“სასამართლოში ჩაბუდებული კლანი კიდევ უფრო გაძლიერდა და ამაში ლომის წილი წულუკიანს უძევს“
“დღეს სასამართლო "კოზა ნოსტრას" პრინციპით იმართება და ვინც უნდა მოვიდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ამ კლანს უკვე ვეღარ დაამარცხებს”
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ სასამართლოებში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის მთავარი მიზეზი სისტემაში გაძლიერებული კლანები არიან, რომლებთან დაპირისპირებაშიც მმართველი გუნდი ან დამარცხდა, ან სახელისუფლებო ვერტიკალმაც მათ გაძლიერებას ხელი მაქსიმალურად შეუწყო:
ლია მუხაშავრია:
… ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში წლების წინ ჩაბუდებული კლანი კიდევ უფრო გაძლიერდა და ამაში ლომის წილი თეა წულუკიანს უძევს. ის იმდენად გათავხედდა, რომ არც მალავს საკუთარ დამოკიდებულებას როგორც მურუსიძის, ისე ჩინჩალაძის მიმართ, არადა, სწორედ ეს ორი ადამიანი ითვლება სასამართლოში გაძლიერებული კლანის "მამებად". ან რა უნდა გაგვიკვირდეს იმ იუსტიციის მინისტრისგან, რომელმაც ირაკლი შოთაძეს გაყალბებული საქმის სასამართლოში გაგზავნისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა?! ფაქტია, არც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სჭირდება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, მართლმსაჯულება კი ისეთი სტრუქტურაა, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, მხოლოდ მედია და უფლებადამცველები მის გაჯანსაღებას ვერ მოვახერხებთ.
სამწუხაროა, რომ წულუკიანის მისწრაფებები კლანის მამების - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა. რეალურად, დღეს სასამართლო "კოზა ნოსტრას" პრინციპით იმართება და ვინც უნდა მოვიდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ამ კლანს უკვე ვეღარ დაამარცხებს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაშია შესაძლებელი…
მოდი, შევაჯამოთ, რაში სჭირდება ხელისუფლებას სასამართლოში კლანი - მურუსიძე-ჩინჩალაძემ სააკაშვილის რეჟიმის მეთაურების დანაშაულები ოსტატურად ჩაფარცხეს და შეეცადნენ ნაცარი წაეყარათ იმ უბედურებისთვის, რასაც წინა ხელისუფლება წლების განმავლობაში სჩადიოდა. რა თქმა უნდა, ასეთი მოსამართლეთა კორპუსი მმართველ ძალასაც მათი დანაშაულების ჩასაფარცხად სჭირდება, შესაბამისად, რადგან საჭიროება გაჩნდა, კლანებმაც ჩათვალეს, რომ მათ საცეცების გაფართოების შანსი მიეცათ - შანსი კი წარმატებით გამოიყენეს კიდეც.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა იმდენად საგანგაშო სიგნალია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, სისტემის გასაჯანსაღებლად მათი ზეწოლა ხელისუფლებაზე მალე გაიზრდება და რაც მთავარია, საჯაროდ. თავმჯდომარის შესარჩევად დაწყებული კონსულტაციები კი აუცილებელია მორიგი ლუსტრაციისთვის - რა მიზნები ამოძრავებს ხელისუფლებას სასამართლოებთან დაკავშირებით.
თუ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნა პარლამენტში გაჭიანურდება, საერთაშორისო პარტნიორებს უკვე მწვავე კითხვები გაუჩნდებათ მმართველ გუნდთან - წლების განმავლობაში რატომ იხარჯებოდა საქართველოში გადმორიცხული აშშ-ისა და ევროკავშირის კოლოსალური ფინანსები, თუ სასამართლო სისტემა უფრო მძიმე ნიშნულამდე მივიდოდა, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო?
ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთი კარგად ხვდება, რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის სასამართლო ხელისუფლების კრიზისი სახელმწიფოს. ასე რომ, თუ ხელისუფლებაში ვინმეს ჰგონია, რომ სასამართლო სისტემაში ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანური დაჯგუფება მარტივად გაუვათ, ახლავე შემიძლია გარანტირებულად ვუთხრა - მწარედ ცდებით და შესაძლოა, ძალიან მალე სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული დანაშაულებრივი მოქმედებები გახდეს თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების ერთ-ერთი ფაქტორი.
იხილეთ ვრცლად: "ლია მუხაშავრია: დღეს სასამართლო "კოზა ნოსტრას" პრინციპით იმართება"