"კაცი სადავო ტერიტორიაზე ამბობს, აზერბაიჯანისააო! რა უბედურების წინაშე ვდგავართ, ვერ აცნობიერებს ქართველი ხალხი?"
"მიკვირს იმ ადამიანების, ვინც იჯდა სტუდიაში და ხმა არ ამოუღიათ! შეუძლებელია, ადამიანს ქართველი ერქვას და ასეთ რამეს არ აპროტესტებდეს! არადა, ეს ხალხი გვეუბნება, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და დაკარგულ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს დავიბრუნებთო. რისი დამბრუნებლები არიან, როცა ჯერ კიდევ სადავო ტერიტორიას გვაკარგვინებენ?!"
არქიმანდრიტი კირიონი წლებია, იბრძვის დავითგარეჯის დასაცავად. ამ ხმაურიან საქმეში მოწმის სტატუსით დაკითხული მოძღვრის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. 24 წელზე მეტია, დავითგარეჯის მონასტერში მსახურობს და ვინ იცის, რამდენჯერ აქვს ფეხით შემოვლილი მთელი ტერიტორია. სწორედ ის იყო პირველი, ვინც ხმამაღლა ილაპარაკა ამ პრობლემაზე... მამა კირიონს ახლანდელი მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.
- მამა კირიონ, ციხიდან გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა, თქვენ რას იტყვით?
- ამაზე კომენტარს მარტო მე არ უნდა ვაკეთებდე. უპირველესად თქვენ, ჟურნალისტები, როგორც რიგითი ქართველები, უნდა პასუხობდეთ მას, როცა ქვეყნის ტერიტორიებზე გეუბნებიან, თქვენი არ არისო. გეგონება, ჟურნალისტები ამ სახელმწიფოს მოქალაქეები არ ხართ!
ინდოეთში მოხდა ასეთი ფაქტი - რამდენიმე მამაკაცმა ქალი გააუპატიურა, მერე ის ქალი გარდაიცვალა და მთელ ინდოეთში ერთი ადვოკატი არ მოიძებნა, რომელიც დამნაშავეებს დაიცავდა, ისეთი უზნეო და ამორალური იყო მათი საქციელი. ასეთივე დამოკიდებულება რატომ არ ჩანს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ? ყველა რატომ არ არის აღშფოთებული, როცა ვიღაც ეუბნება, 1740 მეტრი ტერიტორია, რომელიც გადის თხემზე, სადაც მოქცეულია მონასტრები უდაბნო და ჩიჩხიტური და ამ დრომდე შეუთანხმებელია, ჩვენი არ არისო?! კაცი სადავო ტერიტორიაზე ამბობს, აზერბაიჯანისააო! რა უბედურების წინაშე ვდგავართ, ვერ აცნობიერებს ქართველი ხალხი?
ეს კატასტროფაა და გვაჩვენებს, რომ თუ მსოფლიოში წესრიგი ოდნავ მაინც მოირღვევა, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არსებობას შევწყვეტთ.
- ივერი მელაშვილმა თქვენზეც ილაპარაკა. თქვა, რომ თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. ისიც დავინახეთ, საზოგადოების ნაწილი როგორი ოვაციებით შეხვდა ციხიდან მის გათავისუფლებას... - მას ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე. მთელი ჟურნალისტთა კორპუსი მეუბნებოდა ამ ხნის მანძილზე, მამა კირიონ, ამ კაცს რაც არ უქნია, იმას რატომ აბრალებთ, ივერი მელაშვილს არსად უთქვამს, ეს მონასტრები საქართველოსი არ არის, ეს ხომ ცილისწამებააო. ამას მეუბნებოდნენ "ფორმულაში", "ტვ პირველში"... ვპასუხობდი, ამ კაცის ქმედებების მიზნობრიობას ამ შედეგამდე მივყავდით-მეთქი, ციხიდან გამოსული მელაშვილის განცხადება კი ჩემთვის იყო განგების, ღვთის წყალობა - ციხიდან გამოსულმა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ და გმირად შერაცხეს, საოცარი რამ გააკეთა. 13 წელი ეს მე ვერ ვქენი - ვერ ვათქმევინე სიმართლე, ვერც გამოძიებამ ათქმევინა, მან კი პირდაპირ ეთერში თქვა, ეს ტერიტორიები ჩვენი არ არის და რას ვედავებითო. წარმოგიდგენიათ?! ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელი და სადავოა და ჩვენი არ არისო თქვა ადამიანმა, რომელიც 25 წელი ამ პროცესის მმართველი იყო, მისი უპირველესი მოვალეობა გახლდათ, დიპლომატიურ მაგიდასთან ქვეყნის ინტერესები დაეცვა. მას თავისი ქვეყნისთვის უნდა წამოეღო რაც შეიძლება მეტი ტერიტორია და ამის ნაცვლად ტერიტორიაზე, რომელიც იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით ჩვენია, გვეუბნება, ჩვენი არ არისო! მან უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება...
- თქვენი აზრით, პროკურატურამ ბრალდებულებს რატომ შეუცვალა პატიმრობა გირაოთი? ამის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხომ არ ხედავთ?
- მათი ციხიდან გამოშვება არ არის ტრაგედია. მე, როგორც ბერი, სამართლებრივ ნიუანსებს არ ჩავუღრმავდები და პროკურატურას ვერ მივუთითებ, რა იურიდიული პროცედურები ჩაატაროს, თუმცა ეს საწყენია. აქ ლაპარაკია სახელმწიფოსთვის უმთავრეს საკითხზე, უდიდეს დანაშაულზე, რასაც ტერიტორიების დაკარგვა ჰქვია. ვფიქრობ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწორი იყო გამოძიების დაწყება მაღალი სტანდარტით, ახლა კი გადავდივართ დაბალ სტანდარტზე და ეს საზოგადოებისთვის გაუგებარია. თუ ამ საქმის ან პარტიული სისუსტის ან პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მაღალი სტანდარტით აწევა არ შეეძლოთ, მაშინ ჯობდა, დაბალი სტანდარტით დაეწყოთ და ეთქვათ მათთვის, თქვენ ბრალდებულები ხართ ამ დანაშაულში, მაგრამ გიშვებთ გირაოთი, ისხედით სახლში, გამოძიება გაგრძელდება და თქვენი დანაშაული სასამართლომ გაარკვიოსო. ეს საზოგადოებისთვის ბევრად გასაგები და მისაღები იქნებოდა, ვიდრე ის, რაც ახლა გაითამაშეს.
მელაშვილი და ილიჩოვა გამოუშვეს იმისთვის, რომ ელისაშვილს, იოსელიანს და "გირჩს" პარლამენტში შესასვლელი გზა გაუხსნან და იმათ თქვან, მოლაპარაკებით მივაღწიეთ პოლიტპატიმრების გამოშვებასო. საუბედუროდ, ამ ხალხს პოლიტპატიმრები დაარქვეს, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ოპოზიცია ხომ დასცინის ელისაშვილს, ახლა პარლამენტში შემსვლელებს მელაშვილმაც დასცინა, როცა თქვა, მირჩევნია, უკან შევბრუნდე ციხეშიო... ჩვენი სახელმწიფოს უბედურებაა, რომ ასეთი ოპოზიციური სპექტრი გყავს და ასეთი სუსტი კაცების ხელისუფლება, რომელსაც სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, პიროვნული ძალა არ გააჩნია, რომ ამ მდაბალ გზაზე არ გაიაროს. ყველას არ ვგულისხმობ - არიან ღირსეული ადამიანებიც, მაგრამ...
- 1:200 000 რუკაზე მელაშვილი ამბობს, ხარვეზიანია და მისი გამოყენება არ შეიძლებოდაო, პროკურატურა და სხვა კარტოგრაფები კი საპირისპიროს ამტკიცებენ, თქვენ რას იტყვით? - ეს არის სრული სიცრუე. უცოდინარობას გამოვრიცხავ - ეს შეგნებული ავანტიურაა. 1:200 000 მასშტაბის რუკა უზუსტესია საბჭოთა კავშირის დროს გამოცემულ რუკებს შორის. ეს არის რუკა, რომელიც 1938 წლისთვის იყო მთავარი საყრდენი - მორიგე, სამხედრო ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ 1938 წლის საზღვრების გავლების დროს გამოიყენა. ეს საზღვრები სამმხრივად არის აღიარებული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ. რუკაზე, რომელიც უმთავრესი დოკუმენტია, მელაშვილი ამბობს, არაზუსტია და მისი გამოყენება არ შეუძლიათო. ეს ადამიანი არის ტიპური ყორღანაშვილი.
- აზერბაიჯანი სათავისოდ გამოიყენებს მელაშვილის განცხადებებს? - მელაშვილი არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირი, უკვე გათავისუფლებულია სამსახურიდან, კერძო პირის აზრი კი სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებაზე გავლენას ვერ მოახდენს. აზერბაიჯანს ამაზე დაყრდნობა არ შეუძლია, მაგრამ სირცხვილია, რომ კომისიაში მთავარ მოქმედ პირად გვყავდა ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, გარეჯის თხემი, რომელზეც განლაგებულია მონასტრები უდაბნო და ჩიჩხიტური, აზერბაიჯანის ტერიტორიააო, საქვეყნოდ აღიარებულ რუკაზე კი ამბობს, არ ვარგაო.
1936 წლის 5 დეკემბერს მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, რომლის აქტით გაუქმდა ამიერკავკასიის სსრ-ის ფედერაციული რესპუბლიკა და მისი სუბიექტები - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - დამოუკიდებელ რესპუბლიკებად შევედით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ამან გამოიწვია საჭიროება რესპუბლიკათაშორის საზღვრების დადგენისა და 15-თვიანი მუშაობის შედეგად, 1938 წლის 5-7 მარტს, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოვაწერეთ რესპუბლიკათაშორის გამყოფ საზღვრებს. ამ შეთანხმებით, გარეჯის ზონაში საზღვარი უდაბნოს მთის ძირში, ყარაიაზის ველის 450-600 მერტის სიღრმეში გაივლო.
სწორედ ამ შეთანხმებას 1996 წლის 13 ივნისს დაეყრდნო შევარდნაძე-ალიევის მიერ შექმნილი სახელმწიფოთაშორისი კომისიები, სადაც პირდაპირ და მკაფიოდ წერია, რომ სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლებას საფუძვლად უნდა დაედოს 1938 წელს შეთანხმებული საზღვრის მდგომარეობა. სწორედ ამას ვამბობდი, რომ ამ ადამიანმა ყარაიაზის ველიდან საზღვარი ამოიტანა უდაბნოს თხემზე, მოიყვანა მონასტერ ჩიჩხიტურთან 100 მეტრში, მონასტერ უდაბნოსთან, აღდგომის ტაძართან 50 მეტრში და მათ შორის დარჩენილი შუა ადგილი, მთის თხემზე, 1740 მეტრი სიგრძIის მონაკვეთი 878 მეტრ სიმაღლეზე შეუთანხმებელი დატოვა. სად წავიდოდა ეს საზღვარი?! ბუნებრივია, ორივე მონასტერი აზერბაიჯანის მხარეს მოექცეოდა. მიკვირს იმ ადამიანების, ვინც იჯდა იმ გადაცემის დროს სტუდიაში და ხმა არ ამოუღიათ! შეუძლებელია, ადამიანს ქართველი ერქვას და ასეთ რამეს არ აპროტესტებდეს! არადა, ეს ხალხი გვეუბნება, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და დაკარგულ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს დავიბრუნებთო. რისი დამბრუნებლები არიან, როცა ჯერ კიდევ სადავო ტერიტორიას გვაკარგვინებენ?!
- როგორ ფიქრობთ, ბრალდებულების განაჩენი გამამტყუნებელი იქნება? - სახელისუფლებო გუნდმა სისუსტე გამოიჩინა. "ქართული ოცნება" ნერვიულობს, რომ პარლამენტი ერთპარტიულია, საერთაშორისო საზოგადოების თვალში კი ეს კარგი არ არის, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერ არა მგონია, ხელისუფლებამ მელაშვილის დანაშაული ქართველი ერის წინაშე პოლიტიკური მანიპულაციების გამო მიჩქმალოს და საკადრისი განაჩენი არ გამოუტანოს.
- ოთხი თვეა, მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ დღემდე არ არის დადგენილი, ვის დავალებას ასრულებდნენ მელაშვილი და ილიჩოვა. თქვენ ბევრს მუშაობდით ამ საკითხზე. ხომ არ გვეტყვით, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება ამ საქმეში? - მელაშვილი და ილიჩოვა არიან შემსრულებლები, მათ უკან კი დგანან ნამდვილი მოქმედი პირები. შეუძლებელია, ექსპერტთა ჯგუფმა მარტომ, ზემდგომის გარეშე მიიღოს ასეთი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება. უდავოა, რომ ამაში "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული. რატომ არ არიან ისინი პასუხისგებაში მიცემული, პროკურატურას უნდა ჰკითხოთ.
- ელოდებით, რომ ისინი დაისჯებიან? - მე პროკურატურაში დიდხანს - 8 საათი ვიყავი დაკითხვაზე და შევხვდი რამდენიმე პროკურორს. ყველა ამბობდა, რომ მათ პრაქტიკაში ეს არის უმძიმესი საქმე, რადგან ლაპარაკია სამშობლოს ღალატზე. ვნახე ადამიანები, რომლებიც გაოგნებული იყვნენ საქმის მასალებით. ამბობდნენ, რა დანაშაულს არ შევსწრებივართ, მაგრამ ადამიანმა ქვეყნის საზიანოდ შეგნებულად ასეთი რამ ჩაიდინოს, ჯერ არ გვინახავსო. მელაშვილის უკან დგანან დიდი დამნაშავეები და პროკურატურამ ისინი უნდა გამოააშკარაოს, თუმცა ეს არ არის ადვილი. როცა ადამიანები ასეთ უმძიმეს დანაშაულს სჩადიან, ისე იკვრებიან ერთ მუშტად, რომ საქმის გამოძიება რთულდება. ამას ადასტურებს მელაშვილის განცხადებებიც. "ტვ პირველის" ეთერში ის ხალხიც იჯდა, ვინც მაშინ იყო ხელისუფლებაში და, ცხადია, არ უნდათ აღიარება, რომ საქართველოს ისტორიულ, იურიდიულად და კარტოგრაფიულად კუთვნილ ტერიტორიებს ასხვისებდნენ.
ამიტომაც არიან ახლა ასეთ გაწამაწიაში. სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან ძალიან ფაქიზი თემაა და ასეთ დროს ყველას პასუხისმგებლობით მოქცევა გვმართებს - არ შეიძლება ასე ტროცკისტულ-ბოლშევიკური მეთოდით ადამიანების დასახელება - თუმცა კონკრეტული ეჭვები მეც მაქვს. წინა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები როგორც მოსისხლე მტერს, ისე მიყურებდნენ იმის გამო, რომ ვამბობდი, ეს ტერიტორია კარტოგრაფიულად და ისტორიულად საქართველოსია-მეთქი. ჩემს მეგობრებსაც კი, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში მუშაობდნენ, პანიკურად ეშინოდათ ამ თემის წამოწევის. ვცდილობდი, მათთვის მეთხოვა დახმარება, მაგრამ ჩემს სატელეფონო ზარსაც არ პასუხობდნენ და შუამავლების პირით მითვლიდნენ, მამა კირიონმა თავი დაგვანებოს, რა უნდა, სამსახურიდან მოგვხსნან და დაგვიჭირონო?! ვსვამ კითხვას: მელაშვილს და ილიჩოვას შესწევდათ იმდენი ძალა, რომ მაშინდელ მაღალი თანამდებობის პირებს მათი შეშინებოდათ? ხომ ცხადია, რომ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ამ საქმეში, მათ წინააღმდეგ მოქმედება კი როგორ ისჯებოდა, ყველას კარგად გვახსოვს.