხვდებოდა"
ბორჯომის ხეობის შემდეგ, საქართველო ახლა აბასთუმანში ებრძვის მასშტაბურ ხანძარს. ტყეში ცეცხლის კერა 29 აგვისტოს გაჩნდა. ადგილზე შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მყისიერად ჩავიდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეებიც მონაწილეობენ.
ხანძრის ჩაქრობას ცდილობს, როგორც ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ასევე ერთი ქართული ვერტმფრენი.
აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრშია, აქედან გამომდინარე, ცეცხლის დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, სრულ კოორდინაციაშია ყველა სახელმწიფო უწყება, ვისაც ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა ხელეწიფება.
"წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ცეცხლის ქრობის პროცესი. ცოცხალი ძალა რჩებოდა ადგილზე. დღეს დილიდან უკვე დამატებითი ძალები იქნა გაგზავნილი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის - გაიჭრა დაახლოებით 4-დან 5 კილომეტრამდე ახალი გზა ტყეში იმისთვის, რომ სპეცტექნიკამ მოახერხოს და ხანძრის კერების ადგილამდე მივიდეს. ასევე მოწყობილი იქნა ხელოვნურად ავზები იმისთვის, რომ ავიაციამ მოახერხოს და აიღოს წყალი. ცოცხალი ძალა, როგორც გითხარით, მობილიზებულია. 1000 კაცამდე უკვე ტყეშია. ჩვენ ველოდებით დამატებით ვერტმფრენებს და ავიაციის ჩართვას - ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს", - განაცხადა შს მინისტრმა.
აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს უკრაინული მხარე დაეხმარება. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინული თვიმთფრინავი ჩაერთვება, რაც, როგორც ირკვევა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სატელეფონო საუბრისას გადაწყდა.
ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორი დავით კუხალაშვილი საქართველოში გახშირევული ხანძრების მიზეზად დივერსიის მცდელობას ყველაზე რეალურად მიიჩნევს:
- ხანძრის სერიებზე რამდენიმე ვერსია მაქვს, თუმცა, ყველაზე რეალურად ცეცხლის კერების მიზანმიმართულად გაჩენა მიმაჩნია. ეს ხელს აძლევს ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში დესტაბილიზაციით. საზოგადოდ, სპეცსამსახურები ხანძრების სერიას გეგმავენ მაშინ, როდესაც ობიექტ სახელმწიფოში სახანძრო უსაფრთხოების სისტემას შეისწავლიან - ანუ, თუ ვემხრობით ვერსიას, რომ დივერსია კონკრეტულ სახელმწიფოში დაიგეგმა, იქ კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხანძრების სერიას მოუმზადებელი შეხვდებოდა.
განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ამ მასშტაბის ხანძრების ლოკალიზებისთვის მზად არ აღმოჩნდა. სხვა შედეგის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რადგან ბოლო 26 წელია საქართველოში სახანძრო უსაფრთხოებას ყურადღებას არავინ აქცევს. არაფერს ვამბობ ტექნიკურ აღჭურვილობაზე - ერთის გარდა, ვერტმფრენი ჩვენ არა გვყავს და სახანძრო მანქანების უმრავლესობაც ძველი და ამორტიზებულია. ამ დროს კი კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც, ფაქტობრივად, საჭირო დროს უფუნქციო და უუნარო აღმოჩნდა, სოლიდურ ხელფასებს ვუხდით.
- გარდა ხანძრის რამდენიმე ლოკაციისა, კიდევ რა გაძლევთ დივერსიის ვერსიის განვითარების საფუძველს?
- თუ მოქმედებების ჯაჭვს დავაკვირდებით, დიდი ალბათობით უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში სწორედ სადაზვერვო-დივერსიულ ხანძარს ვუყურებთ. ფაქტობრივად, საქართველოს ცეცხლი "გაუხსნეს". ხანძარი იყო გაფრთხილება, რომ ვიღაცას მარტივად შეუძლია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენა და მოქალაქეებისთვის განცდის გაჩენა, რომ ხელისუფლება მათ დაცვას ვერ ახერხებს - ასეთი განწყობების მობილიზება კი, როგორც წესი, იმისთვის არის გათვლილი, რომ საჭიროების შემთხვევაში გარე პირმა კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივ რღვევასაც მიაღწიოს - ანუ უკმაყოფილება მასშტაბურ პროტესტში გადაზარდოს და არეულობის პროვოცირება სცადოს!
- ახლა კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებზე მიანიშნებთ თუ ისევ გარე სახელმწიფოს მიზნებზე?
- მე არც ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ. არსებობს მეორე ვერსია - შესაძლებელია, ცოტა ხნის წინათ ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხეებს უკანონოდ ჭრიდნენ და კვალის წასაშლელად ვიღაცამ ხანძრის ინსპირირება სცადა. ხეტყეს კი არა, კვალის დაფარვის მიზნით სასაწყობე მეურნეობებს ანადგურებენ.
კიდევ ერთ ვერსიად დაუდევრობა შეგვიძლია ჩავთვალოთ - ვიღაცამ სიგარეტი გადააგდო ან ტყეში ისადილეს და კოცონის ნარჩენები კარგად არ ჩააქრეს. თუმცა, ეს ორი ვერსია არარეალურად მეჩვენება - ხანძარი ტყის ზედა ნაწილზე გაჩნდა, სადაც ადამიანები სასეირნოდ არ ადიან, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანძრის პირველი კერა უკვე ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა, ანუ ზუსტად იქ, სადაც 2008 წლის კვალი დღესაც თვალსაჩინოა - რუსეთის მიერ გაჩენილი ხანძრის დროს გადამწვარი ხეების ტერიტორიიდან გატანაზე არავის უზრუნია და ფერდობზე გამხმარი ხეები ეყარა. დივერსიის ვერსიას კიდევ ერთი ფაქტორი აძლიერებს - ბორჯომი ტურისტებით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია, ამიტომ ვინც ხანძარი გააჩინა, ისიც გათვალა, რომ ამით ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეაფერხებდა. წარმოიდგინეთ, როდესაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქალაქე ისმენს, რომ ხანძრის ლიკვიდირება ერთი კვირის განმავლობაში ვერ ხერხდება, ესე იგი, ტერიტორია არ არის უსაფრთხო და მას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი უქრება. ესეც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გეგმაზე მიანიშნებს, ანუ დიდი ალბათობით, საქმეში ჩართული იყო ეკონომიკური დაზვერვა, რომლის მიზანი ტურიზმის განვითარებისთვის ხელის შეშლაც იყო.
- ანუ, თუ სხვა სახელმწიფოში, და დიდი ალბათობით, რუსეთს გულისხმობთ, დივერსია მართლაც დაიგეგმა, ფიქრობთ, შედეგებიდან გამომდინარე მიზანი მიღწეულია?
- მიზანი მიღწეულია - გადახედეთ სოციალურ ქსელებს და საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ხელისუფლების მიმართ. ამას ნეგატიური ეკონომიკური შედეგი ექნება, ბორჯომში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება (იხილეთ სრულად).
იხილეთ ფოტოგალერეა
რუსა შელია