"ანკარა და ბაქო საქართველოში გარკვეული "კარტის გათამაშებას" ცდილობენ" - რას წერენ სომხური გამოცემები ბაჩალიაშვილის დედის სკანდალურ განცხადებაზე? - კვირის პალიტრა

"ანკარა და ბაქო საქართველოში გარკვეული "კარტის გათამაშებას" ცდილობენ" - რას წერენ სომხური გამოცემები ბაჩალიაშვილის დედის სკანდალურ განცხადებაზე?

სომხური მასმედია ყურადღებას უთმობს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას: როგორც ოფიციალურ განცხადებებს, ასევე ადვოკატების, ექსპერტების და ნათესავების განცხადებებს, სხვადასხვა ეჭვებს. სომხური პრესის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ქართულ მედიაში გაჟღერებულმა თამარ ბაჩალიაშვილის დედის ვარაუდებმა მთიან ყარაბაღში იარაღის გაგზავნის თაობაზე, მისმა მოწოდებამ თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი...

"დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა 4 დღის განმავლობაში თამუნას მანქანა იქ, სადაც იდგა. მეორე - ამ სატელიტური სურათების საფუძველზე მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და დასახელდეს მკვლელი, თუ - მკვლელები. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ მათ. პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე, აქამდე ვერ გაშიფრეს ეს რაღაც ციფრი - 15. აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ ფაილები, რომლებიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტადაც ამიტომ, იარაღის შესაძენად გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან. იარაღს, მოგეხსენებათ, დიდი თანხა სჭირდება და სუს-იც ზუსტად ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

სომხური გამოცემა "ლრაგირი" ("Լրագիր"), აქვეყნებს სტატიას სათაურით "თურქეთის სპეცსამსახურების პირველი მსხვერპლი საქართველოში: რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ" (ავტორი - ნაირა აირუმიანი, პოლიტიკური მიმომხილველი).

"თურქული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურები დროდადრო ისეთ პროვოკაციებს ახორციელებენ, რაც საქართველოს და მთლიანად რეგიონს საფრთხეს უქმნის", - წერს ავტორი.

"ნიშანდობლივია, რომ თამარის დედა ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხებში მოუწოდებს დაინტერესდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი და არა სომხეთი. ნუთუ მას უთხრეს, რომ იარაღის მიწოდება სომხეთის მხარისთვის ხდებოდა და აზერბაიჯანი არაფერ შუაშია? ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ეს აქცია საქართველოში თურქული სპეცსამსახურების მორიგი ოპერაციაა, რომელიც სომხეთ-საქართველოს ღერძის შექმნის წინააღმდეგაა მიმართული.

აზერბაიჯანული და თურქული სპეცსამსახურები საქართველოში საქმიანობენ და ქვეყნის ხელისუფლებას მათ მიმართ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. გავიხსენოთ, როგორ გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი... გავიხსენოთ, დავით გარეჯის მონასტრის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ივლისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, აზერბაიჯანელებმა თბილისში სომხეთის საელჩოს წინ ანტისომხური საპროტესტო აქცია ჩაატარეს... შესაძლოა თურქული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების აგრესიულობა იმასთანაა დაკავშირებული, რომ საქართველომ გადაწყვიტა ბოლომდე გამოიძიოს ბათუმში დაკავებული 9 შეიარაღებული თურქი მოქალაქის საქმე? დაღუპული გოგონას მშობლები კი, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ, რომ რაიმე პოლიტიკურ თამაშებში არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი", - აღნიშნულია პუბლიკაციაში. (წყარო) ----------------

თამარ ბაჩალიაშვილის დედის - თეონა თამაზაშვილის განცხადებას კიდევ ერთი სომხური გამოცემა "ჟამი" ("Ժամ") ეხმაურება, რომელიც აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "საქართველოში შეიძლება სომხეთისთვის უკიდურესად სახიფათო სკანდალი მოხდეს" (ავტორი - არტაგ აკოფიანი).

"თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი გოგონა იმ მნიშვნელოვან საიდუმლოს შეეწირა, რომელიც მან გაიგო: თითქოსდა რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდებით არის დაკავებული. კურიოზი იმაშია, რომ მშობლების განცხადებით, "გოგონას რამდენიმე მილიონი დოლარი მისცეს, რომ მას არაფერი ეთქვა და დუმილი შეენარჩუნებინა". აშკარაა, რომ მშობლების ეს ვერსია ზღაპრების ჟანრიდანაა, რადგან მხოლოდ დუმილის შესანარჩუნებლად რამდენიმე მილიონ დოლარს არავინ არავის არ მისცემს.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, არის იმის დიდი ალბათობა, რომ [ოპოზიციური] პოლიტიკური ძალები ამ საკითხით ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ სპეკულირებას დაიწყებენ. ტყუილად ხომ არ მიმართა გოგონას დედამ აზერბაიჯანს და თურქეთს აქტიურად ჩაერიონ ამ საქმის ვითომდა გახსნაში... ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული არჩევნებისთვის არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური ძალები ემზადებიან, არამედ ბაქოც და ანკარაც... და თუ იმასაც არ დავივიწყებთ, რომ საქართველოში არჩევნების წინ შეიძლება ექსპრეზიდენტიც დაბრუნდეს, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ორიოდე თვის შემდეგ საქართველოს მდგომარეობა ბელარუსის მდგომარეობას დაემსგავსება. ამ ამბავმა კი სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს სომხეთზეც იმდენად, რამდენადაც ანკარა და ბაქო საქართველოში გარკვეული "კარტის გათამაშებას" ცდილობენ", - ნათქვამია პუბლიკაციაში. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ბიჭი გულნატკენია, რომ თამუნამ მის თავს კარიერა ამჯობინა" - რას წერს ჩვენებაში ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებული, თემურ ჭანუყვაძე

მოამზადა სიმონ კილაძემ