"ქართულ ოცნებას" ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი? მით უფრო, რომ მას აშკარად არ სურს ჩარევა"
გასულ კვირას გამოქვეყნდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მორიგი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 33% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 16% - "ნაციონალურ მოძრაობა-გაერთიანებულ ოპოზიციას". მესამე ადგილზეა "ევროპული საქართველო" 5%-ით. 3-3% უჭერს მხარს "ახალ საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსს". "ლეიბორისტულ პარტიას", "სამოქალაქო მოძრაობას", "ლელოს" და "გირჩს" 2-2% ემხრობა. აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში და მისი შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო მმართველი პარტია დარჩა. ისინი აცხადებენ, რომ არ ენდობიან იმ ორგანიზაციას, ვისაც IRI კვლევას უკვეთს.
ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა "კვირის პალიტრა" სოციოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.
- სამწუხაროდ, როცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ არ ენდობიან IRI-ს თუ NDI -ს კვლევებს, აქვთ კიდეც ამას საფუძველი - ამ კვლევების შედეგები მუდმივად აჩენს ეჭვებს, თუმცა გარკვეული ტენდენციების შესაფასებლად, ვფიქრობ, გამოდგება. გეტყვით, მე რა მაეჭვებს ამ ბოლო კვლევის შედეგებში. როგორც ვიცით, კვლევა ჩატარდა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით, წესით, ხელისუფლების მოქმედებებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად აფასებდა, რაც ამ კვლევით გამოჩნდა კიდეც - მოგეხსენებათ, მასში ნაწილი პანდემიას ეთმობა და გამოკითხულთა 79% პანდემიაზე მთავრობის რეაგირებას დადებითად აფასებს, თუმცა, ამავდროულად, ვნახეთ, რომ "ქართულ ოცნებას", რომლის დაკომპლექტებულიც არის მთავრობა, აქვს ყველა სხვა პარტიაზე მეტი, მაგრამ მაინც დაბალი მხარდაჭერა - დაახლოებით 33%. ჩემი აზრით, ეს რიცხვები ერთმანეთს ლოგიკურად არ ებმის, ამიტომაც ვფიქრობ, რიცხვებზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან მაინც მგონია, რომ მათში პოლიტიკური ინტერესი იკითხება.
რაც შეეხება ტენდენციებს, მით უფრო პოლიტიკური ინტერესის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მმართველი პარტიის მონაცემები მაინც ნორმალურია, მით უფრო, როცა კვლევა ჩატარდა, წინასაარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, დაწყებულიც არ იყო. ის დისტანცია, რაც ე.წ. ჩამკეტამდე აქვს მმართველ პარტიას, უფრო ადვილად გადასალახავია, ვიდრე ამავე კვლევის თანახმად ოპოზიციური პარტიების იგივე დისტანცია, ასე რომ, ტენდენციის თვალსაზრისით მივიღეთ იგივე სურათი, რაც ბოლოდროინდელ გამოკვლევებში ყოველთვის ჩანს - წამყვანი ადგილი უჭირავს "ქართულ ოცნებას", 10-17%-ის შუალედით მას მოჰყვება "ნაციონალური მოძრაობა", მერე კი მოდიან სხვა პარტიები ერთნიშნა მაჩვენებლებით.
- IRI-ს კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. რეიტინგის მიხედვით შემდეგი ამირან გამყრელიძეა 74%-ით, მესამე კი - პრემიერი გიორგი გახარია 63%-იანი მხარდაჭერით. ალბათ, ის იქნება სიის პირველი ნომერიც. სახელდება კიდევ რამდენიმე გვარ-სახელი, ვისი საშუალებითაც "ქართული ოცნება" "ოცნების" საპარლამენტო გუნდის გადახალისებას აპირებს. როგორ ფიქრობთ, გახარია, როგორც გამწევი ძალა, იკმარებს წარმატებისთვის, თუ ბიძინა ივანიშვილს უფრო აქტიურად მოუწევს პოლიტიკურ პროცესში ჩართვა?
- მოდი, ჯერ ოფიციალურად გამოცხადდეს სია და მერე შევაფასოთ ახალი კანდიდატებიც და ძველიც. რაც შეეხება დანარჩენს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი კომფორტული მდგომარეობა, როგორიც ახლა აქვს, "ქართულ ოცნებას", მგონი, აქამდე არც ჰქონია.
ისე ჩანს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ძლიერი ფიგურების დეფიციტი აშკარად არა აქვს, რაც ადრე ნამდვილად შესამჩნევი იყო. მმართველი ძალის რიგებში აქამდე არ ჩანდა გახარიას მსგავსი ფიგურა, რომელიც ლოკომოტივის ფუნქციას იტვირთებდა - ადრე ამგვარი მხოლოდ ივანიშვილი იყო. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამაც დაგვანახა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათ შერჩევაზე დიდი ძალისხმევა დახარჯა.
დიდი რეზონანსი გამოიწვია კახი კახიშვილისა და დავით სერგეენკოს გამოჩენამ ამ ასპარეზზე. საზოგადოებისთვის ასეთი ულაპარაკოდ მისაღები კანდიდატები, რომლებიც პარტიულობაზე მაღლა დგანან, ვფიქრობ, დიდი ფუფუნებაა. ადრე მმართველი ძალის რიგებში არც ასეთი ფიგურები ჩანდნენ. გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" აქვს ადმინისტრაციული და დიდი ფინანსური რესურსი, ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი? მით უფრო, რომ მას აშკარად არ სურს ჩარევა. რამდენი ხანია, არაფერზე ჰქონია რეაქცია... ვფიქრობ, ამ ეტაპზე მან სწორი სტრატეგია აირჩია - როცა არ არის საჭირო, ვფიქრობ, რესურსების ზედმეტი ექსპლუატაცია დაუშვებელიც კია. ალბათ, სიაში ბევრი რამ იქნება საკამათო, როგორც ყველა სიაში. ვნახოთ...