კონსული: „ისრაელში 70 გულშემატკივარი უპრობლემოდ შემოვიდა“ - კვირის პალიტრა

კონსული: „ისრაელში 70 გულშემატკივარი უპრობლემოდ შემოვიდა“

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, მიხეილ აბაიშვილის ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა ჯგუფი ისრაელში არ შეუშვეს.

"გუშინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი დააკავეს. 6-საათიანი დაკავების შემდეგ 31 პირიდან საპასპორტო კონტროლის გავლა მხოლოდ 20-მა შეძლო, 11 კი დეპორტაციისთვის იზოლატორში გადაიყვანეს", - აცხადებს აბაიშვილი.

ისრაელში საქართველოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი თელ ავივის აეროპორტიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა დეპორტაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც ჯიშკარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ქართველები მხოლოდ გასაუბრების მიზნით შეაყოვნეს.

მისი განცხადებით, გუშინ, 70 გულშემატკივარი ისრაელში უპრობლემოდ შევიდა.

"გუშინ, 70 გულშემატკივარი უპრობლემოდ შემოვიდა. გააჩერეს, გაიარეს პროცედურები და ჩვეულებრივად შემოვიდნენ ქვეყანაში. შეაფერხეს იმ კუთხით, რომ თითოეულ მათგანთან გაიარეს გასაუბრება, მაგრამ ნორმალური ხალხი იყო, არავისთან პრობლემა არ ჰქონიათ და გაატარეს", - განაცხადა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.

რაც შეეხება კალათბურთელ დუდა სანაძის ძმას, კონსულის თქმით, ის დღეს ჩადის ისრაელში და გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი დეპორტაცია მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

იხილეთ ასევე: "თელ-ავივის აეროპორტში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა ჯგუფი დააკავეს"

"ინტერპრესნიუსი"