კობიაშვილი, სერგეენკო, მდინარაძე და სხვები - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის?
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "ქართული ოცნება" მომავალ კვირას გეგმავს 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების წარდგენას და არ არის გამორიცხული პრეზენტაცია ორშაბათს - 20 ივლისს გამართონ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოლქების უმეტესობაში უკვე შეთანხმებულია კანდიდატები, თუმცა მისივე თქმით, - 2016 წლის საპარალამენტო არჩევნების წინ კანდიდატების ნაწილი წარდგენის წინა ღამეს შეიცვალა და ახლაც არ არის გამორიცხული მსგავსი რამ მოხდესო.
შესაბამისად, გთავაზობთ "ქართული ოცნების" ჯერ მაინც სამუშაო სიის ნაწილს:
მოგეხსენებათ, თბილისში 8 საარჩევნო ოლქია, ჩვენი ინფორაციით, უკვე გადაწყვეტილია და ისანში "ქართული ოცნების" სახელით კვლავინდებურად ირაკლი აბუსერიძე, გლდანში კი - ლევან კობიაშვილი იყრიან კენჭს; თბილისშივე განიხილება დავით სერგეენკოსა და კობა კობალაძის კანდიდატურებიც, თუმცა რომელ ოლქებში ჩვენთვის არ არის ცნობილი, თანაც არ არის გამორიცხული კობა კობალაძის კანდიდატურაზე მმართველ პარტიას უარის თქმა მოუწიოს, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მისი შვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვემო ქართლში - 3 ოლქი ჩამოყალიბდა, მათგან ერთში გაერთიანებულია რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები და ამ კონკრეტულ ოლქში პარტია სამ კანდიდატურას განიხილავდა, ესენი არიან: შოთა რეხვიაშვილი, ლექსო დალაქიშვილი, იოსებ გოგაშვილი. ჩვენი წყარო ამბობს, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
მეორე ოლქში შედის მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები და აქ მმართველი ძალა მარნეულის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მერის ზაურ დარგალის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს. მესამე ოლქში კი შედის - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები და აქ "ქართული ოცნების" სახელით - გოგი მეშველიანი იბრძოლებს.
რაც შეეხება სამეგრელოს, აქაც სამი ოლქია ჩამოყალიბებული, მათგან ოლქში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი შედის, დიდი ალბათობით, ალექსანდრე მოწერილია იყრის კენჭს, ხოლო მეორე ოლქში, რომლიც - ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს - მამუკა მდინარაძე.